"თვალყურს ვადევნებდი ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირებას... მივხვდი, რაღაც უნდა გამეკეთებინა და ასეთი გამოსავალი ვიპოვე..."
"ჯერჯერობით აქ ვრჩები, დავივლი სხვადასხვა ადგილს, შევხვდები ხალხს, ვიდეოებს გადავიღებ და მოვყვები ადამიანებზე, ვისაუბრებ განწყობებზე შიშისა და სირცხვილის გარეშე, იმიტომ, რომ მე სიმართლეს ვამბობ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს"
26 წლის აფხაზი ტიკტოკერი დაურ ბუავა ქართველ მეგობრებთან ერთად ინტერნეტსივრცეს იპყრობს. ახალგაზრდა აფხაზების მესიჯს, "ქართველებსა და აფხაზებს ომი კი არა, მშვიდობა გვინდა", უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის აფხაზეთიდან. საქართველოს ისტორიას ახსოვს ისეთი მოაზროვნენი, როგორიც იყო თუნდაც არზაყან ემუხვარი, პროქართული ორიენტაციის ლიდერი. "გავერთიანდეთ არა ჩრდილოეთ კავკასიასთან, არამედ, საქართველოსთან", - ამ იდეას ემსახურებოდა მეოცე საუკუნის პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების აფხაზი წევრი... საუკუნის შემდეგ ახლა ორ ხალხს შორის სრულიად სხვა ურთიერთობაა, მაგრამ იმედია, თანამედროვე ქართველ და აფხაზ საზოგადოებას ეყოფა კეთილგონიერება, რომ ერთმანეთისკენ სავალ გზას დაადგეს. და მაინც, გვირაბის ბოლოს თუნდაც მკრთალი სინათლის გამოჩენა იმედისმომცემია, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ ვერავის წარმოედგინა, რომ აფხაზეთიდან გადმოვიდოდა ახალგაზრდა, რომელიც ორი ხალხის შერიგებაზე ისაუბრებდა.
დაურ ბუავა ორი თვეა საქართველოში ქართველ მეგობრებთან ერთად მოგზაურობს. როგორ დაიწყო ყველაფერი და რა შეიძლება გაკეთდეს ჩაკეტილი წრის გასარღვევად, ამის შესახებ დაურ ბუავა და მისი ერთ-ერთი ქართველი მასპინძელი შმაგი სამხარაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრნენ.
დაურ ბუავა: - დიდი დრო გავიდა, 30 წელი ცოტა არ არის და რაც მეტად გავუცხოვდებით, მით ძნელი იქნება საერთო ენის გამონახვა. მე 1994 წელს, კონფლიქტის მერე დავიბადე აფხაზეთში, მაგრამ ძირითადად რუსეთში ვიზრდებოდი, განათლებაც იქ მივიღე, მაგრამ აფხაზეთში ბებიასთან ხშირად ჩავდიოდი. ომი არ მინახავს, მაგრამ სხვების ნაამბობი მესმოდა. აფხაზეთში ქართველების მიმართ ზოგს ნორმალური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ რადიკალურად განწყობილებიც არიან, ამბობენ, ქართველებს ვძულვართო... თუმცა თქვენთან არ შემიმჩნევია ვინმეს ჩემ მიმართ ან საერთოდ, აფხაზების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, უფრო პირიქით. ეს არის სიმართლე! ლების განმავლობაში ვხედავდი, რა ხდებოდა ერთ მხარეს და მომინდა თავად მენახა და მომესმინა მეორე მხარის სიმართლე. ამიტომ ჩამოვედი...
- და რა ნახეთ?
- მოწესრიგებული, მშვიდი, განვითარებაზე ორიენტირებული ხალხი, რომელმაც ძალიან თბილად, მეგობრულად მიმიღო. სიხარულით ვამბობ, რომ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება დამხვდა - აქაურებს არ სურთ ომი, მეტიც, მტრულად სულაც არ არიან განწყობილი, არავისთან ბრძოლას არ აპირებენ, უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. აფხაზეთში მათაც ვხვდებოდი, ვინც თავად გამოიარეს ომი და შიში ნახეს, მაგრამ ამბობენ, რომ ძმათამკვლელი ომი შეცდომა იყო.
რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტ დროს ვუთმობდი ინტერნეტს, თვალყურს ვადევნებდი ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირებას, კამათს და ვხვდებოდი, რომ ასე არ უნდა გაგრძელებულიყო. ერთხელაც ქართველებს მივწერე, თქვენთან უნდა ჩამოვიდე-მეთქი, არ დაიჯერეს, მაგრამ მეორე დღეს ზუგდიდში ვიყავი. როდესაც მეკითხებიან, რატომ მოვიქეცი ასე, ვპასუხობ, გულსატკენია, რომ ქართველები და აფხაზები, რომლებიც ერთ დროს მშვიდად, მეგობრულად, საერთო ტკივილითა და სიხარულით ცხოვრობდნენ, ახლა დაყოფილი არიან. მტკივნეულია, ერთმანეთს პატივს რომ არ სცემენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მით უფრო, ორივე მხარეს ჰყავს ნათესავები, ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები, რომლებიც, საბედნიეროდ, ომმაც ვერ დაანგრია.უფროს თაობასთან მილაპარაკია ომის წლებზე, უფრო მეტს მშვიდობიანი თანაცხოვრების პერიოდზე ჰყვებოდნენ, თუ როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ჭირსა და ლხინში, მერე ვინ როგორ მოიქცა, ვინ რას აკეთებდა. ერთ ადგილას გაჩერება არაფერს მოგვიტანს, წინ უნდა ვიაროთ, უნდა განვვითარდეთ. ამან მომავალზე დამაფიქრა. მივხვდი, რაღაც უნდა გამეკეთებინა და ასეთი გამოსავალი ვიპოვე - ტიკ-ტოკში დავიწყე ვიდეოების გადაღება და საზოგადოებისთვის იმის მიწოდება, რომ ასე ვერ გავაგრძელებთ... როდესაც აქ ჩამოვედი საერთო ნაცნობის მეშვეობით, რომელსაც ინტერნეტში ბლოგი აქვს, შმაგი გავიცანი, მას შემდეგ ერთად ვართ. მის სახლში ვცხოვრობ. ზოგჯერ ხუმრობს, სახლში აფხაზი შემომისახლდაო.
