თვითნასწავლი ხელოვანის არაჩვეულებრივი გამოფენა
თბილისში ცხოვრობს ახალგაზრდა თვითნასწავლი მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილი, რომელსაც სამჯერ ჰქონდა გამოფენა ლუვრში (მეოთხე მიწვევაზე წასვლა ვერ შეძლო), ქალაქში მის ქანდაკებებს ბევრგან შეხვდებით. თავის წარმატებულ და საყვარელ საქმეზე ლევან ბუჯიაშვილი გვესაუბრა:
- ბავშვობაში პლასტელინით ძერწვა დავიწყე, 5 წლის რომ გავხდი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიმიყვანეს, სადაც ორი წელი ძერწვის წრეზე დავდიოდი. შემდეგ 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა და ვეღარ ვიარე... 15 წლამდე პაუზა მქონდა და შემდეგ „ნატიფი ხელოვნების კოლეჯში არქიტექტურას ვსწავლობდი. იქ სხვადასხვა სახის გაკვეთილები გვიტარდებოდა, ერთ-ერთი ხეზე ჭრის იყო. ჩემი პირველი ნამუშევარი ხით შევქმენი. მომეწონა, როგორიც გამომივიდა და სერიოზულად მუშაობა დავიწყე. ახლა 39 წლის გახლავართ და ამ საქმით ვარ დაკავებული.
- როგორი იყო გზა ლუვრის გამოფენამდე?
- ჩემს საქმეს რომ არ ვუღალატე, ამან ბევრი რამ განაპირობა. წარმოიდგინეთ, იმდენად მიყვარდა ჩემი საქმე, პროფესიის შეცვლაზე არც მიფიქრია, თუმცა ძალიან ბევრი წინაღობა იყო: არანაირი პირობები, უფულობა და სრული უპერსპექტივობა... გამოფენას რომ ვერ აწყობ, არავინ გიცნობს, ინტერნეტი არ არსებობს, რომ ხალხმა ონლაინ გაგიცნოს... საქმის სიყვარულმა და იმედმა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა, გადამარჩინა.
2016 წელს ლუვრში ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიმართა, სადაც მეც შემომთავაზეს მონაწილეობა. მანამდე პორტფოლიო გავგზავნე და მოეწონათ. პირველ მიწვევას მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ...
- ალბათ, ლუვრის გამოფენებმა თქვენი ნამუშევრები მსოფლიოს გააცნო. დღეს კი რუსთაველზე თქვენი შექმნილი ქანდაკებები დგას, რომლებიც ტურისტების აღფრთოვანებას იწვევს, საზღვარგარეთის არაერთი ქვეყნიდან იძენენ...
- ალბათ, რა სითბოს და სიყვარულსაც ვდებ ნამუშევრებში, უკან მიბრუნდება. ჩემ მიერ შექმნილი ბალერინები ჯერ კიდევ 2015 წელს დაიდგა თბილისის ოპერის ბაღში, სხვადასხვა ქანდაკება დგას რუსთაველის პროსპექტზე, რუსთავში, ზესტაფონში და სხვაგან. 2009 წელში შევქმენი ქანდაკება, რომელიც ლიეტუვაში დადგეს.
ბევრი ქანდაკება ინტერიერისთვის, ექსტერიერისთვის საქართველოში რჩება, ბევრიც კერძო კოლექციებშია. ვისაც ლამაზი ეზო აქვს, იქ ლანდშაფტი ითხოვს ქანდაკებას. დაკვეთები მაქვს უცხოელებისგან, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისგან.
- თქვენ თანამშრომლობდით სალომე ზურაბიშვილის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის მეუღლე დარეჯან ბერეკაშვილთან...
- ლუვრში საერთო გამოფენა გვქონდა... ქალბატონი დარეჯანი არაჩვეულებრივი ხელოვანია, ჩვენ ვმეგობრობთ და ჩემს სახელოსნოშიც მეწვია, მეც ძალიან მომწონს მისი შემოქმედება და ამან დაგვამეგობრა... მე თვითნასწავლი მოქანდაკე ვარ, იმის მიუხედავად, რომ სამხატვრო აკადემია არ დამიმთავრებია, ხელი არაფერში შეუშლია. პირიქით, უფრო ინდივიდუალური ხელწერა ჩამომიყალიბდა.
ეროტიკული ხასიათის ქანდაკებების მთელი სერია შევქმენი, რომელიც საზღვარგარეთ გაიყიდა.
- დღეს თქვენ შეძელით იყოთ წარმატებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი... დამწყებ ხელოვანებს რას ეტყვით?
- ჯერ ის არის გასარკვევი, ხელოვნება რისთვის უნდათ. მაგალითად, ჩემთვის ცხოვრების წესია! ყველაფერი ამასთან არის დაკავშირებული: ფინანსები, ბედნიერება, წარმატება... თუ ხელოვნება მხოლოდ დროის გასაყვანად სურთ, არაფერი გამოვა და მერე იწყება დაბრალებები, აქ ხელოვნება არ ფასობსო. ასეთი დამოკიდებულებით არც სხვა ქვეყნებში მიიღწევა წარმატება, თორემ უკვე რამდენია წასული და ცოტა წარმატებული.
გეგმაში მაქვს მეტი ნამუშევრების შექმნა, მასშტაბის გაზრდა, დიდი სახელოსნოს აშენება... ცხოვრების ბოლომდე რომ ამ სფეროში დავრჩები და არასოდეს ვუღალატებ, ეს ზუსტად ვიცი. არც არსად წასვლას არ ვაპირებ! ამ ქვეყანაში უნდა ვიმუშაო და ყველაფერი აქ დავტოვო!
- უნიჭიერესია თქვენი შვილი, ამბობთ, რომ უკვე გაოცებთ...
- ანუკი არაჩვეულებრივად ხატავს. ახლა ქანდაკებებსაც აკეთებს. 4 წლის ასაკიდან დაიწყო ხატვა. მე ვერ ვხატავ, ჩანახატსაც ვერ ვაკეთებ, ანუკი კი ძალიან კარგად ხატავს და ეს ძალიან მახარებს. ახლა 17 წლისაა, მაგრამ 15-16 წლიდან ძალიან სერიოზული ნამუშევრები აქვს. სწავლის გაგრძელებას ამერიკაში, ხელოვნების აკადემიაში აპირებს.