"ამით ოჯახიც გვარიანად ვანერვიულე"
"ყველა ადამიანს რაღაც მიზნები უნდა ჰქონდეს, რომ ცხოვრება უფრო საინტერესოდ წარმართოს"
ამ ერთი შეხედვით კაფანდარა ლამაზ გოგონას ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ - მისი ბავშვობიდან მოყოლებული. ჭეშმარიტად უნივერსალური ადამიანია - უშრეტი ენერგიის, გადაჭარბებით ინტერესიანი, დაუდგრომელი და მტკიცე ბუნების. საკუთარ თავში მუდამ ახალ-ახალ უნარებს ეძებს, ცდის შესაძლებლობებს და ბევრს შრომობს, რომ მიზანს მიაღწიოს. ფაქტია - რასაც ეჭიდება, ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებს. რაც მთავარია, ძალიან კარგი ადამიანია, თბილი და ყურადღებიანი, საქველმოქმედო აქციების სულისჩამდგმელი და ბევრის დამხმარე. ამიტომაც მოვინდომე, თქვენც გაგაცნოთ - მსახიობი, ლეგიონერი, ფიტნეს-ინსტრუქტორი, მთამსვლელ და მეკლდეურ ქალთა კლუბის წევრი, მარათონელი - 22 წლის ქეთევან მუმლაძე.
- ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე და შეიძლება ითქვას, სურვილი ავიხდინე. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, რეჟისორ გიორგი სიხარულიძის ჯგუფი, წელს დავამთავრე. ეს 4 წელი დაუვიწყარია ჩემს ცხოვრებაში და ყოველთვის ასეთად დარჩება, მაგრამ... ჩემი პროფესიის გარდა, მაქვს ძალიან ბევრი გატაცება. ყოველთვის მაინტერესებდა საბრძოლო, სამხედრო, სალაშქრო თემები. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 18 წლის რომ ვიყავი, ვმონაწილეობდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში.
სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები წელიწადში ორჯერ მიემგზავრებოდნენ ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ქართული ბატალიონი ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში გამგზავრების წინა სწავლების პროცესს გადიოდა. როდესაც შემოგვთავაზეს, მაშინვე გადავწყვიტე წასვლა. სტუდენტები, ინსტრუქტორებთან ერთად, ჯარისკაცებისთვის იმიტირებულ სცენებს ვდგამდით - ვითომ ავღანელები ვიყავით და ამით ვეხმარებოდით სამხედროებს იმ რეალობასთან მიახლოებაში, რასაც მისიაში ყოფნისას შეიძლება შესჯახებოდნენ. თანაც, ამ წვრთნებით ვეუფლებოდით სამხედრო უნარ-ჩვევებს, რაც პროფესიაშიც გამოგვადგებოდა. ის 6 დღე არასდროს დამავიწყდება. გოგონებს გრძელმკლავიანი შავი კაბები გვეცვა და თავშალი ისე გვქონდა შემოხვეული, მხოლოდ თვალები გვიჩანდა - ჩვენ ხომ ავღანელი ქალები ვიყავით და სხვადასხვა როლს ვასრულებდით! მე ნიგარა მუსლიმი მერქვა. "პასპორტიც" კი მქონდა. ერთ დღეს ორსული ავღანელის როლში აღმოვჩნდი, სამშვიდობოების დანახვაზე შიშისგან გული რომ წაუვიდა. ჩემმა "ქმარმა" სამშვიდობოებს დაუძახა, - თუ მართლა დასახმარებლად ხართ, "ექიმი" მოიყვანეთო. მიუყვანეს ქართველი "ექიმი" და ვერტმფრენით გადამიყვანეს "ბაზაზე". ფრენა მართლაც გასაოცარი იყო, ოღონდ საკაცეზე ვიწექი და ვერაფერს ვხედავდი (იცინის)... გასაოცარი ადამიანები გავიცანით - ჩვენი სამხედროები. დახმარებისთვის სულ მადლობას გვიხდიდნენ. ნელ-ნელა ვხვდებოდი, რამდენად საჭიროები ვიყავით მათთვის და მრცხვენოდა, რომ მანამდე არასდროს დავინტერესებულვარ ქართველი სამშვიდობოების ავღანეთში ყოფნის მიზნებით.
- მახსოვს, დიდგორის მონუმენტზე ორდღიან ლაშქრობაში რომ ვიყავით, მითხარი, "მაზნიაშვილის ლეგიონის" წევრი უნდა გავხდეო... როგორ მიაღწიე ლეგიონერობას?
