"შემომხედე“ - ადამიანები, რომლებიც უნდა შეამჩნიო
"კვირის პალიტრის" მკითხველი კარგად იცნობს გიორგი კეკელიძის პროექტს "სოფლები და ადამიანები". ცოტა ხნის წინ ბატონმა გიორგიმ დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე - "დიდი ადამიანები". დღეს ჩვენს რუბრიკაში სწორედ ამ პროექტსა და მის გმირებზე გვინდა მოგიყვეთ.
- "დიდი ადამიანები" ჩემი და ნათელა გრიგალაშვილის ერთობლივი წამოწყებაა, ნათელა პროფესიონალი ფოტოგრაფია, ჩემი აზრით, დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო. ის მსოფლიოს ცნობილ გამოცემებთან თანამშრომლობს. პროექტის პირველი გაჩერება არის გურია, თუმცა სხვა კუთხეებსაც მალე მივაშურებთ, უპირველესად კი - აჭარას.
როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ჩვენი ისტორია, დიდწილად, არის ომებისა და მეფეების ისტორია და ხალხი ნაკლებად ჩანს. ჩვენ სწორედ ხალხის დანახვება გვინდა.
- ყველა გმირის საუბარი იწყება სიტყვით "შემომხედე".
- კი, ეს სპეციალურად შერჩეული სიტყვაა, რომელიც გულისხმობს, რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა შევამჩნიოთ. ისინი თითქოს მოგვიწოდებენ, რომ შევხედოთ, დავინახოთ, დავაფასოთ...
- მეჩვენება, რომ ეს პროექტი თქვენთვის არ არის მხოლოდ სამუშაო, ის დიდ სიამოვნებას განიჭებთ და თითქოს საზრდოცაა...
- აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს არის ჩემი მთავარი საქმე ბიბლიოთეკის მერე. ჩემს შემოქმედებითობას სწორედ ამ ადამიანებთან ურთიერთობისას ვაღვიძებ, საბოლოოდ კი ტექსტები იძერწება, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ეს ადამიანები ძალიან ჰგვანან მათ, ვისზეც ვწერდი "გურულ დღიურებში", მათ შორის - ჩემს წინაპრებსაც. ეს მსგავსება თითქოს წარსულში, ბავშვობაში მაბრუნებს და მე ყველა მათგანში ჩემს ბებიასა და ბაბუას ვხედავ.მინდა მოვახერხო და საახალწლოდ ჩემს პერსონაჟებს შევხვდე, რომ მათი მეკვლე ვიყო. თან მათ ცხოვრებას დავაკვირდე, თან დავიბედოთ ის შემოქმედებითი მომავალი, რომელსაც ვგეგმავ - მინდა მათზე მინიფილმები გადავიღოთ.
"რკინას რომ ხელი გადუუწიო, თვითონ რკინა უნდა იყო"
შემომხედე! - ას წელს გამოვჭედავ მალე. სულ აქ ვდგავარ. ომი რომ გამოცხადდა, იგი - დიდი და სამამულო - იმგენმა სროლა დეიწყეს და მე - ჭედვა. პაწა ვიყავი. ძაან პაწა. ახლა, ხომ გითხარი, საუკუნეს მოვკუჭავ ხელში.
მე მგონია, რომ სოფელი და სამჭედლო ერთი და იგივეა. ახალი დროი ამას ვერ შეცვლის. თოხი სულ ენდომება მიწის კაცს და ბარი. სოფელს რომ გუუძლო, რომ მეიშინაურო და შენი გახადო, საცხა თოხი უნდა გეგულებოდეს და ფოცხი. მთლა ასე ფიქრით და კოტრიალით ვერ შეძლებ მაგას, შემოგიღრენს სოფელი, შეშინდები და გამეიქცევი. ცოტაა გაქცეული აქიდან?
საბერველი რომ ქშენას იწყებს, მთლად რომ წუნკალ ხასიათზე ვიყო, ძალა მომეცემა და ჯარში რომ მუსიკას ფეხს უწყობენ, მასე ვუწყობ ხელს. ვღიღნებ და ვურახუნებ ასთე.
რკინას რომ ხელი გადუუწიო, თვითონ რკინა უნდა იყო. კაცი კიდომ რკინა ვერ იქნება. ამას საიდუმლოს ცოდნა ჭირდება. ახლა ასე ღიად და სახალხოდ ვერ გეტყვით ამ საიდუმლოს და თუ ვინმე მოხვალთ და შეგირდად მომებარებით, აქანე ვარ და არ დაგზარდებით.
დურსუნ აფხაძე. მჭედელი. შუხუთი
"გული არ ხუცდება!”
შემომხედე! - გული არ ხუცდება! და რეიზა არ ხუცდება თუ იცი? ნამეტარი პატარა დროა ბაღნობიდან სიბერემდე. უნდა იცეკვო და იცეკვო. ბაღნობა იყო ხმელა პური და კარაქი. ომის კუდში ვცხოვრობდით. ბაღნობა იყო ცხენი, ხარი. მერე იყო პაპიროსის თესვა. თამბაქოსი და ცეკვა.
