"მათი სიყვარული ნამდვილად დიდი იყო. ჯემალ ჭკუასელმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ 6 თვეს იცოცხლა!"
"შევკრიბე ბატონი ჯემალის მეგობრები და ვუთხარი, - ვერ ვბედავ, ბატონ ჯემალს ეკას ხელი რომ ვთხოვო, ამიტომ თქვენ გთხოვთ თქვენი ძმაკაცის ქალიშვილის ხელს და ჩათვალეთ, თითქოს მას ვთხოვ-მეთქი. გაეცინათ, ბატონმა ჯემალმა კი ეს ამბავი კარგად ნამდვილად არ მიიღო. მერე მე და ეკა გავიპარეთ..."
საქართველოს კიდევ ერთი დიდი კაცი გარდაეცვალა და მას ჯემალ ჭკუასელი ჰქვია - ბევრი წოდებისა და ჯილდოს მატარებელი ადამიანი, რომლის მთავარი რეგალია, ვფიქრობ, მაინც მისი დიდი გული, სული, ნიჭი და სიყვარულის უნარი იყო; რომელმაც 86 წელიწადს იცხოვრა და ამ ხნის განმავლობაში ქართულ ხალხურ სიმღერაში, ზოგადად - ფოლკლორში, ასევე, მეგობრობაში, კაცობაში და ადამიანურ ურთიერთობაში ეპოქა შექმნა, მასავით დიდი და უსაზღვრო!
დღეს ამ დიდ კაცს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამოეთხოვება საქართველო და მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში დაკრძალავენ.
სამგლოვიარო დღეებში ჭირისუფალთან ინტერვიუს ვერაფრით გავბედავდი, ჩემს მეგობარს, ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელს, ლოტბარ დათო ცინცაძეს რომ არ ეშუამდგომლა. ბატონი ჯემალ ჭკუასელის ქალიშვილის - ეკა ჭკუასელის მეუღლე, მომღერალი და ამჟამად ანსამბლ "ერისიონის" მენეჯერი ივანე ჩხაიძე, ფაქტობრივად, სკოლის ასაკიდან იცნობდა ბატონ ჯემალს, მისი აღზრდილიც იყო და - სიძეც, ამიტომ სწორედ მას ვთხოვე, ამ დიდ ადამიანზე მოეთხრო:
- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. დედა წარმოშობით სამეგრელოდან იყო, მამა - გურიიდან. ზოგადად, სიმღერა ჩემი ოჯახისთვის ძალიან ტრადიციული, ახლობელი გახლდათ. ჩემი წინაპრებიც მღეროდნენ, მშობლებიც და მეც ბავშვობიდან ვმღეროდი. მე-8 თუ მე-9 კლასში ვსწავლობდი, ბავშვები ნელ-ნელა ხალხურ სიმღერას რომ მიუბრუნდნენ. მაშინ საქართველოში ორი ხალხური საბავშვო ანსამბლი იყო - თბილისში "მართვე" და ქუთაისში "საუნჯე". ბიჭობის პერიოდი მქონდა, ხალხური სიმღერა დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ დედის დაჟინებული თხოვნით მაინც მივედი ქუთაისის ხალხური სიმღერის ბავშვთა ანსამბლში. მერე, 1980 წელს ჩამოყალიბდა ქუთაისის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომლის შექმნაც უშუალოდ ბატონ ჯემალ ჭკუასელს უკავშირდება. იგი იყო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ანსამბლის ქორეოგრაფი კი ბატონი რეზო ჭანიშვილი გახლდათ. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, ნამდვილად დიდებული ანსამბლი იყო. მანამდე კი ბატონი ჯემალი თბილისში, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში მღეროდა. სწორედ იმ ანსამბლში, რომელსაც მოგვიანებით "ერისიონი" ეწოდა და რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი, შემდეგ კი - მთავარი დირიჟორიც თავად იყო, და რომლის "ოქროს ხანაც" სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირდება... ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის შესაქმნელად კი მეგობრების - ჯანო კახიძის, დათო ბერძენიშვილის, მერაბ გამყრელიძის, ზაურ ბოლქვაძის, მიშიკო შენგელიას, ჯანო გიორგაძის... (მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს, რადგან მას დიდი შემოქმედებითი სამეგობრო ჰყავდა) და ქუთაისის იმჟამინდელი ქალაქკომის პირველი მდივნის - ნუგზარ რუხაძის ძალისხმევით ჩამოვიდა და მართლაც საოცარი, შესანიშნავი ანსამბლი ჩამოაყალიბა. სწორედ ამ ანსამბლის შექმნიდან იწყება ჩემი კავშირი ბატონ ჯემალ ჭკუასელთან. მასთან კი მიმიყვანა ბატონმა ზაურ ბოლქვაძემ, რომელიც ოზურგეთში მამიდაჩემის მეზობელი იყო, კარგად მიცნობდა, ალბათ, რაღაც შესაძლებლობა დაინახა ჩემში, - ბაღანას სიმღერა უნდაო და, - ჯერ კიდევ მეათე კლასში ვსწავლობდი, ბატონ ჯემალთან რომ წარმადგინა.
