ანრი ოხანაშვილი "ნაცმოძრაობის" აქციაზე: "შეუძლიათ, მშვიდობიანი აქცია ჩაატარონ და კიდევ ერთხელ მოახდინონ დემონსტრირება, რომ ბელადის კულტით არიან შეპყრობილი"
"შეუძლიათ, მშვიდობიანი აქცია ჩაატარონ და კიდევ ერთხელ მოახდინონ დემონსტრირება, რომ ბელადის კულტით არიან შეპყრობილი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც 21 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ბელადის კულტი დაამკვიდრა.
„ეს არის ბოლშევიკური მეთოდებით მართული პარტია. ეს იყო გამოხატული "მიშა მაგარიას" კლიპის ჩაწერით და "მიშა მაგარიას" ძახილით. ეს არის ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" წლების განმავლობაში ამკვიდრებდა და საზოგადოებას თავს ახვევდა. საქმე გვქონდა ფასადურ დემოკრატიასთან", - განაცხადა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილი ასევე გამოეხმაურა შერიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დიალოგი სამართლიანობას და კანონიერებას უნდა ეფუძნებოდეს. მისივე თქმით, ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი იმაზე, თუ ვის რა სურს და რა იდეა აქვს.
„ერთი მხრივ ამბობდე, რომ შერიგების იდეაზე გსურს საუბარი, მეორე მხრივ უშვერი სიტყვებით ილანძღებოდე, რევოლუციურ სცენარს აანონსებდე, ოპონენტებს ლანძღავდე, ეს შეუთავსებელია იმასთან რასაც აჟღერებენ და თან არ აჟღერებენ, ამიტომ ჩამოყალიბდნენ, რა სურთ“, -განაცხადა ოხანაშვილმა.