- იმ ლაშქრობაში ხომ გავიცანით რამდენიმე ლეგიონერი? ჰოდა, რაღაც დროის შემდეგ მივაკითხე არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციას - „გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“, 2017 წელს კი წარმატებით გავიარე მათი კურსი და გავხდი ლეგიონის წევრი. იქ მოგვიანებით ფონდიც დავაარსე, სადაც ვეხმარებოდით გაჭირვებულ ვეტერანებს და მათ ოჯახებს.
საერთოდ, ძალიან მიყვარს სპორტული აქტივობები. ვვარჯიშობ ფიტნეს-დარბაზში, დავდივარ ველოსიპედით და ხშირად ეს ჩემი ტრანსპორტიც კი არის ხოლმე - საცობებში დგომას მირჩევნია, ველოსიპედით ვიარო. კოვიდპანდემიის გამო ტრანსპორტი რომ არ მოძრაობდა და ქვეყანაში კომენდანტის საათი იყო, სწორედ მაშინ მქონდა "თეატრალურში" რეპეტიციები. ფაქტობრივად, ყოველდღიურად ველოსიპედით დავდიოდი და სულ ვნერვიულობდი, ვაითუ, კომენდანტის საათის დაწყებამდე შინ მისვლა ვერ მოვასწრო-მეთქი, ამით ოჯახიც გვარიანად ვანერვიულე.
ბოლო რამდენიმე თვეა, ინტენსიურად დავიწყე ცოცვა, როგორც კლდეზე, ისე - ხელოვნურ კედლებზე. მეგობრული ტურნირიც გვქონდა სწრაფ ცოცვაში და ქალებში პირველი ადგილი დავიკავე. ეს ჩემთვის პირველი შეჯიბრება იყო. კიდევ ბევრი მიზანი მაქვს ამ კუთხით და იმედია, მალე მწვერვალებსაც დავიპყრობ.
ასევე ძალიან მიყვარს სირბილი, რომელიც არცთუ ისე დიდი ხანია, დავიწყე. ბოლო ხანს გავიგე თრეილინგზე - სამთო სირბილზე და მის მარათონებზეც კი გამოვედი. დამწყების კვალობაზე საკმაოდ კარგი შედეგი ვუჩვენე. ერთ-ერთი დაუვიწყარი მარათონი იყო წელს, ყაზბეგში. სოფელ სტეფანწმინდიდან ავირბინეთ ალტიჰატამდე და შემდეგ უკან დავბრუნდით. სტეფანწმინდიდან ალტიჰატამდე და უკან - ჯამში 15 კმ იყო. ალტიჰატი ზღვის დონიდან 3014 მეტრზეა, დანარჩენი თქვენ განსაჯეთ. საოცარი გრძნობა დამეუფლა მანქანებისგან, მტვრისგან, ასფალტისგან შორს მყოფს. გარშემო ულამაზესი პეიზაჟები, ზოგან დათოვლილი ბილიკი და საოცარი ჰაერი იყო. ქალბატონებს შორის მეოთხე ადგილზე გავედი, მაგრამ მიზანი მაქვს, ტოპსამეულში მოვხვდე...
ვფიქრობ, ყველა ადამიანს რაღაც მიზნები უნდა ჰქონდეს, რომ ცხოვრება უფრო საინტერესოდ წარმართოს. ყოველი მიზნის მიღწევა კი ცალკე სიამოვნებაა და სიამაყე, საკუთარი თავის გამო, ასევე, მოტივაცია და სტიმული - ახალი გამოწვევის მისაღებად.
უკვე საერთაშორისო სერტიფიცირებულ პერსონალურ ინსტრუქტორობასაც მივაღწიე. ამჟამად ვარ მწვრთნელი და ასევე, პერსონალური ინსტრუქტორი. ვატარებ ჯგუფურ ვარჯიშს - „სპინინგს“ , რომელიც არის მაღალინტენსიური და დაახლოებით 40 წუთში შეიძლება, 800 კ/კლ დაწვათ.
- არ გვიამბობ შენს ცხოვრებაში ახლახან მომხდარ ამბავზე?
- ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. წელს, გაზაფხულზე გავიარე საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისის“ სამხედრო-სალაშქრო კურსი, როგორც თეორიული, ისე - პრაქტიკული. ყველაზე მეტად წინაღობების ხაზის გავლა და ღამის მარში მომეწონა. მეთაურებმა წინასწარ მოგვიმზადეს წინაღობების ხაზი: ჩავძვერით მიწის ქვეშ, ტალახსა და წყალში ვხოხავდით, შემდეგ, ასე ტალახიანები და სველები ამოვედით და ვახტებოდით დიდ ხის ბოძებს, ვხოხავდით მავთულხლართებში და ა.შ. ფონად კი მეთაურების შეძახილი მომყვებოდა: მუმლაძე, ხოხვით, დროზეო! მოკლედ, საკმაოდ ბევრი წინაღობა დავძლიე. გვქონდა 30-კილომეტრიანი ღამის მარშიც. ვიარეთ სრულ სიბნელესა და სრულ სიჩუმეში. ეს მართლაც მისტიკური იყო - დაიწყო საღამოს 10 საათისთვის და დამთავრდა მეორე დღის 11-12-ისთვის. მთელი მარში ერთ ხაზად ვიარეთ და ფეხდაფეხ მივყვებოდით წინ მიმავალს. ერთი მომენტი მახსოვს, როდესაც გავჩერდით 5 წუთით, დასასვენებლად, წინ მყოფის ჩანთას დავეყრდენი და რამდენიმე წამით ჩამეძინა. დილით მარშრუტი დავასრულეთ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და მემორიალთან პატივი მივაგეთ 2008 წელს დაღუპულ ჩვენს მებრძოლებს.
კურსის ბოლოს იყო შემაჯამებელი, 2-დღიანი ურთულესი საველე გამოცდა, სადაც მეთაურები ამოწმებდნენ ჩვენს - კურსანტების ფიზიკურ გამძლეობასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობას. ეს გამოცდა ჰგავს სამხედრო სასწავლებლებში არსებულ საბოლოო ტესტს.
სამწუხაროდ, სასწავლო კურსის გამოცდაზე ვერ გავედი, რადგან თუმანიშვილის თეატრში საკურსო სპექტაკლი მქონდა - „სისხლიანი ქორწილი“, მაგრამ ახლა, შემოდგომის კურსი რომ დამთავრდა, მათთან ერთად გავიარე გამოცდა. ვფიქრობ, ამით პირველ რიგში, საკუთარ თავს ცდი, უმტკიცებ, რომ ძალიან ძლიერი ხარ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. გამოცდის დასაწყისში მეთაურებმა მოგვცეს ნომრები, რომელიც დავიკარით და მას შემდეგ გვარებით კი არა, ჩვენი რიცხვით მოგვმართავდნენ. კურსანტმა გამოცდის ნებისმიერ მომენტში შეგიძლია მოიხსნა შენი ნომერი და გააგრძელო ცხოვრება წყნარად და მშვიდად, - ჭამო, დალიო, დაიძინო და შინ დაბრუნდე, ოღონდ... გამოცდაზე ჩაჭრილი. მეთაური პირიქით - ცდილობს, რომ ნომერი მოგახსნევინოს, რომ დანებდე... მაგრამ მე არ მოვიხსენი ჩემი ნომერი და მივედი ფინიშამდე. დასაწყისში 27-ნი ვიყავით, ფინიშამდე მხოლოდ 11-მა კურსანტმა მივაღწიეთ.
არ დამავიწყდება ეს სიტყვები: „გილოცავთ, გამოცდა დასრულებულია“, - ახლაც ჟრუანტელი მივლის მთელ ტანში. სამწუხაროდ, ბევრი რამის თქმა არ შემიძლია გამოცდის შესახებ, რადგან საგამოცდო დაბრკოლებები მომავალი კურსანტებისთვისაც სიურპრიზი უნდა იყოს. მაგრამ ვფიქრობ, თუ "აისში" არ მიხვედი და შენით არ შეიგრძენი ეს ყველაფერი, მოყოლას აზრი არც აქვს.
ამის შემდეგ, როდესაც რთული პერიოდი მექნება და სირთულის გადალახვა მომიწევს, ალბათ, ყოველთვის ვიტყვი გულში, "აისის" გამოცდა მაქვს ჩაბარებული და ამას როგორ ვერ დავძლევ-მეთქი. და ეს ყველაფერი დიდ სტიმულს და მოტივაციას მაძლევს.
28 ნოემბერს კიდევ ერთი ემოციური და დაუვიწყარი დღე მქონდა - წოდორეთიდან ფეხით ავედით დიდგორის მონუმენტზე და გამოცდაჩაბარებულები დაგვაჯილდოეს სამხრეებით, ანუ "აისის" ბეიჯებით - საქართველოს სახელმწიფო და ასევე, "აისის" დროშებით ხელში მეთაურების ნაწილი ზემოთ, მონუმენტზე იდგა, ნაწილი - კიბეზე, სადაც გამოცხადების შემდეგ სათითაოდ ავრბოდით და გვაძლევდნენ დამსახურებულ სამხრეებს. ეს საოცარი შეგრძნებაა.
არ ვჩერდები, წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომელსაც აუცილებლად დავძლევ. მე არ მაქვს ოცნება, მე მაქვს მიზანი!
ირმა ხარშილაძე
ჟურნალი "გზა"