"მის ამ ინიციატივას ბოლომდე მხარს ვუჭერ" - კვირის პალიტრა

"მის ამ ინიციატივას ბოლომდე მხარს ვუჭერ"

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განცხადება თავად გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის გარდა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაც სურს.

„ჩვენს შორის შეხვედრა წინა კვირაში შედგა და ძირითადად საუბარი ეხებოდა ქალბატონი სალომეს მიერ დაწყებულ პროცესს. მგონია, რომ ქალბატონ სალომეს ხედვა ქვეყანაში არსებული შიდა და საგარეო გამოწვევების თაობაზე, მისი მზაობა, რომ ამ პროცესს უპასუხოს მის მიერ ინიცირებული გლობალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესით, უაღრესად ადეკვატური, აქტუალურია და ქვეყნის გამოწვევების რაციონალური შეფასებიდან გამომდინარე, უალტერნატივო. შესაბამისად, მის ამ ინიციატივას ბოლომდე მხარს ვუჭერ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, ელის თუ არა, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შორის დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი შედეგიანი იქნება, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს „ბუნებრივ პროცესად“ მიაჩნია.

„თუ ადამიანი ცოტა მაინც ერკვევა საგარეო ურთიერთობებში, სახელმწიფოს ფუნქცონირების ძირითად პრინციპებში და იმ გამოწვევებში, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს, ასეთ შემთხვევაში, ამ პროცესთან დაპირისპირება არარეალისტურად და აბსურდულად მიმაჩნია. შესაბამისად, ველი, რომ ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებაში იქნება ის რაციონალური ელემენტი, რომელიც ამ მიმართულებით სულ უფრო მეტ პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრასაც გეგმავს.

„დღეს ოფიციალურად მივმართე შესაბამის სტრუქტურებს იმისთვის, რომ ასეთი შეხვედრის შესაძლებლობა შექმნან. რამდენადაც აბსურდულად არ უნდა ჟღერდეს, ამ მიმართულებით ყოფილ პრეზიდენტს თავის ყოფილ კოლეგასთან, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრის არანაირი ფორმალური უფლება არ აქვს. როგორი სისწრაფით დაუშვებენ ამ შეხვედრას, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლი უმნიშვნელოვანესი იქნება.

„მიხეილ სააკაშვლი არის ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი. ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისით მისი ჩართულობა აბსოლუტურად უალტერნატივოა, თუ გვინდა ამ პროცესის წარმატებულად განვითარდება. რამდენადაც მახსოვს, ბატონი სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იყო, ის საკუთარ გათავისუფლებას ამ პროცესის წინაპირობად არ მიიჩნევდა. ამბობდა, რომ ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან სასაუბრო, მესამე, მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტებს და ამ საუბრის წინაპირობა არ არის მის გამოშვება. ასე რომ, მივესალმები მის დამოკიდებულებას, რომ ის მზად არის, წინაპირობების გარეშე წამოვიდეს დიალოგზე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.