"თემურ ალასანიას მიშა სამშობლოს სიყვარულით არ შეუქმნია, ფული უნდა ეშოვა მისგან“ - კვირის პალიტრა

"თემურ ალასანიას მიშა სამშობლოს სიყვარულით არ შეუქმნია, ფული უნდა ეშოვა მისგან“

"როგორც მე ვიცი, ეს ამბავი იარაღის ბიზნესს შეეხება. ჩვენ სულ გვქონდა ეჭვი, მაგრამ 2007 წლამდე სააკაშვილი და მისი გუნდი კარგად თამაშობდნენ, ვითომ საქმეს მართლა იძიებდნენ... მერე ყველაფერი ნათელი გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზურას დაცვის წევრების სასამართლო პროცესი გაიმართა, ყველაფერს ფარდა აეხადა...“

"სულ მიკვირდა და სულ ვკითხულობდი, რატომ არ ჩანდა თემურ ალასანია. თურმე კრიტიკული მომენტისთვის ემზადებოდა", - ამბობს ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი ჩამოსვლა 21 დეკემბრის აქციას, ალასანიამ განმარტა, რომ აქცია არ აინტერესებს და სააკაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. "21 დეკემბერს ვიცი მარტო ერთი აქცია - ჩემი დისშვილის დაბადების დღე. ჩამოვედი, რომ ჩემს დას დავეხმარო, გვერდით დავუდგე და აღვნიშნოთ ოჯახში მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე", - აღნიშნა­ თემურ ალასანიამ. ვინ არის თემურ ალასანია, რა გავლენა აქვს მას სააკაშვილზე და რა გავლენებს ფლობდა საქართველოში "ნაციონალური მმართველობის" პერიოდში, ამის შესახებ ხათუნა ხოფერია გვესაუბრება:

- დიახ, თემურ ალასანია ჩამოვიდა სააკაშვილისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში. როგორც ვიცი, სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. როგორც ჩანს, დასახმარებლად მოიხმეს "კაგებეშნიკი" ბიძა, რომელმაც თავის დროზე დისშვილისგან მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა, ანუ პროექტი შექმნა.

- რატომ ჰქონდა მას ასეთი გავლენა­ სააკაშვილზე?

- ის ხომ საბჭოთა სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი იყო. მას ჰქონდა წვდომა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სტრუქტურასთან და იმთავითვე იყო ჩაბმული ლიბერალურ პროექტებში. შესაბამისად, მიშაც იზრდებოდა, როგორც ამ პროექტების კადრი. შემდეგ იყო "ვარდების რევოლუცია", სადაც მიშა მოგვევლინა ლიდერად, შემდეგ პრეზიდენტად. 2004 წლიდანვე დაიწყო ბიზნესების დატერორება. სხვათა შორის, იმ პერიოდში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელზეც დღეს ხმას არავინ იღებს - აჭარიდან დიდძალი ქონება დაიკარგა. საუბარია ასლან აბაშიძის ქონებაზე. აქ არის ძვირად ღირებული ავტომობილების და შვეულმფრენების საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გაირკვეს, მოიძიოს. სააკაშვილის გუნდის წევრებმა აქტიურად დაიწყეს ბიზნესწილების გადაფორმება. ვინაიდან გამოუცდელები იყვნენ როგორც პოლიტიკაში, ასევე ბიზნესში, ბიზნესის მცირე წილს უტოვებდნენ მფლობელს, დანარჩენი თავად მოჰქონდათ. ამასთან, ბიზნესის მფლობელებს მიუჩენდნენ ხოლმე სანდო პირს, რომელიც 2-3 წელიწადში ბიზნესსაც შეისწავლიდა და საქმეშიც კარგად გაერკვეოდა. შემდეგ ბიზნესის პატრონს სრულად ართმევდნენ ქონებას, ზოგჯერ იჭერდნენ კიდეც. ამ საქმეში ძალიან აქტიურად იყო ჩართული თემურ ალასანია. მას მიშა სამშობლოს სიყვარულით არ შეუქმნია, ფული უნდა ეშოვა მისგან. თუმცა­ მიშას გარემოცვაში არც ისე გულუბრყვილო ბიჭები აღმოჩნდნენ. როგორც გაირკვა, ზოგიერთს ამერიკაში ლობისტებიც აღმოაჩნდათ, რომლებმაც ალასანიას ჩრდილოვან მმართველად გახდომის საშუალება­ არ მისცეს. ამ ამბავმა დაპირისპირებაც გამოიწვია. ამიტომ იყო მიშას კარზე რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის ახალაიები და ა.შ. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც ალასანიას ჩაუვარდა და იარაღისა და ნარკოტრანზიტის ბიზნესი სხვებმა წაიღეს. ამის მერე იყო უკრაინის პროექტი, იქაც მიშა იყო მთავარი პერსონაჟი, მაგრამ მიშამ ისევ გააფუჭა საქმე თავისი არაადეკვატურობით. ვფიქრობ, საქართველოშიც ბიძამისის რჩევით ჩამოვიდა. ჩანს, ალასანიასაც მოჰბეზრდა წარუმატებელ პოლიტიკურ პროექტთან ჭიდაობა, ასაკშია უკვე კაცი. ახლა ჩამოვიდა იმისთვის, რომ დაამშვიდოს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი დისშვილი.

alasania-1639936468.jpg

- რამდენად იზიარებთ პეტრე მამრაძის­ ვერსიას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჟვანიას მკვლელობის საქმეში თემურ ალასანიას ხელიც ერიოს?

- სრულად ვიზიარებ. როგორც მე ვიცი, ეს ამბავი იარაღის ბიზნესს შეეხება. ჩვენ სულ გვქონდა ეჭვი, მაგრამ 2007 წლამდე სააკაშვილი და მისი გუნდი კარგად თამაშობდნენ, ვითომ საქმეს მართლა იძიებდნენ და ამ თემაზე ვერ ვსაუბრობდით. მერე და მერე ყველაფერი ნათელი გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზურას დაცვის წევრების სასამართლო პროცესი გაიმართა, ყველაფერს ფარდა აეხადა. ასეთი სამარცხვინო არაფერი მახსოვს - როდესაც მოსამართლემ დაცვის ბიჭებს ჰკითხა, რატომ არ დარჩით დასაცავ ობიექტთანო, მათ უპასუხეს, სიტყვიერი ბრძანება მოგვცა ზურაბ ჟვანიამო. ზურა მკვდარი იყო, ვერც უარყოფდა, ვერც დაადასტურებდა. მოსამართლემ ისევ იკითხა, რატომ არ გქონდათ გასაღებიო. მათ ისევ უპასუხეს, ზურაბ ჟვანიამ ასე ჩავთვალა საჭიროდო. ზურა მკვდარი იყო, ვერც დაადასტურებდა, ვერც უარყოფდა. დაახლოებით ასეთი დიალოგი იყო გამართული მიცვალებულთან. ერთ მხარეს იყო მიცვალებული, მეორე მხარეს მკვლელების ბანდა და საქმეს გამკითხავი არავინ ჰყავდა.

ხათუნა ბახტურიძე