"კობახიძის განცხადებების მიუხედავად, შექმნილი რეალობა "ქართულ ოცნებასაც" აიძულებს ჩაერთოს პრეზიდენტის წამოწყებულ პროცესში" - კვირის პალიტრა

"კობახიძის განცხადებების მიუხედავად, შექმნილი რეალობა "ქართულ ოცნებასაც" აიძულებს ჩაერთოს პრეზიდენტის წამოწყებულ პროცესში"

"კობახიძის განცხადებების მიუხედავად, შექმნილი რეალობა „ქართულ ოცნებასაც“ აიძულებს ჩაერთოს პრეზიდენტის წამოწყებულ პროცესში", - ასე ეხმიანება ფრაქცია „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ჰიტლერს შეადარა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ პროცესმა, რომლის დაწყებაც პრეზიდენტს სურს, შედეგი გამოიღოს, ყველას მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობაა აუცილებელი.

„ის განცხადებები, რაც „ქართული ოცნებისგან“ გვესმის, იძლევა ყველანაირ საფუძველს, რომ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ადამიანები ამ პროცესის შესაძლო შედეგის მიმართ. თუმცა, რეალობა, რაც არის შექმნილი, ვფიქრობ, აიძულებს „ქართულ ოცნებასაც“ მიუხედავად სრულიად მიუღებელი განცხადებებისა, რაც გვესმის კობახიძისგან, აქტიურად ჩაერთონ ისინიც ამ პროცესში. ეს არის მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკვეთრად გამოხატული ნება, საზოგადოებაში არის დიდი მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ ეს იყოს შედეგის მომტანი პროცესი,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, როგორც ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ- ქალაქში" განაცხადა, დამნაშავესთან ვერ შერიგდები, თუ დამნაშავემ დანაშაული არ აღიარა.

"რომ არ მომხდარიყო ნიურნბერგის პროცესი, ჰიტლერი მინიმუმ 30-40 პროცენტს აიღებდა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რადგან იყო რაღაც სენტიმენტები. ამიტომ არის საჭირო პოლიტიკური სტანდარტი და სამართლებრივი შეფასება. შევაფასოთ, გინდ ნიურნბერგის პროცესი იყოს, გინდა ბუენოს-აირესის. მთავარია რაღაცა შეფასება გაკეთდეს იმისთვის, რომ თეორიულად დავუშვათ საუბარი შერიგებაზე,"- განაცხადა კობახიძემ.