მესინგის ფენომენი - კაცი, რომელმაც სტალინის მომავალი იწინასწარმეტყველა
ექსტრასენსს უწოდებენ ზემგრძნობიარე უნარებით დაჯილდოებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მომავალი განჭვრიტოს. ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა ჯერ არ არსებობს. ერთ-ერთი, ვინც ამ უჩვეულო ნიჭით იყო დაჯილდოებული, ვოლფ მესინგი გახლდათ. წინასწარმეტყველი, ექსტრასენსი და ჰიპნოზიორი - ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ თანამედროვეები კაცს, რომელმაც სტალინისა და ჰიტლერის მომავალი წინასწარ იცოდა. აუხსნელი ნიჭის წყალობით მან პირველი და მეორე მსოფლიო ომების დაწყების და დამთავრების ზუსტი თარიღებიც დაასახელა. მესინგმა ჯერ კიდევ 1943 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ომი 1945 წლის 9 მაისს დამთავრდებოდა და რაიხსტაგზე წითელი დროშა აფრიალდებოდა. რა ვიცით მე-20 საუკუნის ყველაზე იდუმალი წინასწარმეტყველის შესახებ? - ის, რომ მესინგის ფენომენი დღემდე ამოუხსნელია, ის, რომ ვოლფ მესინგის დაჭერაზე ჰიტლერს სოლიდური ჯილდო ჰქონდა დაწესებული, ის, რომ ლეგენდად იქცა... ცნობილია, რომ განსაცვიფრებელი უნარის წყალობით ჯერ ჰიტლერი გააოცა, მერე კი სტალინის პირადი მრჩეველი გახდა.
გასაოცარი ვოლფ მესინგი
1899 წლის 10 სექტემბერს ვარშავის მახლობლად, პატარა ებრაულ სოფელში დაიბადა ბიჭი, რომელმაც ცოტა ხანში მსოფლიო გააკვირვა. საოცარი შესაძლებლობები ადრეულ ასაკშივე გამოავლინა. მოზარდი იყო, როცა ვარშავაში გაიქცა და უჩვეულო ნიჭის წყალობით მალე მიიქცია ყურადღება. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ მისი ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა: ოჯახი ფაშისტებმა ამოუწყვიტეს, ხოლო თვითონ იძულებული გახდა საბჭოთა კავშირისთვის შეეფარებინა თავი, თუმცა მანამდე იყო 1937 წელი, როცა მან უჩვეულო რამ იწინასწარმეტყველა: ახალგაზრდა ამტკიცებდა, რომ ადოლფ ჰიტლერი უეჭველად დაიღუპებოდა, თუ რუსეთზე თავდასხმას გადაწყვეტდა. ამ ფაქტმა მაშინვე მიიპყრო გესტაპოს ყურადღება. ახალგაზრდა შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. მისი ბიოგრაფების ცნობით, მესინგი ციხიდან გაიქცა და ეს ჰიპნოზის გამოყენებით მოახერხა. ციხიდან გაქცეული საბჭოთა კავშირში გადასახლდა. სტალინისა და ბერიას მიერ შედგენილმა საგანგებო კომისიამ წინასწარმეტყველს რამდენიმე გამოცდა ჩაუტარა.
სტალინის პირადი წინასწარმეტყველი
მესინგი ცოტა ხანში სტალინის კაბინეტში აღმოჩნდა. მან პირველივე შეხვედრაზე გააფრთხილა სტალინი მოსალოდნელი ომის შესახებ, მაგრამ საბჭოთა ბელადმა ეს სერიოზულად არ მიიღო და მას მხოლოდ ერთი პირობა წაუყენა: თუ სსრკ-ში ცხოვრება სურდა, უნდა დაემტკიცებინა, რომ შარლატანი არ იყო და "გოსბანკიდან" ფულის ყოველგვარი იარაღის გამოყენების გარეშე გამოტანა უბრძანეს. მესინგს ცარიელი ფურცელი მისცეს და უთხრეს, რომ ამ "ქვითრით" ბანკიდან 100.000 მანეთი უნდა გამოეტანა. მესინგი უშიშროების აგენტების თანხლებით ბანკში შევიდა და მოლარეს ცარიელი ფურცელი გაუწოდა. ამ უკანასკნელმა, "ჩეკს" თვალი გადაავლო და 100.000 მანეთი უხმოდ გამოუტანა... წინასწარმეტყველს მასობრივი სეანსების ჩატარების უფლება საბჭოთა კავშირში თავად სტალინმა მისცა. ამბობდნენ, რომ ომის დროს და მისი დასრულების შემდეგაც მესინგი სტალინს არაერთხელ სტუმრობდა. სწორედ მან უწინასწარმეტყველა სტალინს გამარჯვება და უფრო შორეული მომავალიც...
