რატომ გვჭირდება "სიცრუის დეტექტორი"?
უკანასკნელი ოცი წელია, რაც საქართველოს ხელისუფლების ყველა სფეროში და ყველა დონეზე, ახალგაზრდა, ხშირად გამოუცდელი და შეუმოწმებელი კადრების ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს პოსტებზე დანიშვნა დამკვიდრდა. საჯარო სამსახური, მით უფრო - სპეცსამსახურები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ყოველთვის იყო და იქნება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტები. ამ პირობებში სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს კადრების შერჩევის პროცესს. ამ დროს უნდა გავიხსენოთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს - აშშ-ის დიდი გამოცდილება კადრების შერჩევის მხრივ. იქ დიდი ყურადღება ექცევა "სიცრუის დეტექტორის" (პოლიგრაფის) გამოყენებას თავდაცვის სამინისტროსა და სპეცსამსახურებში კადრების შერჩევის დროს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში "სიცრუის დეტექტორის" (იმავე პოლიგრაფის) გამოყენებას უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს. თუ თავიდან პოლიგრაფი, ძირითადად, ჯაშუშობასა და სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა მიმართ გამოიყენებოდა, გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან ყველა სახელმწიფო მოსამსახურისთვის, რომელსაც მნიშვნელოვანი სამთავრობო პოსტი უნდა დაეკავებინა ან საიდუმლო დოკუმენტაციასთან უნდა ემუშავა, "სიცრუის დეტექტორის" "კლანჭებში" მოხვედრა სავალდებულო გახდა.
პოლიგრაფის, როგორც სამედიცინო-ფსიქოლოგიური აპარატის გამოგონებაზე მუშაობა XX საუკუნის ათიანი წლებიდან დაიწყო. ამ საკითხზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ ფსიქოლოგები და იურისტები: ჩეზარე ლომბროზო, უილიამ მარტსონი და კალიფორნიის შტატის პოლიციის ოფიცერი ჯორჯ ლარსონი, რომელმაც უკვე 1921 წლიდან დაიწყო ამ აპარატურის გამოყენება პრაქტიკაში. გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელმა ლეონარდ კილერმა შექმნა იმ დროისათვის ყველაზე სრულყოფილი "სიცრუის დეტექტორი".
პოლიგრაფის მიზანია, ტყუილსა და აღელვებაში "გამოიჭიროს" შემოწმების ობიექტი. როდესაც ადამიანი იტყუება, მის ტვინში აღგზნების დონე იზრდება. პოლიგრაფის აპარატი ზომავს სუნთქვისა და პულსის სიხშირეს, წნევას, ხელისგულზე ოფლის გამოყოფას და ა.შ. რაც უფრო მეტი პარამეტრი ფიქსირდება, მით უფრო სანდოა შედეგი. გაზომვისა და რეაგირების შედეგები გრაფიკულად გამოისახებოდა გრაფიკის სახით ე.წ. მილიმეტროვკაზე.

თუ გრაფიკზე პირდაპირი ხაზია, მაშინ გამოსაცდელი "აბიტურიენტი" არ ღელავს და არ ტყუის, ხოლო გრაფიკზე გამოსახული მკვეთრი ტეხილები იმის მიმანიშნებელია, რომ იგი სიმართლის დაფარვას ცდილობს და ღელავს. დღეისათვის "სიცრუის დეტექტორი" ბევრ ქვეყანაში გამოიყენება. მისი დახმარებით ოფიციალური სტრუქტურები სხვა ქვეყნის აგენტურის, ხოლო კერძო კომპანიები - კონკურენტი ფირმების მიერ შემოგზავნილი "სამრეწველო ჯაშუშების" გამოვლენას ცდილობენ.
აშშ-ში ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს მინიჭებული აქვს ექსკლუზიური უფლება, პოლიგრაფზე შეამოწმოს, როგორც თავისი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი, ასევე - სხვა სახელმწიფო დაწესებულებების (მ.შ. სპეცსამსახურების) და პენტაგონის სამხედრო შეკვეთებით დაკავებული ამერიკის კერძო კომპანიების თანამშრომლები.
ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად თავდაცვის სამინისტროში მუშაობს სამასამდე მაღალი კვალიფიკაციის ოპერატორი. მათ მიერ ერთ წელში საშუალოდ 10-12 ათასი ტესტი ტარდება. სპეცშემოწმებების უმრავლესობა კონტრდაზვერვით მიზნებს ისახავს და საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების ნებართვას შემოწმების კანდიდატი მხოლოდ პოლიგრაფთან "ნერვების ბრძოლაში" გამარჯვების შემთხვევაში იღებს.
საინტერესოა ტესტირების შედეგები. საშუალოდ, 4 ათასამდე ადამიანმა გაიარა ტესტირება საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვების ნებართვის მისაღებად, მათგან დაახლოებით 1000 - თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნის კანდიდატები არიან. 5-7 ათასამდე პირის ტესტირებას ცსს-ს და ეუს-ს (ეროვნული უშიშროების საააგენტოს) მოთხოვნით გადის.
