"მადლობა ყველა მევახშეს დიდი დრამისთვის - თქვენ რომ არა..." - კვირის პალიტრა

"მადლობა ყველა მევახშეს დიდი დრამისთვის - თქვენ რომ არა..."

"დედას ყვირილმა შემომაბრუნა, ფეხი იღრძო. ძალიან რომ არ სტკენოდა, ასე არ იყვირებდა. თოვლი ადგილ-ადგილ ყინულად გადაუქცევია ზამთრის ძლიერ ყინვას და ეს უფრო ართულებდა, აუტანელს ხდიდა ტყიდან ფიჩხის გამოტანას... "დე, ცოტა ხანს უნდა შევისვენოთ, ფეხი გადამიბრუნდა", - ისეთი სახით მითხრა, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა. ჩამოვსხედით ფიჩხზე, რომელიც ძველი ბაწრით გვქონდა შეკრული შეძლებისდაგვარად მყარად. ნაღრძობი ფეხის ტკივილი კი რაც დრო გადიოდა, იმატებდა. სწორედ მაშინ, დაახლოებით 7 წლის ასაკში, მომიწია პირველად იმაზე მეტი გამეკეთებინა, ვიდრე შემეძლო, ოღონდ ისე, რომ დედას არ შეემჩნია. ჩამოვიტანეთ ფიჩხი. ჩვენს "სახლში" რომ შესულიყავით, ძველი შესასვლელი ფიცრულის კარი ჯერ მაღლა უნდა აგეწიათ მთელი სხეულით და შემდეგ ძლიერად გამოგეზიდათ. ყოველი წვიმა სადარდებელს გვიმატებდა და პლასტმასის ჯამების, თეფშების მოხმარების რიცხვს ზრდიდა, რომ ჭერიდან ჩამოსული წყალი მოგვეგროვებინა. შესვლისთანავე შემოგვესმა მკაცრი და ცინიკური ფრაზები, რადგან ორი ციცქნა ოთახისგან შედგებოდა ჩვენი მთელი "სახლი". "ჰა, როდის უნდა დაფაროთ პროცენტი?! ეგრე არ გამოვა, ორი თვეა აღარ გადაგიხდიათ!" - მოსუქებული მევახშე, რომელსაც ნასესხები ფული დიდი ხნის წინ ხუთმაგად ამოღებული ჰქონდა, ჩვენგან დაძონძილ, თუმცა მაქსიმალურად სუფთა გარემოში კიდევ მეტ დოლარს ხედავდა. ვერც ცარიელ საპურეს ამჩნევდა, ვერც უხორცო, უცხიმო, უყველაფრო წვნიანს. მხოლოდ 25 პროცენტი ელანდებოდა, რომელიც ყოველთვიურად უნდა გვეხადა, სანამ თავანს არ შევაგროვებდით და არ მორჩებოდა ეს ჯოჯოხეთი. ვალს ვალი ემატებოდა, მამას სამსახურებს კი სამსახურები, იმედგაცრუება და ადრე მომადლიერებული ბევრი ადამიანისგან ღალატი! დიდი ვალის გადასახდელად აღებული კიდევ უფრო დიდი ვალი უფრო და უფრო არარეალურს ხდიდა ოდესმე ნორმალური ცხოვრების ალბათობას. ოდესღაც სახლის ასაშენებლად თითქმის სრულად მიტანილი საშენი მასალა ნელ-ნელა გაიზიდა ჩვენი ეზოდან. მიჰქონდათ მასალა და მიჰყვებოდა ჩემი ოცნებაც, ოდესღაც ლამაზი სახლი მქონოდა... "სახლი უნდა გავყიდოთ, სხვა გზა არა გვაქვს, მევალეები აღარ დაგვაცდიან", - მიუხედავად ჩურჩულით საუბრისა, მაინც მოვკარი მშობლების დიალოგს ყური. რამდენიმე დღეში სახლის ტელეფონი ახმაურდა. შეძლებისდაგვარად ვცდილობდი იმ პერიოდში ტელეფონისთვის მე მეპასუხა და მშობლების უჩუმრად მეპასუხა: "გაიყიდა უკვე". ამით ვართულებდი შესაფერისი კლიენტის პოვნას. ღმერთო, როგორ არ მინდოდა სახლიდან წასვლა, სხვაგან წასვლა... რამდენი რამის მოყოლა შეიძლება კიდევ... ბევრმა ადამიანმა შეგვაქცია ზურგი! ბევრი ვერც ამჩნევდა ჩვენს არსებობას. აუტანელი იყო ეს ყველაფერი, თუმცა ამ ცხოვრების პერიოდზე ხანდახან ვსაუბრობთ ხოლმე და ვიხსენებთ, იმიტომ, რომ ვიცოდეთ ახლა სად ვართ, სად მოვედით, საით მივდივართ... ყველა იმ ადამიანს, მევალეს მინდა მადლობა გადავუხადო თუნდაც დიდი დრამისთვის, ნეგატივისთვის! თქვენ რომ არა, კარგი ადამიანების ცნობას ვერ ვისწავლიდით და მე კი ასე არ გამიადვილდებოდა მუსიკის წერა! დღეს მე არ უნდა ვითამაშო, რომ დავწერო გერმანიის ყველაზე ცნობილი კინოკომპანიების პროდუქციებისთვის კინომუსიკა - ღარიბზე, უკიდეგანოდ სასოწარკვეთილზე, მიტოვებულზე, შეურაცხყოფილზე ან უეცრად მცირედით ცამდე გახარებულზე, გაბედნიერებულსა და ცხოვრებაზე უზომოდ შეყვარებულზე, რადგან ეს მე ვარ, ჩემი ოჯახია, რომელიც არასდროს არ დანებდა, იბრძოლა და დიდი შრომით და ერთმანეთის დახმარებით შეძლო ყველაფერი! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!" - წერს გერმანიაში აღიარებული ქართველი მუსიკოსი ლევან ბაშარული, რომლის ბავშვობის მოგონებამ სოციალური ქსელი შეძრა. ლევან ბაშარული გერმანიიდან გვესაუბრა:

