ნატოს დათვური სამსახური "რუსული დათვის“ გასახარად.. - კვირის პალიტრა

ნატოს დათვური სამსახური "რუსული დათვის“ გასახარად..

ეს მომენტი ადრე თუ გვიან დადგებოდა. 13-წლიანი შეუსრულებელი დაპირებების შემდეგ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას - ან გააგრძელოს აღმოსავლეთით გაფართოება თავის რიგებში უკრაინისა და საქართველოს მიღებით, ან დაემორჩილოს კრემლის მუქარას და მთელი მსოფლიოს დასანახავად უკან დაიხიოს...

იდიომი - "დათვური სამსახური გაუწია" კრილოვის იგავ-არაკიდან გაჩნდა და განიმარტება, როგორც თავისი დახმარებით სიკეთის მოტანის ნაცვლად ზიანის მიყენება... გვინდა თუ არა, სწორედ დათვურ სამსახურად შეიძლება შეფასდეს 2008 წლის აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული დაპირება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ ალიანსის სრულუფლებიანი წევრები და მათთვის ნატოს კარი ღია იყო. ეს დაპირება 13 წლის შემდეგაც აუსრულებელია და სწორედ ის გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ რუსეთმა ჯერ - საქართველოზე, შემდეგ კი უკრაინაზე გაილაშქრა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია შეძლო.

ბუქარესტის დანაპირების ფონზე საქართველოსა და უკრაინის მიმართ კრემლის სამხედრო აგრესია, ფაქტობრივად, დაუსჯელი დარჩა.

ნატო მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებას დასჯერდა, რამაც რუსეთის ხელმძღვანელობას გააბედვინა, დასავლეთისთვის მოეთხოვა, ნატომ ოფიციალურად უკან გაიწვიოს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრების დაპირებაო.

ამით კრემლმა, ფაქტობრივად, დააჩქარა გაყინული პროცესი, რადგან ნატო დიდი არჩევნის წინაშე დააყენა - ნატო ან 13-წლიანი არაერთი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ბედავს და რეალურად იწყებს საქართველო-უკრაინის თავის რიგებში გაწევრების პროცესს, ან მთელი მსოფლიოს თვალწინ თავის სისუსტეს აღიარებს და განამტკიცებს მოსაზრებას, რომ თურმე უცხო ქვეყანას შესძლებია გადაწყვიტოს, ვინ გახდება ან არ გახდება ალიანსის წევრი.

გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ოფიციალურად შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, რაც ძალზე დროული და მნიშვნელოვანი გახლდათ, მაგრამ შეიცვლება კი რამე რადიკალურად? ალბათ, ნატოს ხელმძღვანელობა უკან არ წაიღებს ბუქარესტის სამიტის დაპირებას და მთელ მსოფლიოს ისევ დაარწმუნებს, რომ მესამე ქვეყანას არ მიეცემა უფლება, განსაზღვროს, ვინ უნდა მიიღოს თავის რიგებში, თუმცა, არც ალიანსში საქართველო-უკრაინის გაწევრების პროცესის მნიშვნელოვნად დაჩქარების დიდი იმედი ჩანს და არა იმიტომ, რომ საქართველო და უკრაინა მართლაც სრულად ვერ აკამაყოფილებენ დემოკრატიისა თუ სასამართლო რეფორმების დასავლურ სტანდარტებს (ნატოს თავის რიგებში ჩვენზე ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებიც მიუღია), არამედ იმიტომ, რომ თავად ნატო არ არის მზად არც პოლიტიკურად, არც - ეკონომიკურად და, არც სამხედრო თვალსაზრისით, თავის თავზე აიღოს ამ ორი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, თუკი რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განაახლა.არადა, როდესაც კრემლის მთავარი ბინადარი გაიგებს, ნატო საქართველო-უკრაინას მართლაც იღებს თავის რიგებშიო, დიდი მარჩიელობა არ უნდა, რომ შიდა ქართლსა და სამეგრელოში "ჩვენებურ" სეპარატისტებს შემოგვისევს, დონბასში კი იქაურ პრორუსულ შეიარაღებულ ძალებს გაააქტიურებს უკრაინელების წინააღმდეგ, სეპარატისტების უკან კი ისევ რუსული არმია იმოქმედებს, როგორც მოხდა აფხაზეთის ომის დროს და როგორც დღეს ხდება დონბასში.