დანარჩენი ტესტირებული პირები კერძო კომპანიის თანამშრომლები არიან, რომლებთაც სამხედრო შეკვეთებზე უნდა ემუშავათ. "სიცრუის დეტექტორთან" შერკინებაზე უარს თითქმის არავინ აცხადებს. თუ ტესტირების შედეგად გამოვლინდა პირი, რომელიც ტყუილის დაფარვას ცდილობდა, მის მიმართ სამსახურებრივი მოკვლევა ინიშნება. საინტერესოა, რომ ხშირად ეს პირები წარმატებით გადიან გასაუბრებას გამოცდილ კონტრმზვერავებთან, მაგრამ საეჭვო ფაქტები არ დგინდება.
ამერიკელების ინფორმაციით, პოლიგრაფის მაღალი ეფექტიანობა, ასევე, დადასტურდა სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების დროს. ამ მეთოდით დამნაშავის გამოვლენის პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე - ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებების დროს.
პოლიგრაფის შედეგიანობა, უპირველესად, დამოკიდებულია ოპერატორების კვალიფიკაციაზე. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ტესტირების პროცესებს ხელმძღვანელობს, ოპერატორთა კადრების მომზადების შესაბამისი ცენტრი - პოლიგრაფიული ტესტირების ინსტიტუტიც გააჩნია.
"სიცრუის დეტექტორის" ოპერატორთა კანდიდატებს მკაცრი მოთხოვნები წაეყენებათ, კერძოდ: ისინი უნდა იყვნენ აშშ-ის მოქალაქეები, არანაკლებ - 25 წლისა; უნდა ჰქონდეთ გამოძიების ფედერალურ ბიუროში გამომძიებლად მუშაობის, სულ მცირე, ორი წლის სტაჟი; უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი მორალური თვისებებით (რაც, ასევე, სპეცშემოწმებებით უნდა დასტურდებოდეს); დამთავრებული უნდა ჰქონდეთ პოლიგრაფის ოპერატორის დაწყებითი კურსები და სხვ.
აშშ-ის სხვა ფედერალური უწყებების პოლიგრაფოლოგებიც ვალდებულნი არიან, თავდაპირველი საბაზო მომზადება გაიარონ პენტაგონის ინსტიტუტში და შემდეგ, ექვსი თვის მანძილზე, გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩაატარონ არა ნაკლებ 25 ტესტირება. მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ მიეცემათ მათ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც აძლევს მათ უფლებას, დაიკავონ ოპერატორის თანამდებობა და დამოუკიდებლად ჩაატარონ ტესტირება.
მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება - ყოველი ორი წლის შემდეგ ისინი ვალდებულნი არიან, გაიარონ კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური კურსები. ამ მცირე მონათხრობიდანაც ჩანს, თუ რა დიდი ყურადღება ექცევა "სიცრუის დეტექტორის"გამოყენებას ამერიკის თავდაცვის სამინისტროსა და სპეცსამსახურებში. ამავე დროს, არამართებული იქნებოდა პოლიგრაფის პანაცეად გამოცხადება და მხოლოდ მის იმედად ყოფნა. აქ ვაწყდებით როგორც იურიდიულ, ასევე - მორალურ პრობლემებსაც.
აშშ-ის სასამართლოები პოლიგრაფზე შემოწმების შედეგებს მტკიცებულებად არ მიიჩნევენ. თავის დროზე პოლიგრაფით შემოწმებაზე პრინციპული უარი განაცხადეს აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ შულცმა (რომელმაც თავისი მეგობრის - პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დახმარებით აშშ-ის საგარეო უწყების თანამშრომლებსაც აარიდა ეს, ბევრისათვის პიროვნულად დამამცირებელი პროცედურა) და თვით ჯეიმს ვულსმა - ცსს-ს დირექტორად დანიშვნისას.
პოლიგრაფის, უფრო ზუსტად, მისი მომსახურე ოპერატორების მომზადების დაბალი დონე გამოჩნდა ოლდრიჩ ეიმსის აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში, საბჭოთა კავშირისა და შემდგომ რუსეთის ყველა დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აგენტის შემოწმებისას. მან ორჯერ - 1986 და 1991 წლებში ბავშვივით მოატყუა პოლიგრაფი (უფრო სწორად - ოპერატორი).
