მრავალხმიანი "გეპეის კაპელიდან“ პოლიტიკაში სოლო პარტიით...
საქართველოში შექმნილ მძიმე პოლიკურ სიტუაციას ისიც ართულებს, რომ პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ არათუ ერთმანეთის აზრის გაზიარებას, მოსმენასაც კი, რაც ქვეყანას უფრო მძიმე მომავლისკენ მიაქანებს. ცოტამ თუ იცის, რომ თბილისში არსებობდა ადგილი, სადაც ახლანდელი პოლიტიკოსების უმრავლესობა არამარტო უსმენდა ერთმანეთს, ის თავისი მრავალხმიანობით ერთ მთლიანობას ქმნიდა და ეს ადგილი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა კაპელა იყო, თბილისში "გეპეის კაპელად" ცნობილი. როგორი იყო და რა გზა განვლო "ონავარი ბიჭების" გუნდმა, მისი დირიჟორი ციცი ფალავანდიშვილი იხსენებს.
გოგონა პულტთან
მამა სოსო ფალავანდიშვილი დირიჟორი, მუსიკის მასწავლებელია, ამიტომ მუსიკალური საზოგადოება ბავშვობიდანვე იყო ჩემთვის ნაცნობი... იყო ერთი ბრწყინვალე ადამიანი - იუზა კუბლაშვილი (მამაჩემის დისშვილი), რომელიც 1964 წელს ჯერ ისევ კონსერვატორიის სტუდენტი იყო, "გეპეიში" ბიჭების შეგროვება დაიწყო. ხალხური და პროფესიონალური ანსამბლები საქართველოს არასდროს აკლდა, მაგრამ ისეთი მოყვარულთა გუნდი, რომელსაც მუსიკალური განათლებაც კი არ ჰქონდა, იმხანად უცხო ხილიც იყო და დიდი გამოწვევაც.
რაღაც პერიოდის შემდეგ იუზამ მამას სთხოვა, თუ შეგიძლია ლოტბარად დამეხმარეო და შემდეგ წლები იმუშავეს ერთად. ეს ის პერიოდია, როცა ვაჟთა კაპელა უკვე შეიკრა და მყარად დადგა ფეხზე. მის წიაღში დაიბადა "ცისფერი ტრიოც". ბავშვობიდან ვმღეროდი, ამიტომ მამას ვთხოვე კაპელის რეპეტიციებზე ვეტარებინე. გუნდის პირველი თაობა ჩემზე უფროსი იყო.
რეპეტიციები "გეპეის" ადმინისტრაციულ კორპუსში 18 საათზე იწყებოდა, თუმცა სახლში წასვლამდე გუნდი სიმღერას უკვე ფოიეში აგრძელებდა და სტუდენტები მათ მოსასმენად იკრიბებოდნენ.
მალე მამამ გუნდი დატოვა, ამასობაში მეც კონსერვატორია დავამთავრე და მუშაობის გაგრძელებას იქვე ვაპირებდი, რომ ერთ დღეს იუზა მოვიდა ჩემთან და არ დამეხმარებიო? - მკითხა. ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის, თავიდან ვერც გავიაზრე, რომ მეორე დირიჟორის პოზიციას მთავაზობდა ანსამბლში, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობდა. რა თქმა უნდა, ამ შანსზე უარს არ ვიტყოდი... მიუხედავად იმისა, რომ სადირიჟორო პულტთან პირველად არ ვიდექი, ძალიან ვინერვიულე. ჩემ წინ იდგა 60 ჩემზე დიდი ბიჭისგან შეკრული ძლიერი გუნდი. იყო შანსი, მათ არ მივეღე - ჩემს ადგილას ყოფნას ხომ იმ დროს ბევრი ცნობილი დირიჟორი ინატრებდა, მაგრამ რეპეტიცია გამოგვივიდა და მას შემდეგ არ დავშლილვართ, მეც ამ დიდი ოჯახის წევრი გავხდი.
აპრილის დღეები
1989 წელს რიგის კონკურსისთვის ვემზადებოდით, თუმცა სტუდენტურ მოძრაობას არც ჩვენი კაპელა ჩამორჩა. ბიჭები დადიოდნენ აქციებზე. ამ ფონზე რეპერტუარიც შეიცვალა. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო "შავლეგო", "ჩემო კარგო ქვეყანავ", "წუთისოფელი ასეა"... ყოველდღე მივდიოდით პარლამენტთან და გუნდი მიტინგზე საათ-ნახევარი მღეროდა. მაშინ სულ სხვა მუხტი იგრძნობოდა... 8 აპრილს ღამით ბიჭები მიტინგზე იყვნენ. მე ბავშვის ავადმყოფობის გამო სახლში მობრუნებამ მომიწია, 9-ში დილას კი ყველა ერთმანეთს ვკითხულობდით, ცოცხლები ვიყავით თუ არა... რეეპტიციები გავაგრძელეთ, რადგან იმ დღეებში სიმღერა სულის მალამო იყო. ბიჭების სიმღერაში უდიდესი ტკივილი იგრძნობოდა.
მართლა არ იციან ნოტები?
ბალტიისპირეთში მუსიკას დიდი ყურადღება ექცევა. ნებისმიერ სკოლაში, დაწესებულებაში არის გუნდი, ყველამ იცის ნოტები და სიმღერას პროფესიონალურად სწავლობენ. როდესაც მიწვევა მივიღეთ, მითითებული იყო, რომ სავალდებულო იყო შეგვესრულებინა ხუთხმიანი სტრეტული ფუგა. პარტიტურას რომ დავხედე, შემეშინდა. საქმე ის იყო, რომ ჩვენმა ბიჭებმა ნოტების კითხვა არ იცოდნენ და ამ სირთულის ნაწარმოების სწავლება ხმით მიწევდა.
რიგაში რომ ჩავედით, კარგად დაგხვდნენ. ძალიან გაბრაზებული იყვნენ ჩვენთან მომხდარის გამო. რიგაშიც რთული სიტუაცია იყო, ტელევიზია მხოლოდ ერთი საათით მუშაობდა. საპროტესტო მუხტი მაშინ იკრებდა ძალას. გავიგეთ, რომ ერთი კაცი შიმშილობდა, რაც მათთვის უცხო იყო. ჩვენ მასთან გავეშურეთ სოლიდარობის ნიშნად. მოშიმშილე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნას აპროტესტებდა.
მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავ მასპინძლობას გვიწევდნენ, იყო ერთი მაგრამ: საქართველოში საკუთარი ლოგინიდან რომ უნდა ადგე და სტუმარს დაუთმო, იქ ასე არ არის.
კონკურსში "რიგას გაილისი" 12 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. როდესაც ეს 12 გუნდი ვნახე, გულზე შემომეყარა! ყველა ისეთი დისციპლინირებული გახლდათ, ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი 24 წელი იყო, სხვა გუნდებისა - 40-50 წელი. მათი შემხედვარე ბიჭებიც შეფიქრიანდნენ - ყველას ნოტები უჭირავსო. ჩვენ კი გინდა წაღმა დაგვეჭირა, გინდა უკუღმა, ჩემები მაინც ვერაფერს გაიგებდნენ. პირველ ტურში მეხუთე ნომრად გამოვდიოდით. კონკურსი დაიწყო, მეორე გუნდი დგას სცენაზე და ამ დროს ვხედავ, ბოლოში გამომსვლელები უკვე ორ მწკრივად დგანან, ჩემი ბიჭები კი ზოგი სად არის, ზოგი - სად. მოვიდა ორგანიზატორი და მეუბნება, უკვე დროა, ჩემოდნები ჩაალაგოთ და წახვიდეთ, თქვენი გამოსვლა ახლოვდება და სად გყავს გუნდიო. დავამშვიდე, საჭირო დროს ბიჭები სცენაზე იდგებიან-მეთქი. ერთი შემომხედა, ხელი ჩაიქნია და წავიდა. მართლაც, როგორც კი საქართველო გამოაცხადეს, გუნდი, ფორმებში გამოწყობილი, უკვე სცენაზე იდგა. შევასრულეთ ხუთხმიანი ფუგა, იმავე საღამოს კი სასტუმროში ჟიურის წევრი, რიგის კონსერვატორიის რექტორი მესტუმრა, თავადაც დირიჟორი, და სამუშაოდ რიგაში ოჯახით დარჩენა შემომთავაზა. ბევრი მიზეზით არ დავთანხმდი, მათ შორის იყო ისიც, რომ კაპელას ვერ დავტოვებდი... ბოლო ტურის წინ მოვიდა ჟიურის თავმჯდომარე (ეროვნებით შვედი) და მკითხა, ბიჭებს პარტიტურა რატომ არ უჭირავთო? ნოტების წაკითხვა არ იციან-მეთქი. ერთი კი შემომხედა, თუმცა არაფერი უთქვამს, ისე გამშორდა... კონკურსზე პირველი ადგილი ავიღეთ. ასევე ავიღეთ მაყურებლის სიმპათიის პრიზი. იყო დათქმა - რომელი გუნდიც საუკეთესოდ შეასრულებდა სავალდებულო ნაწარმოებს, მათი დირიჟორი უდირიჟორებდა უკვე 12 გუნდისგან შემდგარ გაერთიანებულ გუნდს. წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ იქ, სადაც რაჩევსკის და სხვა ძლიერი გუნდები იყვნენ, ეს ბედნიერება მე მხვდებოდა წილად!