- რადგან მიგიღოთ, ალბათ, ბატონ ჯემალსაც მოეწონეთ...
- სასიძოდ მაშინ ნამდვილად ვერ მიმიღებდა, ამას ვერც გაიფიქრებდა, თორემ შეიძლება ანსამბლშიც არ მივეღე (იღიმის), მაგრამ ჩემი სიმღერა, ალბათ, მოეწონა და... მიმიღო. ერთ წელიწადში სკოლაც დავამთავრე და მას შემდეგ ანსამბლის სრულფასოვანი წევრი გავხდი. აი, მაშინ მოხდა ჩემს აზროვნებაში რაღაც ისეთი, რამაც ცხოვრების მიმართულებად სიმღერა ამარჩევინა და ეს ბატონ ჯემალთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ბავშვობიდან მშობლიური იყო ჩემთვის, სცენაზე გამოსვლამ, გასტროლებმა, მსმენელის აპლოდისმენტებმა სულ სხვაგვარად შემაგრძნობინა ხალხური სიმღერის მადლი. სიმღერის ავ-კარგს, სიღრმეს, შესრულების ოსტატობას საოცრად გიხსნიდა ჯემალ ჭკუასელი, ბოლომდე იხარჯებოდა და სიმღერისადმი თავის დამოკიდებულებას ისე გადმოგდებდა, ისე შეგაცნობინებდა, რომ შენც ბოლომდე უნდა მიჰყოლოდი. სხვაგვარად მასთან ურთიერთობა რთული იქნებოდა. შესანიშნავი მომღერლები და შესანიშნავი ლოტბარები დაზარდა თავის შექმნილ ანსამბლში, რომელიც სიმღერასთან ერთად ცეკვის ანსამბლიც იყო. მართალია, შესანიშნავი ქორეოგრაფი, ბატონი რეზო ჭანიშვილი ქმნიდა ცეკვას, მაგრამ ბატონი ჯემალი, როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვალდებულიც იყო, ქორეოგრაფისთვის საკუთარი შეხედულებები გაეზიარებინა. მაგრამ სხვაა, როგორ გამოგდის და როგორ ამართლებს ამ კუთხით შენი მიწოდებული აზრი. ფაქტია, ბატონ ჯემალს ამ თვალსაზრისითაც დიდი წვლილი მიუძღვის ანსამბლში. შემდეგ მას ქუთაისის ანსამბლში კიდევ ორ შესანიშნავ ქორეოგრაფთან - ბატონ ლექსო ნიკოლაძესთან და ენვერ გუჯაბიძესთან მოუწია მუშაობამ...
ჯემალ ჭკუასელი მარტო ლოტბარი არ იყო. იგი, თავის სამეგობროსთან ერთად, სამაგალითო იყო თავისი ცხოვრების წესით, კოლორიტულობით, კაცური თვისებებით. ჩემს აზროვნებაშიც ასე ჩამოყალიბდა ჯემალ ჭკუასელი მისაბაძ ადამიანად. იგი სიცოცხლეშიც ამგვარი სახელითა და გვარით დადიოდა! არიან ადამიანები, ჩემზე უფროსები თუ უმცროსები, ჩემი შვილები თუ შვილიშვილები, რომლებიც ირჩევენ ადამიანებს მისაბაძად, სამაგალითოდ - ცდილობენ, მათსავით მოიქცნენ, იმღერონ, იცეკვონ, ივაჟკაცონ, მათსავით იცხოვრონ... ჩემთვის ერთ-ერთი ამგვარი მაგალითი ყოველთვის იყო ჯემალ ჭკუასელი. მერე, როცა უკვე ეკა ჭკუასელი გავიცანი, ბატონი ჯემალი სხვა მხრითაც დავინახე... როდესაც ვეღარ გავბედე, მისთვის ქალიშვილის ხელი მეთხოვა...
- გაგიჭირდათ ხელის თხოვნა?
- გამიჭირდა კი არა, ვერ მივედი! ვიდრე ეკას გავიცნობდი, მასთან ისეთი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, რომ მერე, ეკას ხელის სათხოვნელად რომ მინდოდა მისვლა, რაღაცნაირად მომერიდა მისი. თავიდანვე სხვაგვარად მიმიღო - თავის მეგობრებთან მივყავდი ხოლმე, თანატოლივით მექცეოდა. ზოგადად, ყველასთან ასე იყო - თანატოლივით. მოგვიანებით "ერისიონშიც", მის ხელში უამრავმა თაობამ გაიარა და მას განსაკუთრებულად უყვარდა მათთან ურთიერთობა, მეგობრობა, ძმაკაცობა. იცით, რა? იგი დროს არ აცილებდა. გასაგებია უფროს-უმცროსობა, და უმცროსზეცაა დამოკიდებული, როგორ იყენებს ბატონი ჯემალის მსგავს ადამიანებთან ურთიერთობას და მეგობრობას, მაგრამ თვითონ ჯემალ ჭკუასელი ნამდვილად საზრდოობდა ამით. ამიტომ იყო სულ თანამედროვე და ამიტომ ვთქვი, დროს არ აცილებდა-მეთქი. უფრო ზუსტად კი, იგი თავისი აზროვნებით დროს ასწრებდა კიდეც, მაგრამ, ამავე დროს, ყოველთვის ახერხებდა, წლოვანებით არ დაგშორებოდა.
- ეკა როდის და სად გაიცანით და მართლაც - როგორ შეხვდა ამ ამბავს ბატონი ჯემალი?
- 16 წლის მივედი ანსამბლში. მაშინ ეკას არც ვიცნობდი და აზრადაც ვერ გავივლებდი, ჯემალ ჭკუასელის ოჯახის წევრი თუ გავხდებოდი. ერთი წლის თუ წელიწად-ნახევრის შემდეგ, 1984 წელს გავიცანი ეკა, როდესაც ბატონმა ჯემალმა ქუთაისის ანსამბლში ჩამოიყვანა, როგორც მოცეკვავე. მერე კი ერთმანეთი შეგვიყვარდა. ბატონ ჯემალს არასდროს არაფერი ეპარებოდა და, რა თქმა უნდა, არც ჩვენი სიყვარულის ამბავი გამოჰპარვია, მაგრამ არ იმჩნევდა, თუმცა... რამდენჯერმე ხუმრობით, ფუნაგორიებით მიმახვედრა და ძალიან ვიუხერხულე - ადამიანი ასე ახლო მანძილზე რომ გიშვებს ურთიერთობაში, შენ კი... მაგრამ სიყვარულმა ეს მანძილები არ იცის და... დრომ დაამტკიცა, რომ ეკა მართლაც ძალიან მიყვარდა და დღემდე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანია, მაშინ კი ბატონი ჯემალისთვის თქმის მაინც მომერიდა. მერე შევკრიბე მისი 4-5 მეგობარი - თავიანთი ცხოვრებით, შემოქმედებითა და კაცობით საქართველოში ძალიან ცნობილი ადამიანები და ვუთხარი, - ვერ ვბედავ, ბატონ ჯემალს ეკას ხელი რომ ვთხოვო, ამიტომ თქვენ გთხოვთ თქვენი ძმაკაცის ქალიშვილის ხელს და ჩათვალეთ, თითქოს მას ვთხოვ-მეთქი. გაეცინათ, ბატონმა ჯემალმა კი ეს ამბავი კარგად ნამდვილად არ მიიღო. მერე მე და ეკა გავიპარეთ...
