"კაცურად იცხოვრა და კაცურად წავიდა... ცოდოა საქართველო, რომელსაც ჯემალი აღარ ეყოლება"
ცნობილი ქართველი მომღერალი, ქორეოგრაფი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართული ხელოვნებისა და თავისი საქმის უზომოდ მოყვარულმა ქართულ ქორეოგრაფიაში ეპოქა შექმნა. ის ამ სიყვარულით ცხოვრობდა, ამ სიყვარულსვე შეალია მთელი ძალა და ვალმოხდილი წავიდა იმ ქვეყნად. ბატონი ჯემალის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას ცნობილი ადამიანები გვიზიარებენ.
"ძალიან გულიანი და თბილი ადამიანი იყო"
ელდარ შენგელაია, რეჟისორი: - ძალიან გული მწყდება. ჯემალი ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი და შესანიშნავი მუსიკოსი იყო. განსაკუთრებული ანსამბლი შექმნა არაჩვეულებრივ მომღერლებთან ერთად. მიშიკო შენგელია, ზაურ ბოლქვაძე არაჩვეულებრივად მღეროდნენ. მან დიდი ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორს. ძალიან გულიანი და თბილი იყო, ბოლო დროს, სამწუხაროდ, ვეღარ ვხვდებოდით და ტელეფონით გვქონდა ურთიერთობა. ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი ჯემალი აღარ არის.
"მე კარგი მეგობარი დავკარგე"
ზურაბ ცინცქილაძე, მსახიობი: - მახსოვს, ბათუმში ბატონ ჯემალთან ერთად მე და კახი კავსაძეც ვიყავით. გურულ თავისებურებებზე ვსაუბრობდით. მე დედა გურული მყავს და თქვა, ამ კაცთან როგორ მიხარია რამის მოყოლა, რა კარგად მისმენს და რა კარგი რეაქცია აქვსო. კახიმ თქვა, მეც ასე ვარო. დამინახავდნენ თუ არა, კურიოზებისა და თავს გადახდენილი ამბების მოყოლას იწყებდნენ. ბატონ ჯემალს ცეკვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფაქტის შესახებ ვუამბე, რამდენიმე ჩემი მოსაზრებაც გავუზიარე და ძალიან გაუხარდა, აუცილებლად გამოვიყენებო. ერთხელ მითხრა, გურია რომ სამყაროს ცენტრია, თუ იცოდი შენ მაგი ამბავიო. კი-მეთქი, ვუთხარი, გური არის იგივე გული და ამიტომაც ჰქვია ეს სახელი-მეთქი,…ძალიან გამხიარულდა... მე კარგი მეგობარი დავკარგე. ბევრი გეგმა ჰქონდა, უამრავი რამის გაკეთებას აპირებდა... წავიდა კაცი, რომელმაც იცოდა, როგორც თვითონ იტყოდა, სხეულით გამოხატული ქართული სულის მოძრაობა.
"კაცურად იცხოვრა და კაცურად წავიდა"
ნუგზარ კვაშალი, მომღერალი: - ეს ძალიან დიდი დანაკლისია ქართული ხელოვნებისათვის, ფოლკლორისთვის, რომელსაც ამდენი წელი ემსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის წლები იყო განსხვავება, მეგობრები ვიყავით და ყველა ჩვენი შეხვედრა, იქნებოდა ეს გურიაში, თბილისის ქუჩებში თუ სადმე რეპეტიციაზე, ყოველთვის მხიარული ანეკდოტებით მთავრდებოდა, რომლებსაც ჯემალი გვიყვებოდა. სხვანაირად ჰყვებოდა, იმიტომ, რომ თვითონაც სხვანაირი იყო. ძალიან მეწყინა ამ დიდი ქართველის გარდაცვალება. გულდასაწყვეტია, რომ ჯემალისნაირი ხალხი მიდის, მაგრამ ასაკს თავისი მიაქვს, მან დანდობა არ იცის. ჯემალ ჭკუასელმა კაცურად იცხოვრა და კაცურად წავიდა. ზაურ ბოლქვაძესთან, ჯემალ ჭკუასელთან მე ხმას ვერ ვიღებდი, მინდოდა, თითოეული სადღეგრძელო და ყველა მათი ხუმრობა დამეჭირა - მათთან ყოფნა ხომ თითქმის თეატრი იყო... ბოლოს კაბინეტში მოვხვდი მასთან. თავისი წიგნი მაჩუქა, "გურული ხუმრობები". ცოდოა საქართველო, რომელსაც ჯემალი აღარ ეყოლება, ცოდოა ქართული ფოლკლორი. ვინ იქნება სხვა ერქომაიშვილი, სხვა ჭკუასელი, სხვა გომარ სიხარულიძე, სხვა გოგი ქავთარაძე? იმ თაობიდან ჯემალ ჭკუასელი იყო ბოლო მოჰიკანი, რომელმაც დაგვტოვა...
"ეამაყებოდა, რომ ქართული ხელოვნება გაჰქონდა უცხოეთში"
ირმა სოხაძე, მომღერალი: - ბანალურად ჟღერს, მაგრამ წელს ძალიან ბევრი დიდი მამულიშვილი დავკარგეთ. ბატონი ჯემალი საოცარი პიროვნება იყო. ყველაზე ასე ამბობენ ხოლმე, მაგრამ ის მართლაც გამოირჩეოდა თავისი საქმისა და სამშობლოს ფანატიკური ერთგულებითა და სიყვარულით. ეამაყებოდა, რომ ქართველი იყო და ისიც, რომ ქართული ხელოვნება გაჰქონდა უცხოეთში. ძალიან მეტკინა გული... მიყვარდა უზომოდ... ის არა მარტო დიდი ხელოვანი, არამედ დიდი ადამიანიც იყო: პატარასთან - პატარა, დიდთან - დიდი. ფანტასტიკური იუმორი ჰქონდა. ასეთი მართლაც გენიალური პიროვნებები ისედაც თითზე ჩამოსათვლელი გვყავს. ჩვენს დროში კი, მგონი, უკვე ერთი ხელის თითები გვეყოფა, ისე ცოტანი დარჩნენ ამ საოცარი შემადგენლობის უკანასკნელი წარმომადგენლები. ბოლო დროს ავადმყოფობდა და ისე აქტიურად ვეღარ იყო ჩართული საქმეში. მისმა ანსამბლმა შესანიშნავი ტური ჩაატარა. კულტურის სამინისტროს პროექტი იყო, მეც ვმონაწილეობდი და ძალიან მეამაყება. ბევრი ხელოვანი ვატარებდით რეგიონებში კონცერტებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, "ერისიონი" პირველი იყო! მართალი გითხრათ, იმედი მქონდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. ისღა დაგვრჩენია, მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ვიცნობდით ამ საოცარ ადამიანს, მოვუაროთ მის დანატოვარს და პატივი ვცეთ მის ხსოვნას.
"ყოველი წუთი ქართული ფოლკლორისთვის უნდოდა მიეძღვნა"
გიორგი კეკელიძე, მწერალი: - ჯემალ ჭკუასელმა მოახერხა და სუხიშვილების ქვეყანაში სუპერპოპულარული ანსამბლი შექმნა. ეს იოლი საქმე არ გეგონოთ. მქონდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება. ქართული ფოლკლორით მცხოვრები კაცი იყო, უნდოდა, ყოველი წუთი მისთვის მიეძღვნა. ძალიან ვწუხვარ.