"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს და მას პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვის უფლება მიეცეს" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს და მას პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვის უფლება მიეცეს"

"დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე კომენტირებისას, პარტიის წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აქციები შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე. ძალიან ბევრი ადამიანი მოვა აქ. უკვე დაიძრნენ რეგიონებიდან ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც საღამოს შემოგვიერთდებიან. ათეულობით ათასი ადამიანი მოვა დღეს რუსთაველის გამზირზე ერთი მთავარი მოთხოვნით, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეობიდან. ეს აქციები გაგრძელდება და იქნება მუდმივად, ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ საბოლოო მიზანს და არ დადგება ის შედეგი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სურს. არ შეიძლება და წარმოუდგენელია, რომ მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი ტყვე იმყოფებოდეს ქართულ ციხეში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მალე გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მას მიეცეს უფლება, რომ სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იქნება სიტყვით გამოსვლები და რუსთაველის გამზირზე ველოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი. ჩვენ ვერასდროს ვიქნებით კმაყოფილი შედეგით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იქნება პატიმრობაში", - განაცხადა უდუმაშვილმა.

"ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მივდივართ ჩვენ მოლაპარაკებებზე და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ დღეს არ არის დრო წინაპირობები დავუთქვათ ერთმანეთს, ახლა არის დრო დიალოგის და საუბრის", - ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დღეს, არამხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკური ჩიხია და გამოსავალი ყველამ ერთად უნდა მოძებნოს.

„ჩვენ მოლაპარაკებები მაგიდასთან დავსხდებით ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დავიწყებთ საუბარს და დიალოგს კონკრეტულ საკითხებზე. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ვთვლით, რომ დღეს არამხოლოდ პოლიტიკური კრიზისია, არამედ პოლიტიკური ჩიხია ქვეყანაში და გამოსავალი ყველამ ერთად უნდა მოვძებნოთ. მთავარია, რომ ყველა მხარეს ჰქონდეს მზაობა იმისათვის, რომ ერთად მოვძებნოთ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები. ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მივდივართ ჩვენ მოლაპარაკებებზე და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ დღეს არ არის დრო წინაპირობები დავუთქვათ ერთმანეთს, ახლა არის დრო დიალოგის, საუბრის და გზების ერთად გამონახვის, რომელიც დაგვაძლევინებს ამ პოლიტიკურ კრიზისს. ამიტომ, შეხვედრა გაიმართება აუცილებლად და "ნაციონალური მოძრაობა" იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა უდუმაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე აქცია 18:00 საათზე გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"