- წერილი, რომელიც სოცქსელში ჩემს მსმენელსა და მეგობრებს გავუზიარე, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ პერიოდს ასახავს. მინდოდა ეს ყველაფერი სწორი პერსპექტივიდან დამენახებინა, მინდოდა ეს ემოციური თანადგომა და რაც მთავარია, მოტივაცია ყოფილიყო მათთვის, ვისთვისაც ნაცნობი მდგომარეობაა ჩემი ოჯახის იმდროინდელი ყოფა. ასევე ის, რომ ადამიანისთვის მიუღწეველი არაფერია, თუ ის შრომას და დროს დაუთმობს მიზნის მიღწევას... 90-იანები ბევრისთვის რთულად გასახსენებელი პერიოდია - ის სიცივესთან, შიმშილსა და უიმედობასთან ასოცირდება. სამწუხაროდ, ჩემი ოჯახიც იმ ბევრი ოჯახიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც უკიდურესი გაჭირვების გამო ხელის მომთბობი მევახშეების მსხვერპლი გახდა.

- იმ ურთულეს წლებში თქვენ თბილისის კონსერვატორია დაამთავრეთ. როგორი იყო სწავლის პერიოდი?

- რა კარგი დრო გამახსენეთ, პროფესიულად თუ პიროვნულად ინტენსიური­ განვითარების, გარდასახვის ფაზა და ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური პერიოდი... საოცარი პროფესორ-მასწავლებლები, ახალი მეგობრები, კონცერტები, მასტერკლასები ქართველ თუ ევროპელ ცნობილ კომპოზიტორებთან, მასტერკლასი ბერლინში პროფესორ ფრიდრიხ გოლდმანთან. სწორედ გერმანიაში მასტერკლასებზე ყოფნისას გადავწყვიტე სწავლის მიუნხენში გაგრძელება თბილისის კონსერვატორიის დასრულების შემდგომ. თუმცა არა კლასიკური კომპოზიციის მიმართულებით, არამედ კინომუსიკის კომპოზიციის განხრით.

basharuli-1639940982.jpg

- გერმანიაში ბავშვებს მუსიკას ასწავლიდით, ბავშვების დედებს კი ბაღის საქმეებში ეხმარებოდით.

- გერმანიაში წასვლა და ჩემს მიზნებთან დაახლოებისთვის რთული გზის გავლამ მომიწია. ბევრი ცნობილი ადამიანისგან გამეგო ადრე მსგავსი ფრაზები: "თეფშებს ვრეცხავდი", "სუპერმარკეტში ვმუშაობდი" და ყოველთვის კეთილად დასრულებული ისტორიების ინტრო მეგონა. თუმცა მეც იმავე გზის გავლამ მომიწია. მერე ხვდები, რომ ეს არ არის ზღაპარი, რომელსაც სიამოვნებით კითხულობ, უკვე იცი, დასასრული ბედნიერი ექნება. ხშირად გგონია, რომ ყველაფერს თავს დაანებებ, დაემშვიდობები ოცნებებს, რადგან უსტიპენდიოდ უცხო ქვეყანაში სწავლა არაადამიანურ დისციპლინას, დიდ ნებისყოფასა და ენერგიას მოითხოვს. ჩემს ჯგუფელებს ძალიან უკვირდათ, რომ გაიგებდნენ, ლექციების შემდეგ სამუშაოდ რომ მივდიოდი, და ამას ძალიან აფასებდნენ. მათ არ უწევდათ მუშაობა, რადგან ოჯახები აფინანსებდნენ. მეორე კურსზე რომ ვიყავი, ერთ დღეს, ლექციების და საღამოს მუშაობის შემდეგ შინ რომ დავბრუნდი, ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა - გერმანიის მეორე არხმა სატელევიზიო ფილმზე თანამშრომლობა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, მეორე დღესვე დავწერე მაღაზიაში გათავისუფლების განცხადება და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გერმანული კინომუსიკის კარიერა.

- წარმატებაც მალე მოვიდა. გერმანიის წლის კინომუსიკის დაჯილდოებაზე გერმანიის წლის საუკეთესო ახალგაზრდა კომპოზიტორად დასახელდით.

- გერმანიის წლის მთავარი კინომუსიკის დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინანტთა შორის მეც მოვხვდი. 4 ნომინაცია იყო: საუკეთესო მუსიკა ფილმში, საუკეთესო პოპნომერი ფილმში, წლის საუკეთესო ახალგაზრდა კომპოზიტორი და წლის დამსახურებული მოღვაწე კომპოზიტორი (უფროსი თაობიდან).

პირველ და მეორე ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა კონკურსის პრინციპით ხდება. მესამე და მეოთხე ნომინაციაში საუკეთესოებს ცნობილი გერმანელი კომპოზიტორებისაგან დაკომპლექტებული ჟიური ირჩევს. რამდენიმე ჟიურის წევრს მოსმენილი ჰქონდა ჩემი სიმფონიური პოემა "ომის შემდეგ" მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, ასევე იცნობდნენ მხატვრულ ფილმებს, მათ შორის "ლუის ტრენკერს", რომლის პრემიერა 2015 წლის ივლისში მიუნხენის კინოფესტივალზე გაიმართა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა კინოკომპოზიტორის ნომინაციაში ორ ახალგაზრდა გერმანელ კომპოზიტორთან ერთად დამასახელეს. ძალიან არ მიყვარს კონკურსები და გამიკვირდა ჩემი ნომინაციის წერილი და მიპატიჟება, რომ მივიღე დაჯილდოების საღამოზე, რადგან არც დავრეგისტრირებულვარ კონკურსისთვის. ამ ნომინაციამ მომიტანა მეტი პოპულარობა და საინტერესო სატელევიზიო პროექტები.

- დღეს მუსიკას წერთ როგორც ქართული, ისე გერმანული ფილმებისთვის?