საქართველო გამოაცხადეს. მე ვთქვი, ბიჭები მზად არიან-მეთქი, მაგრამ როცა აღმოჩნდა, რომ მე უნდა მედირიჟორა სხვადასხვა შესრულების მანერის ამდენი გუნდისთვის, ელდა მეცა. ბიჭებმა დაბნეულობა რომ შემატყვეს, დამაიმედეს, აქ ვართო. ისღა ამოვღერღე, ისეთ ადგილას დადექით, თქვენ რომ გიყუროთ-მეთქი... კიდევ ერთხელ შევასრულეთ ეს ხუთხმიანი ფუგა...
ბანკეტის დროს ჟიურის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მკითხა, ახლა ყველაფერი დამთავრდა და სიმართლე მითხარი, მართლა არ იციან ბიჭებმა ნოტებიო? არ იციან-მეთქი. გამიღიმა, თუმცა მივხვდი, არც ახლა დამიჯერა. რიგაში დიდი პოპულარობით ვსარგებლობდით. გუნდზე სატელევიზიო სიუჟეტიც კი გაკეთდა.
"ჰარე კრიშნა“ ქართულად
ბალტიისპირეთში კონკურსებზე ხშირად გვიწვევდნენ, ვილნიუსის ქალთა გუნდთან ვმეგობრობდით კიდეც. 1990 წელს ვილნიუსში ყოფნისას რამდენიმე დღე ვხედავდით, რომ ყოველ დილით ბრჭყვიალა ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი პროცესია ჩაივლიდა ინსტრუმენტებით და "ჰარე კრიშნას" სიმღერით. ერთ დილას მათი სიმღერა მეცნაურა, ჟღერადობა ჰქონდა სხვა - ქართული ბანი და პირველი ხმა იყო შერეული. ყურებს არ დავუჯერე და აივნიდან გადავიხედე. ქუჩაში ბევრი ჩემნაირი ცნობისმოყვარე იყო გამოფენილი. და რას ვხედავ? მოდის ეს პროცესია "ჰარე კრიშნას" სიმღერით (ძალიან გახარებულები ჩანდნენ) და ბოლოში ამღერებული კაპელის ბიჭები მოჰყვებიან! როცა სასტუმროში დაბრუნდნენ, რას აკეთებდით-მეთქი, ვკითხე. უხერხული იყო, ეს დღეები სულ ერთ ხმაში მღეროდნენო, მიპასუხეს... ლიტვაში ყოფნისას მიგვიწვია პრემიერ-მინისტრმა კაზიმირა პრუნსკენემ, მაგრამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვიტაუტას ლანდსბერგისთან შეხვედრა სულ სხვანაირად დამამახსოვრდა. დამშვიდობებისას მხოლოდ ორი სიტყვა გვითხრა: "გაუფრთხილდით თავისუფლებას!" მისი სიტყვების მნიშვნელობა მოგვიანებით აღვიქვით.
როცა თბილისში ზარბაზანი ქუხდა
მზიანი დღეები ჩვენთან, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, 1992 წლის დეკემბერში დამთავრდა, როდესაც თბილისში მიტინგზე თოფი გავარდა და ომი დაიწყო...
"გეპეის" ადმინისტრაციულ კორპუსში რეპეტიციის ჩატარება უსაფრთხო აღარ იყო, ყველგან შეიარაღებული ადამიანები დარბოდნენ და ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ვიკრიბებოდით. მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს მშობლებს - ერთხელაც არ უთქვამთ, რა გემღერება, ქვეყანა თავზე გვენგრევაო, პირიქით. დიახ, მაშინ უნდა გვემღერა, არ უნდა ყოფილიყო შეგრძნება, ვინ ვისიანი იყო. ყველანი ერთნი ვიყავით... რეპეტიციებზე თუნდაც ცოტა ხნით გვავიწყდებოდა, ზემოთ რა ხდებოდა, თუმცა მაშინ წარმოდგენაც არ შეგვეძლო, კიდევ რა გველოდა.