თვითმფრინავით, თბილისიდან ჯერ ქუთაისში ჩავფრინდით, შემდეგ კი გურიაში წავედით. ძალიან ეწყინა ბატონ ჯემალს, ძალიან გაბრაზდა და სამი თვის განმავლობაში არ გველაპარაკებოდა. მერე ქუთაისში, საფიჩხიაზე გავაკეთეთ ქორწილი, ყველა ჩამოვიდა... ბატონი ჯემალის გარდა. რაღაც ხნის შემდეგ თამადამ მშობლების სადღეგრძელო წარმოთქვა და უცებ მთელი სუფრა დადუმდა... მერე ჩაგვესმა, - ბატონი ჯემალი მოვიდაო. გავიხედეთ და მართლაც, ბატონი ჯემალი მოსულიყო თავის უახლოეს მეგობრებთან ერთად. ძალიან ვინერვიულე, აქ რომ რაღაც მითხრას, შეიძლება გავგიჟდე-მეთქი, მაგრამ... მოვიდა, ხელი ჩამომართვა, მომილოცა და იმ წუთიდან ჩვენს ურთიერთობაში სულ სხვა ეპოქა დაიწყო. საოცრად დავძმაკაცდით. ბოლომდე შემიშვა მის გულში და სულში. ამ დროისთვის ბატონი ჯემალიც დაბრუნებული იყო თბილისში, სახელმწიფო ანსამბლში, უკვე მის სამხატვრო ხელმძღვანელად. მაშინ მას ჯერ კიდევ არ ერქვა "ერისიონი"... ამის შემდეგ კონკურსით შეგვარჩია რამდენიმე მომღერალი და მოცეკვავე და ქუთაისიდან საქართველოს სახელმწიფო ანსამბლში გადმოგვიყვანა.
- თქვენც კონკურსი გაიარეთ?
- რა თქმა უნდა. მისთვის შემოქმედებაში არ არსებობდა პრიორიტეტები ოჯახის წევრებისთვის. ეგ იყო გამორიცხული! მეც არ დამიკლია გული, სული და სურვილი, რომ გემრიელად მემღერა, დანარჩენს დრო გამოაჩენს. ჯემალ ჭკუასელს კი ნამდვილად მიუძღვის დიდი წვლილი - დღედაღამ გვამეცადინებდა ანსამბლსაც და ინდივიდუალურადაც, და ვფიქრობ, სულ ჰქონდა იმის განცდა, რომ არავის ეთქვა, სიძეა და იმიტომ ამღერებსო. არც მე მინდოდა, ვინმეს ჩრდილის ქვეშ ვყოფილიყავი, თუნდაც - მამაჩემის ან ბატონი ჯემალის. მინდოდა, საკუთარი თავი მეპოვნა და ამისთვის ძალიან ვინდომებდი! მე უდიდესი სკოლა გავიარე... და არა მარტო ჯემალ ჭკუასელის, არამედ - მისი მეგობარი მომღერლების, რაც შეეხება ჯემალ ჭკუასელს, ეს კაცი მოსიარულე იმპროვიზაცია არის... იყო...
- ალბათ, რთულია, ასე უცებ გამიჯნო ამ დიდი ადამიანის სიცოცხლე და გარდაცვალება... მით უფრო, რომ ჯერ არც დაგიკრძალავთ. კვლავ აწმყოში მოიხსენიეთ...
