"რა ინფორმაციასაც მაძლევენ, ყველა საკვები ობიექტი აღარ ითხოვს "მწვანე პასპორტს" - საჭიროა აღსრულების გამკაცრება" - კვირის პალიტრა

"რა ინფორმაციასაც მაძლევენ, ყველა საკვები ობიექტი აღარ ითხოვს "მწვანე პასპორტს" - საჭიროა აღსრულების გამკაცრება"

"რასაც მე ინფორმაციას მაძლევენ, იმ საკვებ ობიექტებში, სადაც ადამიანები შედიან, ყველა აღარ ითხოვს „მწვანე პასპორტს“. ამ მიმართულებით საჭიროა აღსრულების გამკაცრება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ამასთანავე, არსებობს დაწესებულებები, სადაც „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებულ რეგულაციას ნამდვილად იცავენ.

„ზოგი ითხოვს და ეს მეც გამოვცადე. ერთ-ორ ადგილას სპეციალურად შევედი და რამდენიმე ორგანიზაციაში მომთხოვეს, რაც კარგია, მაგრამ ზოგ ადგილას უკვე აღარ ითხოვენ და ყურადღება მოდუნდა. სულ უფრო და უფრო მეტი შემოძახილი და გამკაცრება გვჭირდება, პირველ რიგში - „მწვანე პასპორტის“ აღსრულების, პირბადის ტარების და სხვა საკითხების გარშემო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე უმთავრესია იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია.

„ჯერჯერობით, რამე სერიოზულ შეზღუდვაზე რეკომენდაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენივე რეკომენდაციები არის ტესტირების სისტემის გამკაცრებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.