"მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს, გადაწყდეს - მზაობა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, არსებობს" - კვირის პალიტრა

"მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს, გადაწყდეს - მზაობა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, არსებობს"

"პრეზიდენტთან იყო საუბარი, რომ ჩვენი მძიმე მოცემულობა არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის ყველაზე დიდი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულების. პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას, მათ შორის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აბრკოლებს ქვეყანაში, ეს უნდა შეჩერდეს და გადაწყდეს. მან მომისმინა და გავცვალეთ აზრები", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, მას აქვს უფრო მეტად პოზიტიური მოლოდინი შეხვედრების პროცესში და აღნიშნა, რომ მომავალში ინდივიდუალურად გაგრძელდება თითოეულ პარტიასთან მოლაპარაკების პროცესი.

"როგორც პრეზიდენტმა თქვა, გაგრძელდება პარტიების წარმომადგენლობებთან შეხვედრები უფრო ვრცელ ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიიდანაც იქნება წარმომადგენლობა, რომელიც შეხვდება პრეზიდენტს. ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად როგორ გვესმის და მე როგორ მესმის ეს საკითხი. ჩვენი ყველაზე მძიმე მოცემულობა არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის ყველაზე დიდი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის. პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას ქვეყნისთვის, ის რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მათ შორის პოტენციური პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში, ეს რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს, გადაწყდეს. მე გავუზიარე, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულება ასევე ქმნის დაბრკოლებას ევროატლანტიკური მომავლისთვის. მან მომისმინა, ერთმანეთს მოვუსმინეთ, მოხდა აზრების გაცვლა. მისი წარმოდგენით, არის ის მოცემულობა, რომ ძალიან რთული ხდება უკვე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დამკვიდრება. ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არის უმნიშვნელოვანესი დაბრკოლება, ესეც გაიზიარა. მზაობა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, არსებობს. ჩემი განწყობა არის პოზიტიური უფრო იმიტომ, რომ როდესაც არსებობს კიდევ ერთი ფორმატი იმის, რომ ჩვენ ამ მძიმე მოცემულობიდან გამოსავალი მოვძებნოთ, მე ვფიქრობ, ეს არის პოზიტიური მოლოდინი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, შეხვედრისას არ უხსენებიათ სიტყვა "შერიგება" და "შეთანხმება". მისი აზრით, მნიშვნელოვანია თამაშის წესებზე შეთანხმება.

"სიტყვა "შერიგება" არ გამოგვიყენებია, არც "შეთანხმება". მე ჩემებურად ვუყურებ ამ პროცესს. ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია თამაშის წესებზე შეთანხმება, იმაზე შეთანხმება, რომ ადამიანების დაპატიმრება, ზოგადად ის პროცესი, რომ ამ სასამართლოს არ ენდობა არავინ და პოლიტიკური მართლმსაჯულება არის კედელი, ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის ამ მიმართულებით სვლა ჩემი წარმოდგენით. მე გულწრფელად შერიგებას ამ პროცესს ვერ დავარქმევდი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.