მესინგი და ვასილი სტალინი
1950 წლის იანვრის დასაწყისში ვოლფ მესინგი სტალინთან მივიდა და უთხრა, რომ მის შვილს, ვასილის, დიდი საფრთხე ელოდა. იმ დღეებში ვასილის მიერ შექმნილი ჰოკეის გუნდი მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად უნდა გაფრენილიყო. სტალინმა ბრძანება გასცა, რომ მისი ვაჟი მატჩზე დასასწრებად თვითმფრინავით კი არა, მატარებლით გაეშვათ. რასაკვირველია, ბელადის ბრძანება შესრულდა, ვასილი სიკვდილს გადაურჩა, ხოლო 11 სპორტსმენი, ექიმი და ეკიპაჟის წევრები 7 იანვარს ავიაკატასტროფას შეეწირნენ. მოგვიანებით, მესინგს შეკითხვა დაუსვეს, იცოდა თუ არა, რომ ეს კატასტროფა მოხდებოდა, რაზეც მან უპასუხა: - მე სტალინს ვუთხარი, უმჯობესია, ვასილი მატარებლით გაემგზავროს-მეთქი, ოღონდ არ მითქვამს, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა. კატასტროფის შესახებ წინასწარ არ ვიცოდი, რომ მცოდნოდა, ყველას გავაფრთხილებდიო... ამ ამბის შემდეგ, მესინგმა არაერთი ადამიანი იხსნა უეჭველი სიკვდილისგან. მათ შორის იყო მარშალი ჟუკოვი, რომელიც საავადმყოფოში ინფარქტის დიაგნოზით მიიყვანეს. მთავარი ქირურგი ოპერაციის გაკეთებას ვერ ბედავდა. მედდამ, რომელმაც იცოდა ჟუკოვის და მესინგის მეგობრობის ამბავი, მას დაურეკა. მესინგმა ექიმს ურჩია, ოპერაცია გაეკეთებინა. ყველაფერი მართლაც კარგად დასრულდა. ამის შემდეგ ექიმები ხშირად მიმართავდნენ კონსულტაციისთვის მესინგს.
სტალინის სიკვდილი
1953 წლის იანვარში მესინგის ნაცნობი ექიმები "სამშობლოს ღალატის" ბრალდებით დააპატიმრეს. წინასწარმეტყველი 1-ლ მარტს სტალინთან მივიდა და ექიმების გათავისუფლება სთხოვა:
შენიანებისთვის მთხოვ, - უთხრა სტალინმა, დაპატიმრებული ექიმების უმრავლესობა ხომ ებრაელი იყო, ყველა თქვენგანს ერთი ბედი გაქვთ... თუმცა შენ აუცილებლად გეცოდინება, როდის მოკვდები...
- თქვენ შემდეგ, - იყო პასუხი.
- მე როდის მოვკვდები?
- ძალიან მალე!
სამი დღის შემდეგ რადიოთი გადმოსცეს ცნობა სტალინის ავადმყოფობის შესახებ. ბელადს ტვინში სისხლის ჩაქცევა ჰქონდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა. მესინგის ბიოგრაფი ალექსანდრე ხარკოვსკი იხსენებს: "მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილმა და იდუმალმა წინასწარმეტყველმა სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობაში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება საბჭოთა მთავრობის მფლობელობაში გადავიდა, რადგან მესინგს არც შვილები ჰყავდა და არც ნათესავები... მესინგი 1974 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა. მის დღიურებსა და ხელნაწერებში ჩანს, რომ წინასწარ იცოდა თავისი გარდაცვალების თარიღი და დრო..."
ვოლფ მესინგი დასაფლავებულია მოსკოვში, მეუღლის, აიდა რაპოპორტის გვერდით, რომელიც ძალიან უყვარდა.
ხათუნა ჩიგოგიძე