ომი
1992 წელს, ტრადიციულად, მთელი კაპელა ლესელიძეში გავემგზავრეთ (შეკრებები ზაფხულში სოხუმში გვქონდა. როცა შემოდგომისთვის რეპერტუარი მზადდებოდა, ანსამბლი ემზადებოდა ლესელიძეში, სადაც "გეპეის" თავისი ბაზა ჰქონდა), თუმცა სამტრედიიდან მატარებელი უკან მოაბრუნეს - იქ ჩასვლა უსაფრთხო აღარ არისო. არავის უნდოდა დაჯერება, რომ ლესელიძეში თავის ოთახს, პლაჟს, ეზოში საყვარელ სკამს ვეღარ ნახავდა. ერთმანეთს ვამშვიდებდით, რომ ყველაფერი დროებითი იყო, თუმცა ერთ დღეს აფხაზეთში ომი დაიწყო... ვატყობდი, თანდათან როგორ თხელდებოდა გუნდის რიგები. ბიჭებმა თოფის სროლა არ იცოდნენ, მაგრამ ომში მიდიოდნენ. ერთი გვყავდა, თითქმის ბავშვი, როცა გავიგე, რომ ისიც აპირებდა აფხაზეთში წასვლას, ვერ მოვითმინე და, სოსო, შენ სადღა მიდიხარ-მეთქი, ვკითხე.
- როგორ თუ სად? ომში! - ისე თამამად მითხრა, ვეღარაფერი შევბედე.
იმ ავბედითი სექტემბრის შემდეგ ბიჭები სახლებში დაბრუნდნენ, ღვთის მადლით, ყველა ცოცხალი. პირველი ისევ სოსო მოვიკითხე, რას აკეთებდი იქ-მეთქი, მაგრამ სხვებმა ხმის ამოღება არ დააცადეს, იმდენი გასაოცარი ამბავი მიამბეს მასზე. და უცებ ვიგრძენი, რომ ეს ჩემი ღიმილის ბიჭები, თმაში ჭაღარაგარეული, სილაღედაკარგული უცებ დაკაცებულიყვნენ... ქართველი კაცი ყველგან მღერის. სვანური ან გურული ზარი გავიხსენოთ... ერთმა მითხრა, ომში უსუსურნი აღმოვჩნდით, არადა, კაცები ვართ და ჩვენი მიწა ვერ დავიცავითო. ამ ხინჯით გულში კაპელა კიდევ დიდხანს მღეროდა...
ისევ ომი
წლები გადიოდა, გუნდში თაობები იცვლებოდა. დავდიოდით გასტროლებზე, ყველას მოსწონდა ჩვენი მრავალხმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერაში ყველა ხმას თავისი სათქმელი აქვს, ყველა თანაბარია, ყველა ერთმანეთს უსმენს და ბოლოს ყველა ხმა ერთ ნოტზე ამთავრებს.
2008 წლის აგვისტოში მივხვდი, არაფერი შეცვლილა, ბიჭები კვლავ ომში მიდიოდნენ. ისევ შეთხელდა გუნდის რიგები. როცა ჩემმა შვილმა გიგიმ (გიგი დედალამაზიშვილი, ანსამბლ "მგზავრების" სოლისტი), რომელიც იმ დროს კაპელაში მღეროდა, მკითხა: "კაცად გამზარდე?" მიხვდი, რასაც გულისხმობდა და... გორში წავიდა... ეს ომი რამდენიმე დღე გაგრძელდა, ამიტომ ბიჭებმა ბრძოლის ველზე გასვლა ვერ მოასწრეს, თუმცა, ახლაც ეს ღიმილის ბიჭები უცებ დაკაცდნენ... ამ ხინჯითაც გულში ანსამბლი კიდევ კარგა ხანს მღეროდა.
ბევრმა იმ ბიჭებისგან, რომლებმაც ნოტების კითხვაც კი არ იცოდნენ, საბოლოო პროფესიად სიმღერა აირჩია. დღეს საქართველოში ვერ ნახავთ ანსამბლს, რომელშიც კაპელის ბიჭები არ მღეროდნენ ან თავად არ იდგნენ სადირიჟორო პულტთან. მიშიკო ბახტაძე დღეს გერმანიის საოპერო სცენაზე დგას. ბევრი კი პოლიტიკოსი გახდა.