ადრე ხომ ვცეკობდი? ახლა ცოტა მუხლი აღარ მიჭრის, მარა უფრო ვცეკობ. იცი, რაფერ? სიბერე არის ახალგაზრდობის გულში გამეორება. უკუღმა რეპეტიციასავით გამოდის რაცხა.
სიცოცხლე არის... რას შევადარო ახლა? სიცოცხლეა, რა. კარგად თუ ხარ, კაია, თუ გაჭირვებული ხარ, აფერი არაა. სულ აგია სიცოცხლე.
სიცოცხლე ხომ აფერი არაა და სიკვდილი კიდო უფრო აფერი არაა. კტები და ქრები, მეტი აფერი. მარა, მეიცა... არ მინდა მთლად მასე იყოს. სიკვდილი, მოი, უფრო უკეთესი იყოს. სიკვდილი იყოს ასე, რომე კტები და ცეკვავ. ცეკვავ და ცეკვავ.
მარა ჯერე სიკვდილამდე რა დროისაა! ხორუმი ხომ გახსოვს? მაქანე რომ ხელს მიიდობ შუბლზე და გახედავ შორს, შორს - მასეა სიკვდილი. დილით გამოვალ, ხელს მივიდობ მასე და დასავლეთისკენ ვიყურები. შორს კი არა, სულ არ ჩანს. და არც გამოჩნდება კაი ხანი.
ვალიკო ირემაძე. მოცეკვავე. ნასაკირალი
"ეხ, ტანჯია ცხოვრება, ტანჯი"
- შემომხედე! კი, შემომხედე, მარა მე არსათ გამოსაჩენი არ ვარ, შვილო. ადრე კი ვიყაი კაი შეხედული, მარა ახლა... ნათქვამია, ვისაც ახალგაზდობაში არ ვუნახივარ, იმას ჩემს თავს სიბერეში ნუ ანახვებო. ეხ, ტანჯია ცხოვრება, ტანჯი.
ჩემი ბაღნობა იყო კაი. ძაან კაი. დან-ძმანი შვიდნი ვიყაით. ბაღნობა წევიდა მერე და წევიდა შრომა. ანასეულში, ლაბორანტათ ვმუშაობდი ინსტიტუტში. ამასობაში ჩემი მომავალი ქმარი ჩამოვიდა ჯარიდან და მასეთ მოხთა, რომე ჩემმა დეიდაშვილმა გამაცნო. უცბათა შეგვიყვარდა ერთმანეთი. მასაც მევეწონე, მეც არ მითქვია თლა უარი და წევიდა ჩვენი ბაღნური ცხოვრება. რა ვიცი. ღარიბები ვიყაით და დღე-ღამეს ვასწორებდით. მივყეით, მივყეით ორივე ცოლ-ქმარმა, აი, სახლი ავაშენეთ. მერე წახთა დრო და... ორი შვილი მყავდა. ერთი ქი მყავს ახლა. ერთი გარდიცვალა. ჩემი შვილი აფხაზეთის ომში იყო. იქიდან კარგად ვერ ჩამევიდა. მაგის მერე სულ ავათ... ავათ... და გარდიცვალა. მანამდაც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. 52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი. სიცოცხლე არაფელი არაა. არაფელი. ტანჯი. სიკვტილი ჯობია ჩემთვის. ახლა რომ ცოცხალი არ ვიყო, ნაღდად ჯობია. სიკვტილის მერე რა არის, არ ვიცი. არ ვიცი. შევხთები იქით შვილს? ქეც მჯერავს და არც მჯერავს. დავფიქრდები ხანდისხან მაგაზე. სიზმრით არა, არ მესიზმრება. არ მესიზმრება არაფლით. და ძალიან გულს მაკლია მაგაზე. რეიზა არ მესიზმრება, არ ვიცი.
ვიოლეტა სიხარულიძე-გორგოშიძე. მშრომელი ქალი დიდი დარდით. ლიხაური
"სიყვარული რაფერ უნდა დაბერდეს?“
- შემოგვხედე! გლახას კი აფერს დეინახავ. დეინახავ სიყვარულს! მარა იმხელა სიყვარულია, რომე დურბინდი ხომ იცი, დურბინდი? მაი ხომ ადიდებს და შენ დამპატარავებელი დაგჭირდება, კარგად რომ გაარჩიო.
სიყვარულს დეინახავ და მერე - სიმღერას და ცეკვას. ერთმანეთი რომ გევიცანით, ვიცანით. ვიფიქრეთ, ერთი ფუთი მარილი გვაქვენ ნაჭამი გეგონება და არადა, პირველად დევინახეთ ამ მეგრელმა ქალმა და გურულმა კაცმა მაშინ. კაი შეხედულები კი ვიყავით და არც ახლა დეგვეწუნება რამე. რას იტყვი? ა-ჰა-ჰა, იმდენი რა გითხარი შენ! გვიკეთებ ხომ გულს? ხოდა, ერთმა რომ დუვუარე აჭარული, მეორეს ტანში ჟრუანტელმა დუუარა და ერთი რომ მღერის, მეორე ტანს კი არა, გულს ვაყოლებ.