იმ პერიოდში აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლები, ყოველ ხუთ წელიწადში გადიოდნენ სავალდებულო შემოწმებას დეტექტორზე. საკმაოდ შეშფოთებულმა აგენტმა დახმარებისათვის კა-გე-ბედან თავის კურატორს მიმართა - ეიმსს იმედი ჰქონდა, რომ პოლიგრაფის დასამარცხებლად რაიმე სპეციალურ მედიკამენტს ან რჩევას მისცემდნენ. აგენტი იმედგაცრუებული დაბრუნდა შეხვედრიდან: "არ ინერვიულოთ, კარგად გამოიძინეთ და დილით კარგად ისაუზმეთ" – მხოლოდ ასეთი იყო კა-გე-ბეს რჩევა. ორივე ტესტირებისას აპარატი აჩვენებდა, რომ ეიმსი გარკვეულ კითხვებზე პასუხისას ცრუობდა, მაგრამ განმეორებით დანიშნული ტესტირებისას დამშვიდებულმა საბჭოთა აგენტმა შეძლო შემოწმების წარმატებით გავლა. ბოლო პერიოდი გაირკვა, რომ გარდა ამ კონკრეტული შემთხვევისა, ცსს-ს თანამშრომლებმა, რომლებიც უკვე გადაბირებულნი იყვნენ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების (ერთ შემთხვევაში - კუბის) მიერ, წარმატებით გაიარეს პოლიგრაფზე შემოწმებები.
პოლიგრაფს უკვე ათეული წლებია, წარმატებით იყენებენ ისრაელის სპეცსამსახურებიც.
სურამში დაბადებულმა ავთანდილ წიწუაშვილმა (იმავე იცხაკ ილანმა) 1982 წელს ისრაელის კონტრდაზვერვაში (ანუ "შაბაკში") დაიწყო სამსახური, სადაც 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით მსახურობდა. ამ პერიოდში მან ურთულესი გზა განვლო: იყო "შაბაკის" საგამოძიებო დეპარტამენტის რიგითი თანამშრომელი, განყოფილების უფროსი, ისრაელის სხვადასხვა რეგიონის კონტრტერორისტული დანაყოფების უფროსი, 2004-2008 წლებში ხელმძღვანელობდა საგამოძიებო დეპარტამენტს, ხოლო 2010-2011 წლებში იყო "შაბაკის" უფროსის მოადგილე. იცხაკ ილანი იყო დიდი პროფესიონალი - საგამოძიებო ხელოვნების დიდოსტატი და ანტიტერორისტული ოპერაციების უმაღლესი დონის ანალიტიკოსი. წლების განმავლობაში იცხაკ ილანი სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდა ისრაელის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტების გამოვლენისა და ფიზიკური ლიკვიდაციის ოპერაციების დაგემვასა და რეალიზებაში. იგი სიცოცხლის ბოლომდე ტერორისტებისა და ექსტრემისტების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გამოყენების მომხრე იყო.
იცხაკ ილანს ერთი ნაბიჯი დააკლდა ისრაელის კონტრდაზვერვის შეფის პოსტის დასაკავებლად. 2011 წელს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ, ქვეყნის შიდა პოლიტიკური ინტრიგების შედეგად, სხვა, კერძოდ- იორამ კოენის კანდიდატურა ამჯობინა. იცხაკ ილანი 2020 წლის სექტემბერში კორონავირუსით დაინფიცირდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
იცხაკ ილანი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა: "მე მჯერა დეტექტორის და თავს ექსპერტად ვთვლი მის გამოყენებაში". ზოგადად, იგი დიდად აფასებდა დაკითხვების ამ მეთოდს და მიაჩნდა, რომ "სიცრუის დეტექტორი" არასდროს ცდება, თუ ოპერატორმა სწორად შეარჩია კითხვები. სწორედ პოლიგრაფის საშუალებით შეძლო იცხაკ ილანმა ისრაელში მოქმედი საბჭოთა აგენტის - შაბთაი კალმანოვიჩის გამოვლენა.
იმ პირობებში, როდესაც მტერ-მოყვარე ცდილობს, საკუთარი აგენტურა "ჩანერგოს" საქართველოს ხელისუფლების ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურაში, ჩემი აზრით, აუცილებელია აშშ-ის, ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და "სიცრუის დეტექტორის" დანერგვა კადრების შერჩევის დროს. ეს საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად გამოვრიცხოთ შეცდომები საკადრო პოლიტიკაში და შევარჩიოთ მხოლოდ ღირსეული კანდიდატები. სპეცსამსახურებში კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები უნდა იყოს: პატიოსნება, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, სწორედ ამ თანმიმდევრობით. პოლიგრაფი საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ მომავალი თანამშრომლების ის სუსტი მხარეები, რომელიც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურმა შეიძლება გამოიყენოს მათზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. პირველ ეტაპზე "სიცრუის დეტექტორი" სპეცსამსახურებში, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში უნდა დაინერგოს, შემდეგ კი - საჯარო სამსახურში - ყველა იმ თანამშრომლისთვის, ვისაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან აქვს შეხება. შეიძლება ეს მოსაზრება ძალზე რადიკალურად მოგეჩვენოთ, თუმცა მანკიერი საკადრო პოლიტიკის შეცვლა ადრე თუ გვიან ხომ უნდა დავიწყოთ?!