"მითხარით, ქართველებს რატომ გავიწყდებათ სააკაშვილის ჩადენილი დანაშაულები, რატომ გავიწყდებათ, რა გააკეთა ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა" - კვირის პალიტრა

"მითხარით, ქართველებს რატომ გავიწყდებათ სააკაშვილის ჩადენილი დანაშაულები, რატომ გავიწყდებათ, რა გააკეთა ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა"

"ჩემი და ჩემნაირად განადგურებული ოჯახების დიდი შეურაცხყოფაა შერიგებაზე საუბარი“

ია მეტრეველი, ბუტა რობაქიძის დედა: - მიტევება დიდსულოვნებად მიმაჩნია, მაგრამ უნდა მიუტევო მას, ვინც ინანიებს, განიცდის ჩადენილს და ბოდიშს იხდის. მოიხადოს სააკაშვილმა სასჯელი, რაც ეკუთვნის, ამის მერე მოიხადოს ბოდიში და, კი ბატონო!

ახლა რა შერიგებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა სინანულის ერთი სიტყვაც არ დასცდენია! ის უნდა იჯდეს ციხეში! ოჯახი არ დარჩა,­ რომელსაც სააკაშვილის ბოროტება­ არ შეხებია. იმ საშინელი რეჟიმის ყველა ნაბიჯი ცნობილია საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, ტერიტორიები დაკარგა, პასუხი კი არაფერზე უგია! ორი დღეა, ციხეშია და ესეც არ უნდა. ხან სანატორიუმში ბრძანდება, ხან უმაღლესი ხარისხის დიეტას იცავს და არის ერთ ამბავში, ვითომ შიმშილობს... ტელევიზიებით სააკაშვილზე საუბრის გარდა არაფერი გვესმის - როგორ არის, რა შეჭამა, რა დალია... აუტანელია ეს ყველაფერი. რაც შეეხება შერიგებას... ადამიანი აქეთ იმუქრება, მიტინგებს და ტერორს გეგმავს, ციხეში თანამშრომლებს ურტყამს. ასეთს როგორ უნდა შეურიგდე?! მაგრამ იცის, სხვა შანსი არ აქვს და ახლა ეს მოიფიქრა, რომ როგორმე გამოძვრეს იქიდან, მერე კი რას იზამს, არავინ იცის! სატანასა და მკვლელთან შერიგება არ გამიგია! მკვლელმა ჯერ პასუხი აგოს თავის უამრავ დანაშაულზე, მერე კი, თუ მართლა მოინანიებს, შერიგებაზეც ვილაპარაკოთ. ჩემი და ჩემნაირად განადგურებული ოჯახების დიდი შეურაცხყოფაა შერიგებაზე საუბარი. ვის უნდა შევურიგდეთ, ჩვენი შვილების მკვლელს? ყველას ჯვარი სწერია, მაგრამ ვინც შერიგებაზე ლაპარაკობს, მისი შვილი რომ მოეკლა, ასე იოლად ილაპარაკებდა ამ თემაზე? ეს ჩვენი დაცინვაა. იმ ხალხსაც ჰკითხონ აზრი, ციხეში რომ გააუპატიურეს და აწამეს... ზოგი მათგანი ცოცხალი აღარ არის და მათი ოჯახების აზრიც გაიგონ! ირინა ენუქიძისა და სხვების სულებს რას ეუბნებიან? ვის ურიგდებიან, სააკაშვილს, რომელმაც მილიარდები წაიღო და ამის გამო აქამდე ვერ ამოუსუნთქავს ქვეყანას? არავითარ შემთხვევაში! მან პასუხი უნდა აგოს! ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, რომ ამაზე ლაპარაკი დაიწყო და, საერთოდ, ამდენი დრო რომ ეთმობა ამ ადამიანს...

buta-1639934927-1640157024.jpg

სოსო რობაქიძე, ბუტა რობაქიძის მამა: - მინდა მივმართო ქალბატონ პრეზიდენტს, რომელიც ელაპარაკება, როგორც ვიცი, ამერიკის პრეზიდენტს. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენს ხალხს ელაპარაკეთ აქ, ისე არ გააკეთოთ, რომ ერთ ადამიანს შეურიგდეთ და მეორე მტრად გადაიკიდოთ. თქვენ თუ ოდესმე ხელს მოაწერთ სააკაშვილის შეწყალებას, ერთ ხელში კალამი უნდა გეჭიროთ, მეორეში - გადადგომის განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. ასევე, მინდა ვუთხრა "ოცნებას" შესარიგებელი ვისთანაც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", იმ ხალხს, იმ ოჯახებს დაელაპარაკოს, ვინც გააუბედურეს. თუ ამას არ გააკეთებთ და აუვლით ამ ადამიანებს გვერდს, ნებისმიერ არჩევნებში დარჩებით ბანკროტები. 18 წლის განმავლობაში ვწვალობთ და ვიბრძვით სამართლიანობის აღდგენისთვის, სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ვინ ვინ არის და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზე.