- ვერ ვამბობ... ის ძალიან დიდი პიროვნება იყო. მარტო ჩემთვის არა და არც მარტო სიმღერაზე ვლაპარაკობ, არამედ - აქ ვგულისხმობ დიდ ნიჭსა და უნარს: როგორ შექმნა, როგორ გახდე უფროსი, როგორ მოუარო ანსამბლს, როგორ უპატრონო, როგორი წესრიგი გქონდეს, როგორი დისციპლინა გქონდეს... შეიძლება ხანდახან უთქვამთ, როგორი დესპოტიაო, შეიძლება მეც მიფიქრია, რომ ზედმეტად მკაცრი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ვხვდებოდი, რომ მართალი იყო!
- შეპასუხებიხართ მას?
- ალბათ, მხოლოდ ორ-სამჯერ. და მერე მინანია, რადგან მივხვდი, რომ ეწყინა. ისეც მომხდარა, იმ შეპასუხების შემდეგ, იმავე საღამოს გამოუვლია მანქანით და დასალევად წავუყვანივარ. ამით უგრძნობინებია, რომ ადამიანები ვართ და ნებისმიერს შეიძლება, შეგვეშალოს. მასაც შეეძლო რაღაც ფორმით მოებოდიშებინა და მეც მომიბოდიშებია მისთვის, აბა, სხვაგვარად როგორ შეგვეძლო, მეგობრებად დავრჩენილიყავით?!
- მეგობრობა გასაგებია, მაგრამ ოდესმე გაგრძნობინებდათ, სიძე რომ იყავით?
- არა... სერიოზული არაფერი ყოფილა, ხანდახან იუმორით თუ იტყოდა რამეს. ერთხელ შინ გამომიარა, საქეიფოდ უნდა წავეყვანე, თურმე, და ეკასთვის უკითხავს, ვანიჩკა სად არისო? ეკა უგუნებოდ ყოფილა და რაღაცნაირად უთქვამს, გაბრაზდა და წავიდაო. - მართლაო? - ჩაჰკითხვია ბატონი ჯემალი და დაუყოლებია, - მამა, გილოცავ, რომ წავიდა. მაგაზე ნერვიულობო?! მაგრამ ეკადან წამოსულმა მაინც მაშინვე მომძებნა და არც არაფერი უთქვამს, ისე წამიყვანა საქეიფოდ. ერთხელ კიდევ გურიაში უნდოდა, თურმე, წასვლა და ეკასთან რომ უთქვამს, ეკას მიუხარებია, ხვალ ვანიჩკა მიდის და გაჰყევიო. - შენ რომ გაჰყევი, ხომ აშენდი და ახლა მეც გინდა გამაყოლოო?! - სიცილით უთქვამს... ძალიან მოსწრებული იუმორი ჰქონდა და, რა თქმა უნდა, ზრდილობას თავისი ფორმა აქვს, მაგრამ ეს ადამიანი შეხუმრების უფლებასაც ყოველთვის გიტოვებდა... დიდი კაცი იყო ბატონი ჯემალ ჭკუასელი. ეს ხალხმაც იცოდა, მეც ვიცოდი, მისმა შვილებმაც იცოდნენ და მისმა მეუღლემ - ქალბატონმა გიული ჭულუხაძემაც.
- რომანტიკული იყო მათი სიყვარული?
- რომანტიკული შეიძლება ვერ ვუწოდო, მაგრამ მათი სიყვარული ნამდვილად დიდი იყო. ფაქტია - 6 თვის წინ გარდაიცვალა ქალბატონი გიული და ჯემალ ჭკუასელმა მისი გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ 6 თვეს იცოცხლა! ამიტომ ვამბობ, ის ყოველმხრივ დიდი კაცი იყო, ყველანაირ სიყვარულში! და თუკი ჩვენს ქვეყანას თავისი სახელითა და გვარით ვინმე დარჩა, ვინც დღეს ცოცხალი აღარ არის, ერთ-ერთი იყო და არის ბატონი ჯემალ ჭკუასელიც!
(სპეციალურად საიტისთვის)