"დღეს სომხებისთვის აქ არა მხოლოდ სასიცოცხლო გზა გადის, არამედ - საქართველო შუამავლის როლს ასრულებს ანკარასა და ერევანს შორის" - კვირის პალიტრა

"დღეს სომხებისთვის აქ არა მხოლოდ სასიცოცხლო გზა გადის, არამედ - საქართველო შუამავლის როლს ასრულებს ანკარასა და ერევანს შორის"

"შეიძლება სიამაყით და სიამოვნებით ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და სომხეთის დღევანდელი მთავრობების დამსახურებაა ის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის, არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და "მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს“.

"დაინტერესებული ვარ, რომ ჩვენ შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობა ახლა უკვე გადაითარგმნოს, კონვერტირდეს რეალურ საქმედ, განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები... ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის არის მოტივირებული, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მე გავაჟღერე "მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივა და მინდა დაგიდასტუროთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარებაში“, - მიმართა ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს.

საქართველოსა და სომხეთის "მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე“ და ორი ქვეყნის საერთო გამოწვევებზე ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- მიუხედავად იმისა, რომ სომხეთისთვის საქართველოზე სასიცოცხლო გზა გადიოდა, ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში, სომხური პოლიტიკური ელიტისგან ჯავახეთსა და აფხაზეთში ხშირად ვხვდებოდით ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, სასიამოვნო არ იყო. დღეს სომხებისთვის აქ არა მხოლოდ სასიცოცხლო გზა გადის, არამედ - საქართველო შუამავლის როლს ასრულებს ანკარასა და ერევანს შორის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ეს მოქმედება სამშვიდობო მისიად გადაიქცევა. თბილისს ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რეგიონული პოლიტიკის მასშტაბით, დიდი ხანია, არ გადაუდგამს.

- რას მიიღებს თბილისი სანაცვლოდ?

- რას მიიღებს თბილისი, ეს ჩვენი დიპლომატებისა და სახელმწიფო მოხელეების მარიფათზეა დამოკიდებული. ჩვენთვის ძალიან მოუქნელია “3+3“ ფორმატი, სადაც სომხეთი სრულფასოვან წევრად არის წარმოდგენილი. როგორც ვხვდები, ოფიციალურმა ერევანმა შესაძლოა, მოსკოვში პროქართული როლი შეასრულოს, თუ რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება ამას მოინდომებს. არ ვიცი, ამას რა მოჰყვება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, დღეს მოსკოვი ზის თეთრ ცხენზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა, ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. არა მგონია, ოფიციალურ ერევანს ჩვენს რუსულ-ქართულ ურთიერთობაში გარდამტეხი როლის შეტანა შეეძლოს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ რაღაც ტიპის აქტიურობა მაინც შედგება. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, თურქეთისთვისაც მნიშვნელოვნია საქართველოს, როგორც რეგიონული მოთამაშის, ფუნქციის გაზრდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრებას. გარდა ამისა, ანკარასაც შეუძლია, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილების მიაწოდოს მოსკოვს. ერთი სიტყვით, რეგიონში გააქტიურების პერსპექტივა გაგვიჩნდა.

- რამდენად არის მზად ქართული პოლიტიკური სპექტრი ასეთი აქტიურობისთვის?

- საქართველოს როლის გაზრდა დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იქნება პოლიტიკური ელიტა კონსოლიდირებული. თუ ეს გაუთავებელი იწილო-ბიწილო და პოლარიზება კიდევ გაგრძელდება, რეგიონული მასშტაბით გადადგმული ნაბიჯები ნაკლებად ეფექტიანი იქნება.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უარი თქვა “3+3“ ფორმატში მონაწილეობაზე, შეხვედრის მიმდინარეობისას, ჩვენი ქვეყნის დროშა მაინც იყო წარმოდგენილი. რა მესიჯია ეს ჩვენთვის, რას უნდა ველოდოთ "თეთრ ცხენზე ამხედრებული მოსკოვსგან" და რა ტიპის მხარდაჭერას შეიძლება ველოდოთ ჩვენ მიმართ განწყობა შეცვლილი სომხეთისგან?

- დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - დასავლეთსა და რუსეთს შორის უაღრესად დაიძაბა ურთიერთობა, დასავლეთის უკან მოიაზრება ჩინეთი. ეს ამბავი კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. საქართველოს როლის გაზრდა, რომელიც შესაძლოა ეფექტიანი იყოს რეგიონის პოლიტიკისთვის, რუსეთისთვის უაღრესად გამაღიზიანებელია. ამიტომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს როლი მინიმუმამდე დაიყვანოს. ამ მიზნის მისაღწევად მოსკოვისგან პროვოკაციულ ქმედებასაც არ გამოვრიცხავ.

თქვენ იცით, რომ რუსეთის ულტიმატუმს დასავლეთმა ვითარების კიდევ უფრო დაძაბვით უპასუხა. ასეც იქნება, გამორიცხულია, დასავლეთმა უკან დაიხიოს. შეიძლება უკრაინას მოსთხოვოს გარკვეულ დათმობაზე წასვლა და მინსკის ფორმატის ამუშავება, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, არ აქვს არგუმენტები. ერთადერთი, რაც შეუძლია თქვას, ეს არის - მე თქვენ ვერ დაგეხმარებით და განებებთ თავს! თუმცა მისთვის ასეთი ნაბიჯის გადადგმა წამგებიანია, შავი ზღვის რეგიონში აქტიურობის ფონზე. ამიტომ საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის პოზიცია ცოტა ბუნდოვანია. უკრაინასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია - უკრაინაში არ უნდა შეიჭრას რუსეთი, მაგრამ, თავის მხრივ, უკრაინამ მინსკის ხელშეკრულებები უნდა შეასრულოს. რაც შეეხება “3+3“ ფორმატს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ეს ფორმატი ძალიან მოუქნელი და რიგ საკითხებში - საქართველოსთვის წამგებიანია, მაინც მივიჩნევ, რომ თბილისს შეუძლია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამ ფორმატში მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას გულისხმობს. ფორმატის სრულად უგულებელყოფა შეიძლება ცუდად შემოგვიბრუნდეს რუსეთის მხრიდან. ჩემი აზრით, რუსეთს ჩვენ მიმართ მეტად ექნება ხელი შეკრული, თუ ამ ფორმატში დამკვირვებელის სტატუსით მივიღებთ მონაწილეობას.

- თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დროს რუსეთს ხელი სულაც არ შეუკრა სომხეთთან ნაკისრმა ვალდებულებამ.

- ოფიციალურად ეს ასეა და სომხებიც ამას ჩივიან, მაგრამ სინამდვილეში, რუსეთს არ ჰქონდა ვალდებულება, დაეცვა სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ამასთან, სომხეთმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც ყარაბაღი არ აღიარა - არც თავის ნაწილად და არც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად. შესაბამისად, ყარაბაღის თემა ჰაერში იყო გამოკიდებული და რუსეთს მისი დაცვის ვალდებულება არანაირად არ ჰქონდა. ჩვენ კი ვამბობთ, რომ რუსეთმა სომხეთი ექსტრემალურ ვითარებაში მიატოვა, მაგრამ შედეგებს შევხედოთ - აზერბაიჯანს ყარაბაღის მხოლოდ 1/3 აქვს დაკავებული, პლუს - 7 რაიონი, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთნოდა საბჭოთა პერიოდში, მაგრამ ყარაბაღში, იმ 1/3 -ის გარდა, დღეს დგას რუსული და სომხური ჯარი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანი, მეტად ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)