"დიდგორების“ ოჯახს "ჯავშანმზვერავიც“ შეემატება... - კვირის პალიტრა

"დიდგორების“ ოჯახს "ჯავშანმზვერავიც“ შეემატება...

"ქვეითების, მეკავშირეების, არტილერისტების, მედიკოსების შემდეგ თავისი ჯავშნიანი „დიდგორი“ ქართველ სამხედრო მზვერავებსაც გამოუჩნდათ..."

წელს ათი წელი შესრულდა, რაც "დიდგორის" ტიპის პირველი ჯავშანმანქანები იხილა ჩვენმა საზოგადოებამ. ამ პერიოდში დამზადდა საცდელი და მცირე სერიით წარმოებული რამდენიმე ტიპის "დიდგორი", მათ შორის - ჯავშანტრანსპორტიორი, მობილური ნაღმსატყორცნი, სამედიცინო-საევაკუაციო და კავშირგაბმულობის ჯავშანმანქანები. და, აი, "დიდგორის" "დაბადების" ათი წლის შემდეგ ქართველ სამხედრო მზვერავებსაც გამოუჩნდათ თავიანთი "ჯავშანმზვერავი", რომლის პრეზენტაცია "დელტამ" გამართა.

ახალი "დიდგორის" "ფეისი" და კორპუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინამორბედებისგან, მიუხედავად იმისა, რომ საბაზისოდ ისევ "ფორდის" მძლავრი პიკაპის შასია გამოყენებული. 330 ცხენის ძალის ძრავით აღჭურვილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან იცავს და შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი. მანქანა მოასფალტებულ გზაზე 110 კილომეტრს ავითარებს. მას შეუძლია ტექნიკურად 60-სანტიმეტრიანი თხრილის, 40 სმ სიმაღლის ვერტიკალური საფეხურისა და მოუმზადებლად 80 სმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა. პროექტის მიხედვით, ახალ ჯავშანმანქანაზე შესაძლებელია სხვადასხვა სადაზვერვო აღჭურვილობისა და დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის დამონტაჟება.

samx2-1639925532.jpg
ჩვენთვის ასე ნაცნობ "კობრაზე" თურქებმა დაზვერვის მიზნით დააყენეს რადიოლოკატორი, ტელეკამერა და თბოვიზორი, რომლებიც ტელესკოპურად გაშლადი ანძით მაღლა იწევა და რამდენიმე ათეულ კილომეტრზე ადრეულად შეუძლია მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონის აღმოჩენა

"ჯავშანმზვერავის" მთავარი განსხვავება სწორედ ის სპეციალური რადიოპტიკური მოწყობილობები უნდა გახდეს, რომელთა საშუალებით მანქანის ეკიპაჟს ფარულად და დისტანციურად შეეძლება სადაზვერვო ინფორმაციის ოპერატიულად მოპოვება და რეალურ დროში მისი დაშიფრული სახით შტაბში გადაცემა.

ამისთვის ნატოს წევრი ქვეყნები აქტიურად იყენებენ ჯავშანმანქანებში დამონტაჟებულ თანამედროვე რადიოელექტრონულ ხელსაწყოებს, რომლებიც რამდენიმე მეტრ სიმაღლეზე სპეციალური ტელესკოპური ანძით აიწევა, რათა უკეთ დაზვერონ კონკრეტული მიმართულება.

თანამედროვე რთული რადიოელექტონული სადაზვერვო აპარატურის საქართველოში დამზადებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანების აწყობა მართლაც შეგვიძლია და "დელტას" მასში საზღვარგარეთ ნაყიდი სპეცაპარატურის დამონტაჟებაც, წესით, არ უნდა გაუჭირდეს, მით უმეტეს, რომ არსებობს ინტეგრირებული ქსელების ჯავშანმანქანებში თანამედროვე და ძვირად ღირებული კავშირგაბმულობის სისტემების დამონტაჟების გამოცდილება. ეს სპეციფიკური "დიდგორები" უშუალოდ სამხედრო ნაწილებიდან დაამყარებენ საიმედოდ დახურულ რადიოკავშირს.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის დაპირებით, ქართული არმია მომავალ წელს მიიღებს რვა "ჯავშანმზვერავს", რომლებიც პირველ ეტაპზე, ალბათ, მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებს სამი ქვეითი, ერთი მექანიზებული ბრიგადისა და სპეციალური ოპერაციების ძალების მზვერავთა ოპერატიულ მოთხოვნებს. ახსნა არ სჭირდება, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერატიულად მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციას და შტაბის ანალიტიკოსებისთვის მის სწრაფად გადაცემას. აგვისტოს ომში წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ მთავარი შტაბი ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას და ზუსტად არ იცოდა, რომელი მიმართულებებიდან ან რომელი გზებით მოიწევდნენ წინ რუსეთის არმიის საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების დანაყოფები, რადგან შემოწმებული და სანდო სადაზვერვო ინფორმაცია არ ჰქონდა.