"ჩემი ძმის ამბავმა მამა ძალიან შეცვალა... ჩაეძინებოდა თუ არა, ვახოს სახელს ყვიროდა" - რას ჰყვება ცნობილი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის შვილი
"ჩემი ძმის ამბავმა მამა ძალიან შეცვალა. არასდროს გამოხატავდა, რას გრძნობდა. ორმოცი რომ გავიდა, ყველა გააფრთხილა, შავებით არავინ იაროთო, მაგრამ ჩაეძინებოდა თუ არა, ვახოს სახელს ყვიროდა“
ბესო თედიაშვილი, ცნობილი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის შვილი და ნატალია თარაშვილი 12 წლის წინ დაქორწინდნენ. ორი შვილი ჰყავთ: 11 წლის ანუკა და ექვსი წლის ვახტანგი. ბესარიონი ამჟამად ბიზნესსექტორშია დასაქმებული. ნატალია პროფესიით ეკონომისტია.
- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში გავაგრძელე, იმ უნივერსიტეტში, რომელშიც ბარაკ ობამა და ფრანკლინ რუზველტი სწავლობდნენ. ეს იყო 90-იან წლებში. 16 წლის ვიყავი და, რა თქმა უნდა, დედაჩემი გამომყვა. როდესაც საქართველოში ბრუნდებოდა, მახსოვს, იძახდა, სად გტოვებ, აქ არავის იცნობო. გამომშვიდობებისას ორივეს დამწუხრებული სახეები გვქონდა, მაგრამ გამოვტრიალდი თუ არა, ჩემი სახე უნდა გენახათ! ვაშა, დაიწყო ჩემი ამერიკული ცხოვრება და დამოუკიდებლობა-მეთქი. პოლიტიკური მეცნიერებით, ეკონომიკითა და ფილოსოფიით დავინტერესდი. შემდეგ ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ გეგმები შემეცვალა. იქ გატარებულმა წლებმა, სხვა ბევრ რამესთან ერთად, დამოუკიდებლად ცხოვრება მასწავლა. ერთ ცნობილ ნავთობკომპანიაშიც შემომთავაზეს მაღალანაზღაურებადი სამსახური, მაგრამ 6-წლიანი ცხოვრების შემდეგ, 1998 წელს, სამშობლოში დავბრუნდი. მანამდეც ჩამოვდიოდი ხოლმე, აქეთ მომიხაროდა. სულ ვამბობ, სადაც კომფორტია, იქ კი არ უნდა იყო ადამიანი, უნდა ჩამოხვიდე და რამე შეცვალო-მეთქი. ამიტომაც წავედი პოლიტიკაში 2018 წელს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატად რომ დავასახელე საკუთრი თავი. არ მომწონდა ის, რაც ხდებოდა. უსარგებლო პოლიტიკოსებზე მეშლებოდა ნერვები, ვეცადე, მართალი ვყოფილიყავი ჩემს თავთან, ქვეყანასთან, ხალხთან, ძმასთან, ღმერთთან. დავბრუნდი კიდევ იმიტომ, რომ ყველა აქ მყავდა: ოჯახი, მეგობრები, აქ იყო ჩემი ძმის საფლავი, რომელიც სოხუმში მამაჩემს ჩააკვდა ხელში.… ამდენი წელი გავიდა და არც კი მიფიქრია სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე. აქაც მაქვს ჩემი საქმე, თუ რამე ისე არ ხდება, როგორც მინდა, ჩემს თავს ვაბრალებ და არა - სხვას.
- ბატონ ლევანზე უნდა გკითხოთ... მამა რას გასწავლიდათ, პატარები რომ იყავით?
- ამ სიბერეში მამა, მგონი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ხდება. მან ითამაშა ლევან კოღუაშვილის ფილმში, "მეოთხე ბრაიტონი", რომელმაც ნიუ-იორკში "ტრაიბეკას" საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდო მიიღო. საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში სწორედ ლევანია გამარჯვებული. ეს ფილმი""ოსკარზეა" წარდგენილი და იქაც თუ წარმატებული აღმოჩნდა, ოსკაროსანიც გახდება. მამა უზომოდ იყო შეყვარებული თავის ქვეყანაზე და შვილებსაც ასე გვზრდიდა. პატარები რომ ვიყავით, მაშინ გვითხრა, თქვენი თავი ღმერთმა შეშინებული არ მანახოსო. ხშირად გვეუბნებოდა, უკან არ უნდა დაიხიოთ მაშინ, როცა მართლები ხართო. ამით ვაჟკაცობას გვასწავლიდა.