საქართველოში ჩამოვიდა კაცი, რომელიც არის ნომერი პირველი ჯალათი. ქართული ფაშიზმის დამფუძნებელი და ლიდერი. დააპატიმრეს ეს ადამიანი და ახლა მის გათავისუფლებას ითხოვენ. ნუ გგონიათ რომელიმე დანაშაული მიშას გარეშე მოხდა. გაიხსენეთ მისი ფრაზები - "ყველანი ციხეში", "ნულოვანი ტოლერანტობა" - და გაგახსენდებათ, რა დონის დამნაშავესთან გვაქვს საქმე; გაიხსენეთ აფრასიძეების საქმე, როგორ ჩაცხრილეს და ამოხოცეს ეს ოჯახი და როგორ იძახდა მიშა, მე გავეცი ბრძანებაო. მისი პრეზიდენტობის დროს ქუჩაში 175 ახალგაზრდა მოკლეს. როცა ამ ამბების დეტალებს ვიკვლევდით, უმოწყალოდ დახოცილ კიდევ 55 ახალგაზრდას მივაკვლიეთ. უმძიმესია იმ წლების სტატისტიკა, ამ ჯალათების მიერ 300 უდანაშაულო ადამიანია ქუჩაში დახოცილი და მათი ყველაზე დიდი ასაკი 24-დან 26 წლამდე იყო. ამ ხელისუფლებამ ქვეყანაში გენოციდი მოაწყო და ეს კაცი ახლა როგორ უნდა დაუძვრეს სამართალს, როგორ არ უნდა აგოს მან პასუხი ჩადენილი დანაშაულებისთვის?! მაშინ გამოუშვან გარეთ და ერთი ერთში შევხვდები, პირობას ვიძლევი, რომ გავუსწორდები. ეს კაცი ქართველმა ერმა უნდა დასაჯოს. რატომ ჩაალპო ჩემი 18 წლის შვილი მიწაში, რატომ ჩაალპო ზურა, სანდრო, გიორგი და რომელი ერთი ჩამოვთვალო. გეკითხებით არ უნდა აგოს პასუხი?! მეცოდება ის ქართველი, ვინც დღეს მის დამცველად გამოდის. მითხარით, ქართველებს რატომ გავიწყდებათ მისი ჩადენილი დანაშაულები, რატომ გავიწყდებათ, რა გააკეთა ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა. მიხეილ სააკაშვილი გატყუებთ ამ შერიგებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც მაგათ ჰქონდათ კოაბიტაცია, რა მოიტანა ამ კოაბიტაციამ? არაფერი!

ამ ხალხთან დაჯექით, ამ ხალხს გვერდი არ აუაროთ, ეს ადამიანები ირაზმებიან და ვერცერთი მთავრობა მათ თვალებში ვერ ჩახედავს... დარწუნებული ვარ, "ოცნება" ამას არ გააკეთებს და თუ გააკეთებს, შერიგდება "ნაციონალებთან", მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც მას ხმა მისცა, დაკარგავს. ჩემთვის სამართლიანობა აღდგება მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" გამოცხადდება ფაშისტურ პარტიად და გასამართლდება რეჟიმი, ეს პარტია აიკრძალება საბოლოოდ, როგორც ფაშისტური პარტია. ევროპაც გაიგებს და ამერიკაც, რომ ეს არის ფაშისტური პარტია. 21-ე საუკუნის ახალგაზრდობა ამოჟლიტა ამ კაცმა და მისმა ხელისუფლებამ და ვინ მიიღებდა ასეთ პრეზიდენტს, ის ახლა ან ელექტროსკამზე იჯდებოდა, ან კენედივით მოკლავდნენ... სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი, სხვანაირად არ გამოვა, სხვა შემთხვევაში, ყველანი გამოვალთ ქუჩაში.