"ორიენტე“ - ლა რამბლას მშვენება - კვირის პალიტრა

"ორიენტე“ - ლა რამბლას მშვენება

ბარსელონაში, ქალაქის ცენტრში, ლა რამბლას სახელგანთქმულ ქუჩაზე ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სასტუმროა, რომლის კედლებიც მრავალ საიდუმლოს ინახავს. აქ ათასობით ტურისტი ირევა, თუმცა მათმა უმეტესობამ არც კი იცის, რომ იმავე სასტუმროს სტუმრები არიან, სადაც ერთ დროს ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი ცხოვრობდნენ. ვერც მე წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ხუთდღიანი მოგზაურობისას ვიცხოვრებდი შენობაში, რომელსაც ესპანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. რა ისტორიას მალავს მე-16 საუკუნეში აგებული ლა რამბლას მშვენება და როგორია მისი ისტორია?­ ამ კითხვებზე სასტუმრო "ორიენტეს" მენეჯერმა ხოსე პარდერისამ­ გვიპასუხა.

- თავდაპირველად, მე-16 საუკუნეში,­ ეს იყო ეკლესია, შემდეგ - სკოლა, სადაც მღვდლები სწავლობდნენ. თავიდან მხოლოდ შენობის ახლანდელი რესეფშენი აშენდა, როდესაც სტუმარი შემოდის, ის მე-16 საუკუნის მისაღებში ხვდება. შემდეგ მიემატა დანარჩენი შენობები და სკოლის ფუნქცია შეითავსა, რომ სამღვდელო პირებს აქვე ესწავლათ და ემსახურათ.

საიდუმლო გვირაბები

- ესპანეთში რევოლუციის პერიოდში "ორიენტე" საავადმყოფოდ გადაკეთდა. პოლიციაც აქ განათავსეს. ომის დასრულების შემდეგ შენობა სასტუმროდ გადაკეთდა. "ორიენტე" მე-18 საუკუნის შემდეგ გასპარების საგვარეულოს საკუთრებაა. გასპარები ფლობენ სასტუმროებს მთელ ესპანეთშიც. ეს არის ევროპაში ერთადერთი სასტუმრო, სადაც მიწისქვეშა გამოქვაბულებია შემორჩენილი. გამოქვაბულებს კატალონიის მოედნამდე მივყავართ. მღვდლები საიდუმლო გამოქვაბულებს გასაქცევად იყენებდნენ. ახლა ისინი დალუქული გვაქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გახსნა შეიძლება.

oriente2-1639933327.jpg

ანდერსენის კვალდაკვალ

- ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ითქვა, ანდერსენი რომ ცოცხალი იყოს, ალბათ, ისევ ბარსელონას მიაშურებდა და სასტუმრო "ორიენტეში" დაბინავდებოდა ლა რამბლას ქუჩაზეო. 1862 წლის სექტემბერში დანიელი პოეტი ბარსელონაში ჩამოვიდა და ჩვენს სასტუმროში დაიდო ბინა. სწორედ აქ, ლა რამბლას ბულვარში შექმნა მან შედევრი "პატარა ქალთევზა". როგორც ჩანაწერებით ვიცი, ანდერსენი ლა რამბალაზე ხშირად სეირნობდა. ჩაუყვებოდა ქუჩას, რომელსაც ზღვის სანაპირობდე მიჰყავხარ და იქ თხზავდა თავის ზღაპრებს. სწორედ ამ ფაქტის აღსანიშნავად გვაქვს სასტუმროს ფასადზე წარწერა: "ერთ დროს აქ ჰანს ქრისტიან ანდერსენი ისვენებდა". რადგან სასტუმრო ლისეოს ოპერის გვერდით მდებარეობს, ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჰოლივუდის მსახიობებსა და ესპანეთის სახელისუფლებო წრეებში. აქ იღებდნენ ფილმებს,­ მართავდნენ პრეზენტაციებს. "ორიენტეს"­ ხშირად სტუმრობდა ფრენკ სინატრა ავა გარდნერსა და კერკ დუგლასთან ერთად. ამის შესახებ სასტუმროს ჩანაწერების წიგნი მოგვითხრობს.

oriente3-1639933327.jpg

საღაბავის შვიდი ფენის ქვეშ აღმოჩენილი მემკვიდრეობა

- რადგან შენობა ესპანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაახლ­ოებით ხუთი წლის წინ ზედამხედველობის უწყებიდან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ შენობისთვის პირვანდელი იერის დაბრუნების მიზნით კედლებისათვის საღებავი მოგვეშორებინა. შვიდი ფენა ჩამოვხსენით და ქვეშ აღმოჩნდა ის, რასაც ახლა თქვენ ხედავთ. ავეჯი, სამწუხაროდ, არ შემოგვრჩა, თუმცა ვინტაჟური და ანტიკვარული ავეჯით ვცდილობთ, წინა საუკუნეების სალონური ინტერიერი შევქმნათ. მე-19 საუკუნეში ჰოლი მაღალი წრის საზოგადოების წვეულებებისთვის გამოიყენებოდა და ეს განწყობა გვინდა შევინარჩუნოთ. სასტუმროს ნომრების ნაწილი წინა საუკუნეების სტილს იმეორებს, სურვილისამებრ, სტუმრებს არჩევნის საშუალებას ვუტოვებთ. ვგეგმავთ, ისევ გავაღოთ ჩვენი ჰოლის კარი სალონური საღამოებისთვის, რაშიც პანდემიამ შეგვიშალა ხელი. მომავალი წლიდან, იმედი გვაქვს, არაერთ ღონისძიებას და საღამოებს ჩავატარებთ.