- დევნილებს შეხვდით?
- დიახ, როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში. ვიყავით ბათუმშიც. ახლახან აფხაზეთიდან გადმოვიდა ერთი ბიჭი, რომელმაც ოჯახი შექმნა, აქ აპირებს ცხოვრების გაგრძელებას. როგორც შეგვეძლო დავეხმარეთ. იმედია, ამის შემდეგ უკვე თავად შექმნის უკეთეს მომავალს.
- აფხაზები ხშირად ჩივიან, აფხაზეთი არ ვითარდებაო.
- დიახ, ცოტა რთული ვითარებაა, რადგან ეკონომიკა არასტაბილურია, ინფრასტრუქტურა არ ვითარდება. განათლების პრობლემაა, რაც ძალიან მაწუხებს. აქ ბევრად მაღალი დონის განათლებაა, რაც ძალიან მომწონს. მინდა ჩვენი ახალგაზრდები მეტად განვითარდნენ. აფხაზები არც ისე ბევრი ვართ, ალბათ, 100 ათასიც არ ვიქნებით. 2018-დან 2021 წლამდე ჩვენი მოსახლეობა 2 ათასით მაინც შემცირდა. დემოგრაფიის შეცვლას ეკონომიკის განვითარება, წინსვლა სჭირდება, მაგრამ ჩვენ ერთ ადგილას ვართ გაყინული, ვიცი რატომაც, მაგრამ ამაზე ახლა არ ვილაპარაკებ...
- როგორია ახალგაზრდების დამოკიდებულება თქვენი ინიციატივის მიმართ?
- ზოგი რადიკალურია, არიან ისეთებიც, ვინც მოზომილად გამოხატავს აზრს. თუმცა ჩემს ინიციატივას მხარდამჭერებიც ჰყავს. ჩემ მიმართაც განსხვავებული დამოკიდებულებაა, პირველ ხანებში რა აღარ თქვეს, თითქოს მომისყიდეს და ა.შ. სადაც მომიხერხდება, ვამბობ, არავის მოვუსყიდივარ, იმას ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ-მეთქი. თუ აფხაზეთში ვიღაც ამბობს ჩემზე, რომ საქართველოში მტრები არიან და არაფერი გვესაქმება, მაშინ ვფიქრობ ჩემი შემთხვევა მშვენიერი მაგალითია მტრის ტერიტორიაზე მეგობრების საპოვნელად. არ განვიკითხავ მათ, რადგან არ იციან სიმართლის მეორე მხარე, ის, რაც მე ჩემი თვალით ვნახე. აქ მტრად არავინ მიგვიჩნევს, როგორც აფხაზების უმრავლესობა გვარწმუნებდა. ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელი კი არა, აუცილებელია.
- თქვენი გეგმა როგორია?
- ჯერჯერობით აქ ვრჩები, დავივლი სხვადასხვა ადგილს, შევხვდები ხალხს, ვიდეოებს გადავიღებ და მოვყვები ადამიანებზე, ვისაუბრებ განწყობებზე შიშისა და სირცხვილის გარეშე, იმიტომ, რომ მე სიმართლეს ვამბობ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. როდესაც მეკითხებიან, რა იქნება ხვალ, ეს ჩვენს საქმიანობაზე, სწორ, აწონ-დაწონილ ნაბიჯებსა და გონივრულ ქმედებებზეა დამოკიდებული.
შმაგი სამხარაძე: - სანამ დაური ჩამოვიდოდა, ტიკ-ტოკში ვაქტიურობდით. ერთხელ \ ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა, თბილისში აფხაზი ბლოგერი ჩამოვიდა და დახვდი, იქნებ ერთი-ორი დღე შენთან დარჩესო. მის ჩამოსვლას ძალიან დიდი ინტერესი მოჰყვა. მედიიდან ზარები არ წყდება. ეს ჩვენთვისაც ერთგვარი ცდუნებაა, მაგრამ თუ მუდმივად ინტერვიუებზე ვიქნებით გადართული, ჩვენს მთავარ საქმეს ავცდებით. ამიტომ გვინდა ერთხანს პაუზა ავიღოთ. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვქონდა როგორც ქართველებთან, ასევე აფხაზებთანაც, ახლა კი ამისთვის ვეღარ ვიცლით. არადა, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტერვიუები.