რატომ "ფრიალებდა“ მოსკოვში საქართველოს დროშა
"დაუჯერებელია, რომ ასეთ მაღალ დონეზე დაგეგმილი შეხვედრის პროტოკოლში რაღაც შეცდომა გაპარულიყო, ამიტომ ჩნდება კითხვა - რატომ ფრიალებდა მოსკოვში საქართველოს დროშა? ეს იყო კრემლის მორიგი თავხედობა, რომ საქართველოს თავის უკანა ეზოდ მიიჩნევს. ამით გვითხრა, გინდათ თუ არა, თქვენი ადგილი აქ არის, ჩემთან, საქართველოს ბედს ჩვენ ვწყვეტთ და არა ვიღაცები ევროპაში ან ამერიკაშიო..."
"გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი", - ასეთია მოსკოვის ახალი გზავნილი. რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე იმუქრება, რომ ნატოს გაფართოებას მძიმე შედეგები მოჰყვება. კრემლის მუქარის გამკაცრებას თან ერთვის დაძაბული ვითარება უკრაინის საზღვართან - უკრაინაზე მორიგი თავდასხმის საფრთხე სულ უფრო იზრდება. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის თქმით, საფრთხის წინაშეა საქართველოც...
- ამ საკითხზე განცხადებები გააკეთა ნატოსა და ამერიკის ხელმძღვანელობამ. რუსეთი მიუღებელ მოთხოვნებს უყენებს დასავლეთს, აშშ-სა და ნატოს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს მათი დამცირებაა. დამპირდი, რომ ამ ქვეყნებს ნატოში არ მიიღებო, სხვა თუ არაფერი, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ევროპაში არსებულ შეთანხმებებს, მათ შორის ეუთოს, ჰელსინკის 1975 წელს დადებულ აქტს, რომელიც დღესაც აქტუალურია. ამ დოკუმენტის ხელმომწერია რუსეთიც, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. მასში აღნიშნულია, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყანას უფლება აქვს თავისი უსაფრთხოება უზრუნველყოს არჩეული ალიანსის მეშვეობით - ანუ სხვა ქვეყანასთან გააფორმოს სამოკავშირეო ხელშეკრულება. ისევე როგორც რუსეთს აქვს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და ამერიკასაც არა აქვს უფლება რუსეთს უთხრას, ნუ მიიღებ რომელიმე ქვეყანასო. ასეთი მოთხოვნა ორგანიზაციისა და მისი წევრების დამცირებაა. თუმცა გააჩნია მიზეზსაც. შეიძლება უარის თქმა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კატასტროფა ხდება, მაგალითად, საქართველო ტერორისტული ქვეყანა გახდა და ნატოს ფასეულობებს აღარ ეთანხმება. იმ მიზეზით, რომ მესამე ქვეყანა ამბობს, შენი გადაწყვეტილებით დისკომფორტი შემექმნებაო, ეს შანტაჟია. რუსეთი ყველა გზით ცდილობს უკრაინაში აგრესიისთვის ხელ-ფეხი გაეხსნას. იგივე სურს საქართველოშიც და ის, რომ ჩვენს ქვეყანასთან არა აქვს იმ რაოდენობის ჯარი განლაგებული, არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს. არც სჭირდება ჩვენს დასაპყრობად იმხელა ჯარის მობილიზება. როგორც კრემლში აცხადებენ, თავად უკრაინას ჰყავს 90-ათასიანი ჯარი მობილიზებული საზღვრების დასაცავად, თან ძლიერი არმია ჰყავს. შესაბამისად, რუსეთს ორჯერ მეტი ჯარი სჭირდება, რათა უკრაინას ერთბაშად მიაყენოს ეფექტური დარტყმა. საქართველოსთან კი მსგავსი მობილიზება არ სჭირდება - ის კონტინგენტი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოშია განთავსებული, თავისუფლად შეასრულებს იმ სამხედრო ოპერაციას, რომელიც საქართველოში ვითარების ასარევად დასჭირდება. ამგვარ ვითარებაში არ არის გამორიცხული, რუსეთმა ჩვენი პორტები დაიკავოს, შემოიყვანოს სამხედრო გემები და საქართველოს აკვატორიის ბლოკირება მოახდინოს. შესაძლოა ბათუმს არ შეეხოს, რათა თურქეთთან არ დაეძაბოს ურთიერთობა, ან იფიქროს, რომ თუ ამის გაკეთებას დააპირებს, თურქეთი დაასწრებს სამხედრო ნაწილების განთავსებას. არც ის ვიცით, რა გეგმით იმოქმედებს ის დაჯგუფება, რომელიც ცხინვალსა და ახალგორშია. შესაძლოა მათ საქართველოს ოკუპაცია ვერ მოახდინონ, რადგან მთლიანობაში, ალბათ, 10 ათასამდე სამხედროზეა საუბარი, მაგრამ არ არის გამორიცხული, სამხედრო პლაცდარმი შექმნან შემდგომ რუსეთის სამხრეთის ოკრუგის ნაწილების საქართველოში შემოჭრისთვის. არც ისე დიდი ხნის წინ არავის ეგონა, თუ უკრაინაში თავისი ინტერესების დაცვას ასე დაიწყებდა. ნატოზე მისი განცხადებებიდან ჩანს, რომ საქართველოს წინააღმდეგაც ძალიან დიდი სახიფათო თამაშები აქვს წამოწყებული. შესაძლოა ახლა დასავლეთს უკრაინაზე განზრახ გადაატანინა აქცენტი და საქართველოში შემოიჭრას.
