"სრულიად უცხო ხალხი მირეკავდა და შემომჩიოდა, ეს რა ქნეს სუხიშვილებმა, როგორ დაამხვეს ქართული ცეკვა და წინაპრების სახელიო!" - კვირის პალიტრა

"სრულიად უცხო ხალხი მირეკავდა და შემომჩიოდა, ეს რა ქნეს სუხიშვილებმა, როგორ დაამხვეს ქართული ცეკვა და წინაპრების სახელიო!"

არქივიდან

ლეგენდარული იამზე დოლაბერიძე 81 წლის გახდა (7 დეკემბერს). ექვს ათეულ წელზე მეტია, რაც ის ქართულ ცეკვაში ისე დაცურავს, როგორც თევზი წყალში, ან ისე დაფრინავს, როგორც ცაში მერცხალი. ეს შედარებები შემთხვევით არ გამხსენებია - ქალბატონ იამზესავით ვერ იცეკვებ, თუ გენეტიკურმა კოდმა არ გიკარნახა, სად "იფრინო" და სად "იცურო". იმავე გენეტიკურმა კოდმა უნდა გვიკარნახოს, საფრთხე ხომ არ შევუქმენით საუნჯეს, რომელსაც ათასწლეულები ერთგულად ვინახავდით და რომელსაც ჩვენს ეპოქაში ცვლილებები ისევე შეეხო, როგორც მთელ ქვეყანას. სწორედ ამიტომ 81 წლის ქალბატონ იამზეს ქართული ცეკვის თანამედროვე ტენდენციებზე ვკითხეთ.

- თაობები წავლენ და მოვლენ, მაგრამ თქვენ ქართული ცეკვის სიმბოლოდ დარჩებით. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამბობენ, ქართული ცეკვა "გადასხვაფერდა" - სცენაზე კეკლუცი, მაგრამ მოკრძალებული ქართველი ქალის ნაცვლად ემანსიპირებული, მამაკაცთან თანასწორობისთვის მებრძოლი ქალი გაჩნდა, რის გამოც ბევრს ეშინია, რომ ნამდვილი ქართული ცეკვა იკარგება.

- ნუთუ მართლა?! მე ქართული ცეკვის დაკარგვის საფრთხე არ შემინიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ "სუხიშვილების" კონცერტებს მუდამ ვესწრები და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოცეკვავე ვარ, არამედ წარსულის გამოც. ძალიან ადრე დავქვრივდი, ჩემი შვილები ორი და ოთხი წლისანი­ იყვნენ და ჩვენი პატრონობა სუხიშვილების ოჯახმა ითავა. ჩემი შვილები ილიკოსა და ნინოსთან ერთად გაიზარდნენ და დღემდე ასე მოვდივართ. წლების წინ, როცა ილიკომ თანამედროვე ქართული ცეკვები­ პირველად წარმოადგინა აღფრთოვანებული დავბრუნდი სახლში, ამ დროს კი სრულიად უცხო ხალხი მირეკავდა და შემომჩიოდა, ეს რა ქნეს სუხიშვილებმა, როგორ დაამხვეს ქართული ცეკვა და წინაპრების სახელიო! მე გაოცებული ვპასუხობდი, ხალხო, ნუთუ ამას სერიოზულად ამბობთ, მე ისე მომეწონა ახალი დადგმები, სუნთქვა შემეკრა-მეთქი. ასეთი­ პასუხის შემდეგ ეს ხალხი გაბრაზებული მითიშავდა ტელეფონს ან მეკითხებოდა, ნუთუ ამას გულწრფელად ამბობთო?! სხვანაირად როგორ ვილაპარაკებდი?! ან რომელ ქართული ცეკვის ცვლილებაზეა ლაპარაკი?!

eradze2-1639940642.jpg

- ბევრს ძალიან აწუხებს, რომ ქართული ცეკვა გახდა ცეკვა ემანსიპირებული, ბოხოხიანი, ხმლიანი ქალებისა, რომლებიც ცდილობენ, მამაკაცის თანასწორი გახდნენ.

- უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, ხელებს გავშლიდი და სცენაზე "სუხიშვილებთან" ერთად ვიცეკვებდი. ყოჩაღ! ჩემი ქება ახალგაზრდა სუხიშვილებს, ნინოს და ილიკოს, რომ ქართული ცეკვა ასე დიდებულად შეინარჩუნეს და გაშალეს, რომ არ ჩერდებიან და ბრწყინვალედ ცეკვავენ, რასაც არაადამიანური ენერგია სჭირდება. რომელ ემანსიპაციაზეა საუბარი? უფროსმა ნინომ და ილიკომ ქართული ცეკვა დახვეწეს და ნაციონალურ ბალეტად აქციეს. ქართული ცეკვა უტყვი ლოდი როდია, ეპოქის ცვლილება არ შეეხოს. ქართული ცეკვა ერის ცოცხალი სხეული და გონებაა, რომე­ლიც ცვლილებას იღებს და გადაამუშავებს,­ ისევე, როგორც თავად­ ქართველი ერი ვითარდება­ და იცვლება საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ისევ ქართველ ერად რჩება. ან ასე რით განსხვავდებიან "სუხიშვილების" გოგონები თავიანთი ცეკვით ჩვენი ძველი ქართველი ქალებისაგან?! ნუთუ ისინი არ იცვამდნენ მამაკაცურად ან ხმლები არ ეჭირათ ხელში, როდესაც მტერი მოდიოდა?! განა ასე ქალიან-კაციანად ბრძოლით არ მოვედით დღემდე? არავის აქვს უფლება, ეს არ შეინახოს, თუმცა არც არავის ხელეწიფება მისი შეცვლა. ამის დამსახურებაა, რომ ახლა ყველა პატარა გოგონასა და ბიჭს ცეკვა სურს. ამდენი ხანია, ასე გრძელდება და ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვიყავი.