ტრამპთან მეგობრობა, უცნაური ახირებები და ბირთვული იარაღი - რით არის დასამახსოვრებელი კიმ ჩენ ინის 10-წლიანი მმართველობა? - კვირის პალიტრა

ტრამპთან მეგობრობა, უცნაური ახირებები და ბირთვული იარაღი - რით არის დასამახსოვრებელი კიმ ჩენ ინის 10-წლიანი მმართველობა?

10 წლის წინ, 2011 წლის 17 დეკემბერს ჩრდილოკორეელი ლიდერი კიმ ჩენ ირი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე კიმ ჩენ ინი გახდა. ქვეყნის ახალ ლიდერს, რბილი პოლიტიკის გამო, ბიძის ხელში მარიონეტად ქცევას ან სულაც მალე გადაყენებას უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, კიმს არც ისეთი რბილი ხასიათი აღმოაჩნდა, როგორსაც სხვები ფიქრობდნენ. მან მსოფლიოს ისტორიაში მმართველობის ერთ-ერთი, ყველაზე მძლავრი რეჟიმი შექმნა, ხელისუფლებაც შეინარჩუნა და ბირთვული იარაღიც გამოსცადა, რომელიც ცოტაც და, აშშ-სთან ომით დასრულდებოდა, მოულოდნელად კი - აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუმეგობრდა...

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე დახურულ ქვეყანად მიიჩნევა. ობიექტური ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში, თითქმის არ ვრცელდება.

kim3-1640080242.jpg

დღემდე უცნობია, სინამდვილეში რამდენი წლისაა ჩრდილოკორეელი ლიდერი. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ის 1982 წლის 8 იანვარს დაიბადა, თუმცა ამბობენ, რომ მას 1 წელი მოუმატეს, რადგან მამის, კიმ ჩენ ირისა და ბაბუის, ჩრდილოკორეის პირველი ლიდერის - კიმ ირ სენის იუბილე მრგვალი თარიღით დამთხვეულიყო. აშშ-ის ინფორმაციით კი - იგი 1984 წელს დაიბადა.

ძალიან მცირე ინფორმაცია ვრცელდება კიმ ჩენ ინის ბავშვობის შესახებ. როგორც ოფიციალურადაა ცნობილი, კიმ ჩენ ინის დედა კიმ ჩენ ირისთვის მესამე თუ მეოთხე სამოქალაქო ქორწინება გახლდათ, ზუსტი ინფორმაცია უცნობია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 1990-იან წლებში, კიმი და-ძმასთან ერთად შვეიცარიაში იზრდებოდა და სკოლაშიც იქ სწავლობდა. ისინი უცხოეთში ფსევდონიმით სარგებლობდნენ. კიმი ჩრდილოეთ კორეაში 2000-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა და კიმ ირ სენის სახელობის სამხედრო უნივერსიტეტში ჩააბარა.

კიმ ჩენ ინი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად 2010 წლიდან ჩაერთო. მას გენერლის წოდება მიანიჭეს და კორეის შრომის პარტიის ცეკას წევრადაც აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ კიმ ჩენ ირი გარდაიცვალა და იგი ჩრდილოკორეელი ლიდერის “დიდ მემკვიდრედ“ გამოაცხადეს. 2011 წლის 24 დეკემბერს კიმი ჩრდილოეთ კორეის უმაღლეს მთავარსარდლად აღიარეს.

კიმების პიროვნების კულტი

kim1-1640080242.jpg

ბაბუისა და მამის მსგავსად, ახალმა ლიდერმა პიროვნების კულტის შექმნა დაიწყო. როგორც ცნობილია, კიმების მთელი დინასტია, ბერძნული მითიური ქმნილებების მსგავსად, ზეციურ ქმნილებებად მიიჩნევა. კიმ ირ სენი, რომელიც ნაციის დამფუძნებლად არის აღიარებული, ამ მითიური პანთეონის უმაღლეს იერარქად ითვლება. ფიქრობენ, რომ კიმ ჩენ ინს ბაბუის ადგილის დაკავება სურს და სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ლიდერს ბაბუას ამსგავსებენ. ოფიციალური ტიტულების გარდა, მას უამრავი ეპითეტითაც ამკობენ: “XXI საუკუნის მზე“, “დიადი პიროვნება“, “ერის სიძლიერის სიმბოლო“ და სხვა.

ქვეყნის მმართველს, როგორც ჩანს, სურს, ყველაფერში გამორჩეული იყოს. ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ მოსახლეობას აუკრძალა ისეთი ტყავის ქურთუკის ჩაცმა, როგორიც ქვეყნის ლიდერს აქვს. ამ ყველაფრის გასაკონტროლებლად შეიქმნა პოლიციის დანაყოფიც, რომელიც ტყავის პალტოების კონფისკაციითაა დაკავებული.

kim2-1640080242.jpg

მიუხედავად მკაცრი და უცნაური გადაწყვეტილებებისა, კიმ ჩენ ინი თვლის, რომ ის უფრო ლიბერალური მმართველია. ხშირად ჩნდება ტელევიზიით და მიმართავს მოსახლეობას.

კალათბურთის სიყვარული

ქვეყნის ლიდერს კალათბურთი ძალიან უყვარს. ის ყველასთვის ცნობილი გუნდის, “ჩიკაგო ბულსის“ მხარდამჭერია. 2013 წელს მან ცნობილი კალათბურთელი, NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი დენის როდმანი ქვეყანაში დაპატიჟა. კიმთან სტუმრობის შემდეგ როდმანმა განაცხადა, რომ ის “მთელი ცხოვრება კიმის მეგობარი იქნება“, რამაც უფლებადამცველების განრისხება გამოიწვია. კალათბურთელი კიდევ რამდენჯერმე სტუმრობდა ჩრდილოეთ კორეას, როგორც მან განაცხადა, ხელი შეუწყო ამერიკელი სტუდენტის გათავისუფლებასაც, რომელიც დაპატიმრებული ჰყავდათ.

kim4-1640080242.jpg

“ქვეყანაში ჩასვლისას მთელ დროს კიმთან ერთად ვატარებ. ჩვენ ვიცინით, ვმღერით კარაოკეს და კიდევ უამრავ საინტერესო და სახალისო რამეს ვაკეთებთ. ვჯირითობთ, თოვლში ვსრიალებთ და არასდროს ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, რაც ძალიანკარგია“, - განაცხადა დენის როდმანმა BBC-სთან ინტერვიუში.

ბირთვული პრიცი (თუ პრინცი???)

კიმ ჩენ ინის მმართველობისას ქვეყნის სამხედრო პოტენციალის განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ის ბირთვული პროგრამის განხორციელებას შეუდგა და უკვე 2013 წლისთვის ბირთვული იარაღი ქვეყანამ მესამედ გამოსცადა. 2015 წელს კი განაცხადა, რომ სულ მალე ჩრდილოეთ კორეა საკუთარ თერმობირთვულ იარაღს შექმნის.

10-წლიანი მმართველოპის პერიოდში, მან სამი ბირთვული იარაღი გამოსცადა, ბალისტიკური რაკეტა კი - 100-ჯერ გაუშვა. აქტიურად აგრძელებს სამხედრო მიმართულების განვითარებას, რაც მეზობელი ქვეყნების, განსაკუთრებით კი - იაპონიისა და სამხრეთ კორეის შეშფოთებას იწვევს.

ადამიანის უფლებების დარღვევა

კიმ ჩენ ინსა და მის სისტემას მუდამ ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ქვეყანაში ისევ მოქმედებს სიკვდილით დასჯა და გადასახლება. შრომა-გამოსასწორებელ ბანაკებში გადარჩენილნი კი ამბობენ, რომ იქ ხალხს არაადამიანურად ექცევიან.

„გვაიძულებდნენ, ფეხშიშველს გვემუშავა, რადგან ვერსად გავქცეულიყავით. არ გვაძლევდნენ დაბანის დაშუალებას, არ გვაძლევდნენ წამლებს, არ გვქონდა ნორმალური საპირფარეშო. ტუალეტში შესვლისას ბადრაგისთვის თვალი არ უნდა მოგვეშორებია, თორემ სასტიკად გვცემდნენ“, - ამბობს ერთ-ერთი ქალი, რომელმაც ბანაკს თავი დააღწია.

kim5-1640080242.jpg

სისტემის მსხვერპლი არა მხოლოდ ჩრდილოკორეელები, არამედ - უცხოელებიც გახდნენ. 2016 წელს ამერიკელი სტუდენტი ოტო ვამბიერი სხვა სტუდენტებთან ერთად ფხენიანში ტურისტული მიზნით ჩავიდა. ის იმ სასტუმროში გაჩერდა, რომელიც უცხოელებისთვისაა განკუთვნილი. ამერიკელმა სტუდენტმა დერეფანში რეჟიმის პლაკატი ჩამოხია და ამის გამო დააკავეს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და “კორეის ერის ერთობის ნგრევაში“ დაადანაშაულეს. 2017 წელს ამერიკელი სტუდენტი ციხეში კომაში ჩავარდა, დიდი ძალისხმევის შემდეგ იგი აშშ-ში გადაიყვანეს, თუმცა სამშობლოში დაბრუნებიდან 6 დღეში გარდაიცვალა. სტუდენტის მშობლების თქმით, ციხეში ბიჭზე ძალადობდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ლიბერალი ლიდერი“ განსაკუთრებით მკაცრია მაშინ, როცა მის გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი კორეელი გენერალი მან ტყვიამფრქვევით დახვრიტა, ერთ-ერთი ჩინოვნიკის დასასჯელად კი ბრძანა, რომ ის ძაღლებს დაეჭამათ.

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, კორეა ყველასგან დახურული ქვეყანაა და გავრცელებული ინფორმაციების გადამოწმება თითქმის შეუძლებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რეჟიმის მსხვერპლნი ტყვეობას დააღწევენ თავს და ისტორიას თავად ჰყვებიან.

ცნობილია, რომ 2013 წელს მან ბიძა სიკვდილით დასაჯა. 2017 წელს კუალა-ლუმპურის აეროპორტში გარდაიცვალა ლიდერის ნახევარძმა, ერთ-ერთი ვერსიით, ქვეყნის ლიდერმა ნახევარძმა მოაწამლინა.

უცნაური მეგობრობა ტრამპთან

კიმს არ უყვარს ქვეყნის დატოვება და ვიზიტით მეზობელ ჩინეთშიც კი არ მიდის. თუმცა, მაშინ, როცა მან ბალისტიკური რაკეტები აქტიურად გამოსცადა და იაპონიას საფრთხე შეექმნა, აშშ-სა და ფხენიანს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. შესაძლებელი იყო, ორ ქვეყანას ომიც დაეწყო. კიმი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ღიად ლანძღავდნენ. ორი ლიდერის შეხვედრა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე მოხდა და ყველასგან გასაოცრად... ისინი დამეგობრდნენ. პრობლემას არაფერი ეშველა, თუმცა, როგორც ტრამპმა შემდეგ განაცხადა, “მათ შეუყვარდათ ერთმანეთი“ და 27 წერილიც გაუგზავნეს ერთმანეთს.

kim6-1640080242.jpg

ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება კიმ ჩენ ინს, თუ ის უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე, ეს პირობა კი ჩრდილოეთ კორეისთვის ჯერ მიუღებელია.

ჩრდილოკორეელმა ლიდერმა რუსეთთანაც დაიწყო ურთიერთობის დალაგება. 2019 წელს ის რუსეთში ბრონირებული მატარებლით ჩავიდა. კიმის თქმით, მან ვლადიმერ პუტინთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა და ამისთვის პრეზიდენტს მადლობაც გადაუხადა.

რაც შეეხება კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას, ვირუსის გავრცელებასთან ერთად, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს თითქოს გამოეყო და სრულიად იზოლირებული გახდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კიმ ჩენ ინი არცერთ უცხო ქვეყნის ლიდერს არ შეხვედრია.

საზოგადოებას არ გამორჩენია კიმ ჩენ ინის გაუჩინარების ფაქტებიც. ყველაზე დიდი შეშფოთება კი 2020 წელს ლიდერის დიდი ხნით გაუჩინარებამ გამოიწვია. მედიასაშუალებების ნაწილი ამბობდა, რომ ის ავადაა, ნაწილი კი ამტკიცებდა რომ კიმი გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ქვეყანაში გააძლიერა კიმის უმცროსი დის - კიმ იო ჩჟონის გავლენა.

kim7-1640080242.jpg

კულუარული ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოს ფხენიანმა შეიმუშავა კანონი, რომლის თანახმადაც, კიმ ჩენ ინის გარდაცვალების ან ცუდად ყოფნის შემთხვევაში ხელისუფლება მის დას გადაეცემა. ამ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ლიდერმა გულის ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის კიდევ რამდენჯერმე გაუჩინარდა და წონაშიც საგრძნობლად დაიკლო, ამბობენ, რომ გულისა და სხვა ქრონიკული დაავადების თავიდან ასაცილებლად, მან ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩია. (წყარო)