- დიახ და არცთუ დიდი ხნის წინ ქართულ-ამერიკული ფილმის პროექტისთვისაც დავწერე. ჩემთვის როგორც ქართული, ასევე ევროპული ჟღერადობა ძალიან ახლოსაა და მათი შერწყმა კიდევ უფრო საინტერესო. მიხარია, რომ ბოლო დროს გავიცანი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა რეჟისორები, რომლებთან თანამშრომლობაც ძალიან მომწონს. მათთან ერთად გავაკეთე ორი ექსპერიმენტული ონლაინსპექტაკლი. მას შემდეგ კი, რაც სახლის კონცერტები დავიწყე, ფეისბუკგვერდზე ჩემდა გასახარად ბევრს გაუჩნდა სურვილი ჩემი მუსიკის შესრულების და ნოტები მთხოვეს. გამოვიყენე პანდემიის ჟამს სახლში გატარებული დრო და დავამზადე ჩემი პირველი სანოტო კრებულის მასალა. რთული ის იყო, რომ საქართველოში არა ვარ და წიგნთან დაკავშირებულ ყველა დეტალს დისტანციურად ვათანხმებდი. თუმცა ჩემმა პროდიუსერმა თბილისში ნიკოლოზ მინდიაშვილმა ძალიან გამიადვილა ეს პრობლემა, მეტად კომფორტული გამოდგა მასთან მუშაობა, რისთვისაც დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემი პირველი წიგნი საქართველოში დაბეჭდილიყო. სანოტო კრებულში შევიდა როგორც გერმანული, ასევე ქართული ფილმებისათვის შექმნილი საუნდტრეკები.

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი, ყოველდღიურობა...

- ჩემი ოჯახი: დედა ეთერ ჩაჩანიძე,­ მამა გრიგოლ ბაშარული, და ნინო ბაშარული, ოღონდ მომღერალი ნინო ბაშარული კი არა, არტთერაპევტი. მან დიდი როლი ითამაშა, გერმანიაში რომ ჩამოვსულიყავი. ჩემი და მიუნხენში ცხოვრობს.

დედა და მამა თბილისში ცხოვრობენ. განსაკუთრებით დედასთან ყოველდღიური სატელეფონო კონტაქტი მაქვს და ვცდილობ ხშირად ვიყო თბილისში ან პირიქით.

ჩემი ყოველი დღე იწყება ადრიანად გაღვიძებით, აუცილებლად ჯანსაღი საუზმით, შემდგომ ვარჯიში და დღის დაგეგმვა. მუშაობის განრიგს თავად განვსაზღვრავ. ეს უფრო მეტ დისციპლინას მოითხოვს, რათა ფორმაში იყო კარიერულადაც და ფიზიკურადაც. რა თქმა უნდა, კარგი მუსიკის მოსმენა, ინსპირაცია, საინტერესო ამბების მუსიკად გარდაქმნა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ახლახან დავასრულე მუშაობა გიორგი აბაშიშვილის თიზერზე, რომელსაც 2022 წელს სრულმეტრაჟიანი გერმანული მხატვრული ფილმის ფორმით ნახავს მაყურებელი. ვმუშაობ ჩემი საუნდტრეკების პირველი დისკის გამოცემაზეც.

აქტუალურ პროექტებს შორის არის ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორის დავით თარბას ახალი, ძალიან საინტერესოდ გაკეთებული თოჯინური სპექტაკლი, რომლის მუსიკალურ გაფორმებაზე ინტენსიურად ვმუშაობ. ეს არის მორის მეტერლინკის (რომელიც ყველასთვის უფრო ცნობილია როგორც "ლურჯი ფრინველის" ავტორი.) პიესა წმინდა ანტონიუს პადუელის აღსრულებულ სასწაულებზე. ავტორი სატირული ფორმით გადმოსცემს სიკვდილის გარდაუვალობას, ვართ თუ არა მზად სასწაულებისთვის და შეცვლის თუ არა სასწაული ადამიანის ცხოვრებას. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით. მხარდამჭერები არიან ფოლკლორის ეროვნული ცენტრი და თბილისის მერია.

რაც შეეხება გეგმებს: გერმანულ მხატვრულ ფილმ „AUSSTEIGER“-თან ერთად, 2022 წელს იგეგმება ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქართველი მსახიობისა და რეჟისორის არჩილ გუგბერიძის სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე მუშაობა. ასევე ძალიან მინდა ჩემი კინომუსიკის საავტორო ლაივკონცერტის თბილისში გამართვა, იმედია, მალე ესეც შესაძლებელი იქნება.