ჩემი ძმის ამბავმა ძალიან შეცვალა. მამა არასდროს გამოხატავდა, რას გრძნობდა. ორმოცი რომ გავიდა, ყველა გააფრთხილა, შავებით არავინ იაროთო, მაგრამ ჩაეძინებოდა თუ არა, ვახოს სახელს ყვიროდა. ჩემი ძმა რომ მიყვარდა, ასე არავინ მყვარებია. ბიჭი რომ გვეყოლა, ყველას ეგონა, ლევანს დავარქმევდით, მაგრამ ვახო დავარქვი. ამერიკაში ვიყავი, როცა გარდაიცვალა. რომ ვრეკავდი, ვითომ არაფერი, სიცილით მპასუხობდა ყველა. ვახო დამალაპარაკეთ-მეთქი. გული ცუდს მიგრძნობდა. თურმე პანაშვიდები იყო და მიმალავდნენ. დედა დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდა ამერიკაში. შავები არ ეცვა. მეგობართან ერთად დავხვდი აეროპორტში. სახლში რომ მივედით, სთხოვა, ბესოსთან მარტო დამტოვეო. მაშინ მითხრა, ვახო სოხუმიდან არ დაბრუნებულაო! სანთელს რომ ვანთებ, დღესაც ისევ ცოცხალს წარმოვიდგენ, ისეთს, როგორიც იყო მაშინ, 19 წლისა. 23 სექტემბერს დაიღუპა, 25 დეკემბერს 20 წლის ხდებოდა.
- როგორი მამაა ბესო, შვილების აღზრდაში აქტიურად არის ჩართული?
ნატალია: - ძალიან ყურადღებიანი მამაა. ყოველ დილით ვატო ბაღში თვითონ მიჰყავს - ასე იწყება მისი დღე. ძალიან ათამამებს შვილებს, განსაკუთრებით - ნანუკას. იციან, რომ მამა არ იჩხუბებს, მაგრამ როგორც იტყვის, ისე იქნება.
- ოჯახურ ურთიერთობებში მთავარი რა არის?
ბესო: - უნდა გიყვარდეს და ტყუილზე არ უნდა ააგო ურთიერთობა. რამდენიმე წელი ვხვდებოდი ნატალიას და მისი ხასიათი და შეხედულებები კარგად ვიცოდი. როდესაც გიყვარს და პატივს სცემ, მაშინ ყველა პრობლემა გვარდება, რაც უნდა რთულად გეჩვენებოდეს.
ნატალია: - ბესო რომ გავიცანი, 15 წლის ვიყავი, ის - 19-ის და რომ მხვდებოდა, რაღაცნაირად სულ მეშინოდა. ერთ ზაფხულს შემთხვევით ქობულეთში შემხვდა და, მგონი, იმ დღეს სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს. მანქანით რომ გაიარა, გოგოებმა - აუ, რა მაგარი მანქანააო, თვალი გააყოლეს. დავიტრაბახე, თუ გინდათ, გაგასეირნებთ-მეთქი. დავურეკე და ვუთხარი, რომ მეც ქობულეთში ვიყავი. ახლა არ მცალია და ცოტა ხანში მოვალო. ამის შემდეგ თბილისშიც ვხვდებოდით. გავიდა 5-6 წელი და მივხვდით, რომ ოჯახი გვჭირდებოდა. ისე გავყევი, არ ჰქონდა ნათქვამი: "მე შენ მიყვარხარ", საქციელით კი ყოველთვის მაგრძნობინებდა, რომ მისთვის განსაკუთრებული ვიყავი. ყველას გაუკვირდა, ისე უცებ მიიღო გადაწყვეტილება. თურმე ნათესავები ერთმანეთს ურეკავდნენ, ვინ მოიყვანა, ვინ გადარიაო...
- მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გკითხოთ, როგორია წინასაახალწლო სამზადისი თედიაშვილების ოჯახში?
- ცოცხალ ნაძვის ხეს ვყიდულობდით ხოლმე და გვიან, 30-ში ვდგამდით, მაგრამ რაკი ბავშვებმა პროტესტი გამოთქვეს, გვიან ვდგამთო, რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, ხელოვნური გვეყიდა. მე მინდოდა მწვანე, ბესოს - თეთრი და ამაზე ბევრი ვიკამათეთ. საბოლოოდ, თეთრი ნაძვის ხე ავარჩიეთ. ნაძვის ხეს ბავშვებთან ერთად ვრთავ. და საჩუქრებსაც ყველასთვის ვყიდულობ. საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს საცივი და გოზინაყი, რომელსაც ბესოს გამზრდელი მამიდა გვიმზადებს. ახალ წელს ძირითადად, სახლში ვხვდებით. ყოველ ახალ წელს მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ოჯახში ჯადოსნური ამბები მოხდება.
ნინო ჯავახიშვილი