სიყვარული არ ბერდებაო და რაფერ უნდა დაბერდეს? მაგას პროთეზი არ ჭირდება, მუხლის წამალი და სათვალე. ყავარჯენი კი უნდა ხანდახან, მარა ერთმანეთის ყავარჯენი უნდა იყო და აღარ იკოჭლებს.
დილას რომ წვიმს, წვეთების ხმა რომ ერთნაირად გვესმის, სა რომელმა მოაწკაპუნა, მაგია სიყვარული. დიდხნიანი სიყვარული.
ცოტა რომ დააგვიანებს რომელიმე და ჭიშკარზე გედევეყუდებით და უცებ თვალს აღარ გაკლია, გზის ბოლოსაც კი ხედავ, მაგია სიყვარული.
შემოგვხედე. შემოგვხედე და ისწავლე.
ნელი ციმინტია და გურამ გოლიაძე. მომღერალი და მოცეკვავე. მაკვანეთი.
"გამარჯობა თქვენი!"
- შემომხედე! ხვალე სპექტაკლი მაქვს და ვემზადები. აგერ, ბალკონზე მივაყუდებ სარკეს, ჩავხედავ და ვამბობ: შემომხედე! მე კოწია ფოსტალიონი ვარ. ვინმემ რომ მომაყუროს, გიჟი ვეგონები, მარა ვინ მომაყურებს - მარტო დგას აი სახლი და რომც მომაყუროს, ქი მიცნობს. მსახიობი კაცი, ხომ იცით, რა კაცია? მაგას სიგიჟის არ ეშინია. ცოტა გიჟი თუ არ იქნები, გადარეულს რაფერ ითამაშებ? ცოტა ჭკვიანიც უნდა იყო. მაი უფრო ძნელია, მაგრამ სხვანაირად არც მაი გამოვა. სიკვდილი რომ სიკვდილია, სიკვდილიც უბრალოა მსახიობი კაცისთვის - სცენაზე სიკვდილი უკვე იცი და რაც იცი და გამოგიცდია, იმის მერე რაღაის გეშინია.
ხოდა, კიდო: ასობით როლი მისწავლია და ახლა მთავარს ვსწავლობ - ბედნიერებას. მარა აი სხვანაირი სასწავლია. ზეპირობა არ შველის.
ძაღლს რომ დეინახავ და მორიდებულად გაგიღიმებს, რამხელა ბედნიერი ხარ, თუ იცი? მე მგონია, რომ სანამ ოთხმოცდაათს არ გადასცდები, მანამდე თლად კარგად ვერ ხვდები და რომ გადაცდები, მერეც უნდა ისწავლო და შეამჩნიო. ძაღლის ღიმილის შემჩნევას რომ მოახერხებ, მიხვდები, რომ სიბერე აფერი არაა. არც ახალგაზრდობა არაა აფერი - ერთი უანშლაგო სპექტაკლია, რომელსაც ტაში შენ თვითონ თუ არ დაუკარი, ანუ შენი თავი არ გააბედნიერე, სხვანაირად არ გამოვა. ტაშის დასაკრავად კიდო ძაღლის ღიმილიც უნდა გეყოს.
გაბრიელ მდინარაძე. მსახიობი. ფამფალეთი.
"ადამიანი ზღვაა - ხან პირქუშია, ხან იღიმის...“
- შემომხედე! განა სევდა არ მაქვს? უკან რომ ზღვა მოჩანს. ეგ ზღვა უნდა გამოცადო ყოველდღე და მიხვდები, რომ ადამიანი ზღვაა - ხან პირქუშია, ხან ღელავს, ხან იღიმის. ხო, იღიმის! რა გაგიკვირდა? მოღიმარი ზღვა რაფერი ცინცხალი ტყუილიაო, მეტყვი. დაჯექი, დღეებს თვალი გაუშტერე და შეამჩნევ, როგორ შემოგაცურებს ღიმილს. ხანდახან ზღვა ხმამაღლა იცინის, მაგრამ ეგ რომ მოისმინო, შუაღამისას უნდა გახვიდე და ფეხაკრეფით მიეპარო, თორემ სხვანაირად შეგამჩნევს და დადუმდება.
ხოდა, მე გადავწყვიტე, ზღვა ვიყო, ოღონდ ხალხს მაშინ დავენახო, როცა ვიღიმი. ამიტომაც სულ მხიარული ვგონივარ. და სხვა რამეც ვისწავლე - როცა დარდი მაქვს, ვხატავ, კედლებს მოზაიკებით ვამღერებ და ვაფერადებ. დახატული დარდი თურმე ნათელი და მხიარული გამოდის. თუ არ გჯერა, ჩამოდი და ნახე.
ჰოდა, კიდევ - ბედნიერებას ფრთები უნდა. ფრთები კიდევ რა არის? ცოტა ქარი, თავი მაღლა - მზისკენ და უკან - ზღვის ღიმილი.
ლალი თავართქილაძე. მხატვარი. მოზაიკოსი. ურეკი