"პულტთან მჯდარ ნიკას, ალბათ, შეცდომით, ამ პოზაში ღია ეთერში გავუშვივარო და..." - პირველი არხის ცნობილი დიქტორი მალხაზ გელაშვილი კოვიდმა შეიწირა
მისთვის ყველა საუკეთესო ეპითეტი მემეტება, რაც კი შეიძლება ადამიანს მიუძღვნა, რადგან მუდამ გამორჩეული იყო და არავისში აგერეოდა: მუდამ ღიმილიანი და თბილი, მოსიყვარულე და კეთილი, წესიერი და მორიდებული, განათლებული და უშუალო, საოცრად ენერგიული და სპორტული, შესანიშნავი მეტყველებით, გარეგნობითა და ყველა ამ მახასიათებლის შესაფერისი სახელით...
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის უსიმპათიურესი დიქტორი და გადაცემების წამყვანი მალხაზ გელაშვილი სასტიკმა და დაუნდობელმა კოვიდმა შეიწირა... არადა, მითხრეს, უკეთ იყო, საავადმყოფოდანაც გამოწერესო, მაგრამ...
იგი დიდი ხნის წინ ტელევიზიიდან და "ტელევიზორიდან" გავიცანი და არც არასდროს დამვიწყნია, საამისოდ კი ბევრი მიზეზი მქონდა - ტელერადიომაუწყებლობაში გარკვეული ხნის განმავლობაში ერთად მოგვიწია მუშაობამ, ეკრანიდანაც და პირისპირაც სიკეთეს ასხივებდა, თბილად მოგესალმებოდა და მოგიკითხავდა. ხშირად ვხედავდი ველოსიპედით თბილისის ქუჩებში (ასე მაშინ თითო-ოროლა კაცი თუ დადიოდა), თანაც მიახლოებითი საწყისი პუნქტი ჩემი უბანი გახლდათ. მერე, წლები გავიდა და აღარსად შევხვედრივართ ერთმანეთს, აღარც ის მუშაობდა ტელევიზიაში და აღარც მე. სამაგიეროდ, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, სოციალური ქსელშეი, ერთ მშვენიერ დღეს მასაც გადავეყარე. ასე დავმეგობრდით, შემდეგ კი შევხვდით კიდეც - ინტერვიუს შანსს როგორ გავუშვებდი ხელიდან... შევხვდით ზუსტად ორი წლის წინ, ამ პერიოდში - დეკემბრის მეორე ნახევარში... პირისპირ საუბრისას, ფაქტობრივად, ახალი მალხაზ გელაშვილი აღმოვაჩინე - კვლავ კეთილი ღიმილით, მაგრამ - უკვე ჭაღარაშერეული, თუმცა დაუდგრომელი მოგზაური, მოცურავე, კინო და ფოტოგადაღებების მოყვარული... სხვათა შორის, შეხვედრამდე სოციალური ქსელის მის პირად გვერდზე თვალში ტელევიზიის პირველი არხის უკვე საარქივო საბავშვო გადაცემა "ცისკარას" კადრი მომხვდა და ქვემოთ ერთი ქალბატონის კომენტარი, - მახსოვს, საეთეროში ბოლო წამებში შემოვარდებოდი და მერე იჯექი ეთერში პატიოსანი სახითო. არადა, უკიდურესად მოწესრიგებულ ადამიანად წარმომედგინა და, თურმე, რა "ნაკლი" ჰქონია! ინტერვიუს დროს გამომიტყდა, - შანსი არ იყო, საეთეროში 1-2 წუთით არ დამეგვიანაო...
დღესაც მის მოგონებებს გავყვები, ოღონდ - მის გარეშე, და ეს ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორად ვიქცევი... ასეთი ადამიანების დავიწყება არ შეიძლება...
მალხაზ გელაშვილს თეატრალური ინსტიტუტის (ამჟამინდელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის) სამსახიობო ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, დრამისა და კინოს მსახიობი იყო. მახსოვს, მითხრა, იქ გატარებული წლები ჩემთვის სიყვარულის ამოსავალი წერტილი იყოო.
რეჟისორ რეზო მირცხულავას ჯგუფში სწავლობდა რადიოს ყოფილ დიქტორ ლალი ზანგურაშვილთან, ერთ დროს ძალიან კარგ მსახიობსა და შემდეგში მოძღვარ, აწ განსვენებულ ვაჟა მინდიაშვილთან - იმავე მამა ნიკოლოზთან და მის მეუღლე - მსახიობ ეკა ქუთათელაძესთან ერთად, ასევე, ნატო გაგნიძესა და მიშა ბუკიასთან ერთად... გამომიტყდა, ტელევიზიის დიქტორობა ჩემით არ ამირჩევია, ალბათ, თვითონ დიქტორობამ ამირჩიაო. არადა, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ჯერ კიდევ აბიტურიენტობის პერიოდში გამოდიოდა, ეპიზოდებსაც კი ანდობდნენ; პირველ კურსზე სწავლისას მეტეხის თეატრმა მიიწვია და, სწავლის პარალელურად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში იქ მუშაობდა, მესამე კურსზე სწავლის ერთ დღეს კი ინსტიტუტში ტელევიზიის პირველი არხის დიქტორი - ომარ ტივაძე მისულა და შერჩევით 10 სტუდენტი ტელედიქტორების კონკურსის კანდიდატებად წაუყვანია ტელევიზიაში.
მალხაზიც მორჩილად გაჰყოლია, უფიქრია, ტელევიზიას მაინც დავათვალიერებო. ორი ტური რომ გადაულახავს, მხოლოდ მაშინ მიმხვდარა რომ ტელევიზიის დიქტორად მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ... ტელევიზია არ აინტერესებდა და თეატრი უნდოდა, მაგრამ, ფაქტია, უარი ვეღარ თქვა. სიცილით მიამბობდა, დღემდე ვერ ვხვდები, რა პარამეტრით შემარჩიეს, რადგან იმხანად რუსულის საუკეთესოდ ცოდნას ითხოვდნენ, ქართულის დონეზე უნდა გელაპარაკა, არადა, მე, არათუ "ვამტვრევდი", საერთოდ არ ვიცოდი რუსულიო... განაგრძეთ კითხვა