- ანუ პუტინი ნატოს ეუბნება, რომ თავისი გავლენის სფეროების შენარჩუნება ნებისმიერი გზით შეუძლია?
- ასე პირდაპირ არა, მაგრამ ეუბნება, რომ ჩემი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ნატოს ინფრასტრუქტურა მოსაზღვრე ქვეყნებში არ გავრცელდესო. უკვე არის გავრცელებული, ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთს ესაზღვრება, მაგრამ ნატოს შემდგომ გაძლიერებას არ დავუშვებ, ეს ჩემს უსაფრთხოებას აზიანებს და ლეგიტიმური უფლება მაქვს დავიცვაო. კონკრეტულად გავლენის ტერიტორიებს არ ახსენებს და სწორედ ამით აპელირებს მზაკვრულად. ასეთი არგუმენტი აქვს, ნატოს ინფრასტრუქტურა, სამხედრო დანადგარები ჩემს საზღვარზე არ უნდა იდგესო.
საინტერესოა, რა შეუძლია პატარა საქართველოს და არცთუ პატარა უკრაინას ამ ვითარებაში. დავიწყოთ საქართველოთი. ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც დასავლურ სამყაროში საქართველოს პრესტიჟსა და რენომეს ასწევს. არა მარტო დასავლეთის ქვეყნების მთავრობები, მოსახლეობაც უნდა ხედავდეს, რომ საქართველო მათსავით დემოკრატიული სახელმწიფოა და მისი დაცვის სურვილი უნდა გაუჩნდეს. ვიღაცის დაცვა კი ყოველთვის მსხვერპლთან არის დაკავშირებული - ეკონომიკურად ან ფიზიკურად დაზარალდებიან. ამიტომ, თუ მისი დაცვის სურვილი არა აქვთ, არ გააკეთებენ, მით უფრო ევროპა და ევროპელი საზოგადოება. ფრანგებს ან გერმანელებს რატომ უნდა მოუნდეთ ჩვენი დაცვა, თუ ვერ დაინახავენ, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ევროპულ ფასეულობებს ვიზიარებთ, ვცდილობთ ევროპაში ინტეგრაციას. ნატოს წინაშე საქართველოს ნამდვილად აქვს დამსახურება, ავღანეთში დიდი ხნის განმავლობაში გვყავდა სამხედრო კონტინგენტი, ასევე ერაყში. ევროკავშირის მისიებში ვგზავნით სამხედრო კონტინგენტს, ცენტრალურ აფრიკაში, მალიში, ახლაც გვყავს მცირე რაოდენობით. ამერიკელები აფასებენ პატარა საქართველოს მსხვერპლს - ავღანეთში 30-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაეცა. თუმცა სხვა მიმართულებებიც უნდა განვავითაროთ, მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც დემოკრატიასა და ფასეულობების პატივისცემაზეა დაფუძნებული. თორემ პოლიტიკურად სტაბილური შესაძლოა ბელარუსიც კი იყო, მაგრამ ამას ავტორიტარული გზით მიაღწია.
უკრაინას სხვანაირი ვითარება აქვს, მისი დაცვა ნატოს წევრი ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, პოლონეთიც და ბალტიისპირეთიც ალყაში ეყოლება. უკრაინა გეოსტრატეგიული პლაცდარმია და ამ კონტექსტშია ნატოსთვის მნიშვნელოვანი.
- მაგრამ საქართველო დასავლეთისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონშია საყრდენი
- დიახ, ამ რთულ რეგიონში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროატლანტიკური სივრცისკენ მიისწრაფვის, თუმცა არსებობს მეორე მხარეც - რეგიონის პატარა ქვეყნის გამო რამდენად უღირს ნატოსა და დასავლეთს რუსეთთან კონფლიქტი? თუ მას ექნება მიზეზი იმის სათქმელად, რომ საქართველო მაინც კორუმპირებული, ავტორიტარული ქვეყანაა, სადაც საზოგადოება ისეთი პოლარიზებულია, რომ ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, მუდმივი რყევების ფონზე ეკონომიკური სიდუხჭირე ღრმავდება, შეიძლება თქვან, რა ვქნათ, არ სურთ განვითარება და იყვნენ ჩვენ გარეშე, რუსეთმა აჭამოს და დაალაგოს კიდეცო.
- 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ 3+3-ის ფორმატის შეხვედრაზე საქართველოს დროშაც იყო წარმოდგენილი, ეს მაშინ, როდესაც საქართველომ არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ აპირებს. რაზე მიგვანიშნა რუსეთმა?
- დაუჯერებელია, რომ ასეთ მაღალ დონეზე დაგეგმილი შეხვედრის პროტოკოლში რაღაც შეცდომა გაპარულიყო, ამიტომ ჩნდება კითხვა - რატომ ფრიალებდა მოსკოვში საქართველოს დროშა? ეს იყო კრემლის მორიგი თავხედობა, რომ საქართველოს თავის უკანა ეზოდ მიიჩნევს. ამით გვითხრა, გინდათ თუ არა, თქვენი ადგილი აქ არის, ჩემთან. გინდათ თუ არა, იქნებით ამ ფორმატში და მორჩა! საქართველოს ბედს ჩვენ ვწყვეტთ და არა ვიღაცები ევროპაში ან ამერიკაშიო. ეს არის გზავნილი, თორემ რამ შეაყვარათ საქართველოს დროშა ასე?!
- გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული შეხვედრა, რომელსაც მხარეებს შორის დაძაბულობა უნდა მოეხსნა, ქვეყნის საგარეო იმიჯს წაადგება?
- ეს შერიგება მთლად სანდო ფორმით არ იყო წარმოჩენილი, ხელოვნურობა იგრძნობოდა, თუმცა, თუ ეს პროცესი დაიძვრება, რაღაც იმედს შეიძლება ჩავეჭიდოთ. ოღონდ დიდი მოლოდინი არა მაქვს, რადგან ახლახან ძალიან ცუდი გამოცდილება მივიღეთ - მიშელის შეთანხმება დავარღვიეთ. ამიტომ არც ახლა არსებობს გარანტია, რომ მართლა შერიგდებიან. ამას უნდობლად უყურებს საზოგადოებაც და ეს იკითხება კიდეც სოცქსელებში - ბევრმა დამცინავი პოსტი მიუძღვნა, თან სულ ცოტა ხნის წინ ოპოზიცია გამკილავად საუბრობდა პრეზიდენტზე. თუმცა უნდა ვცადოთ, დიალოგს ალტერნატივა არა აქვს... იმ ცნობილი შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ თითქოს უცხოელ პარტნიორებს ჩვენს შიდა პროცესებში ჩარევის სურვილი შეუმცირდათ. ეს მოსალოდნელიც იყო - შეთანხმება ჯერ იზეიმეს და შემდეგ დაარღვიეს, მომდევნო არჩევნებზე პოლარიზაცია გაიზარდა. ამას დაემატა მთავრობის წევრების უპატივცემულობა ევროკავშირის მიმართ თუნდაც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკის გამო... ოპოზიციაც სცოდავს. თავშეკავებული, სამართლიანი, ობიექტური ოპოზიცია რომ გვყავდეს, მოსახლეობასთან კომუნიკაციის სწორი გზები ჰქონდეს, სათანადო ნდობას იმსახურებდეს და მუდმივად რადიკალიზაციის მოსურნე არ იყოს, ასეთი ვითარება არ გვექნებოდა. შერიგებისკენ მოგვიწოდებენ და 21 დეკემბერს დიდი აქციის გამართვას აპირებენ. რით ვერ გაიგო სააკაშვილმა, რომ მისი გათავისუფლება აქციებით შეუძლებელია. გასაგებია, რომ 21 დეკემბერს დაბადების დღე აქვს, მაგრამ სტალინის დაბადების დღეზე არ შეკრებილა იმდენი ხალხი, რომ გადატრიალება მომხდარიყო...
- იმ დღეს იუბილარია ნიკა მელიაც...
- რა უცნაური დამთხვევაა - ყველა ქართველი ამბიციური პოლიტიკოსი ერთ დღეს დაბადებულა. ეს ხუმრობით, ისე კი ოპოზიციაში სულ რომ რადიკალები, ექსტრემისტები იყვნენ, გარე აქტორები პასუხს ყოველთვის ხელისუფლებას მოსთხოვენ, იმიტომ, რომ რადიკალებს თავისუფლად მოქმედებისთვის მწვანე შუქი მისცა...