"რუსეთი ისეთი აგრესიულია, შეცდომების განმეორების შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფოებრიობის დაკარგვა დაგვემუქროს"
“ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ შიდაპოლიტიკაზე, ხალხის პოლარიზაციაზე, თუმცა ძალიან იშვიათად ვლაპარაკობთ უსაფრთხოებაზე, რუსულ ოკუპაციაზე და მისგან გამომდინარე მოვლენებზე", - ასე გამოეხმაურა საოკუპაციო ზოლიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგ გატაცებას "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეონა აქუბარდია. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სოფელ ნიქოზიდან ჩვენი 3 მოქალაქე გაიტაცეს: მამუკა ჩხიკვაძე, კახა ნათაძე და ვალერი კანაშვილი. აქუბარდიამ შესაბამის უწყებებს მოქმედებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გატაცებული ყოფილი სამხედროა, რომელსაც, არაოფიციალური ინფორმაციით, სასტიკად სცემეს. როგორია ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა, რა არის გასაკეთებელი, რომ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი კარ-მიდამოებიდან აღარ იტაცებდნენ, სად არის გამოსავალი? - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თეონა აქუბარდია გვესაუბრა:
- მამუკა ჩხიკვაძე ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია და ჩვენ ვიცით, როგორ ექცევიან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ყოფილ ძალოვნებს, ამიტომ მინდა მივმართო სახელმწიფო უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურს, შერიგებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, პარლამენტს - საჭიროა აქტიური მოქმედება, რათა ისეთი სავალალო შედეგი არ მივიღოთ, რომლის მომსწრენი არაერთხელ გავხდით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამუკა ჩხიკვაძე სასტიკად ნაცემია. გატაცებულის ჯანმრთელობის შესახებ ოფიციალური ცნობები ჯერ არ არსებობს. საჭიროა ქმედითი პოლიტიკა, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ქვეყანა რუსეთის პროვოკაციებისგან.
- მართალია, დღეს ჩვენს საზღვრებთან რუსული არმია არ არის მობილიზებული, მაგრამ გამუდმებით გვესმის მოსკოვის ხისტი განცხადებები საზღვრის დემარკაციის შესახებ. რუსეთი ცდილობს საზღვრის დაკანონებას, საოკუპაციო ზოლთან კი ნამდვილი "ლეკიანობაა", საკუთარი მიწა-წყლიდან გატაცებული ქართველების გამოხსნა-გამოსყიდვა ჩვეულებრივ ამბად იქცა. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტარებისა და ნატოს ლიდერების განცხადებები, სადაც საუბარია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ოკუპაციის შესაჩერებლად?
- რუსეთი უფრო აგრესიულია, ვიდრე იყო. ეს კარგად გამოჩნდა უკრაინის საზღვართან. ამასთან, მოვისმინეთ რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის განცხადება, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკან უნდა წაიღონ ბუქარესტის დაპირება საქართველოსა და უკრაინის ნატოს პოტენციური წევრობის შესახებ. პუტინს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენის სფეროების აღდგენა სურს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა პასუხი გასცა ამ მოთხოვნას და განაცხადა, რომ არც ერთ მესამე ქვეყანას არა აქვს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს ნატოს ქვეყნების გადაწყვეტილებებზე და არც რუსეთს აქვს უფლება, ჩაერიოს დამოუკიდებელი ქვეყნების არჩევანში. ჩვენთვის გამოწვევებმა იმატა. მათ შორის არის დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებული პრობლემები. ერთია, რისი გაკეთება შეგვიძლია და მეორე - ის გეოპოლიტიკური რეალობა, სადაც ჩვენი ინტერესების გატანა უნდა მოვახერხოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ნატოს გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აგვისტოს ომის შემდგომ დადებული შეთანხმების შესაბამისად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რუსეთის აგრესიული განცხადებებიდან გამომდინარე. თუმცა ჩვენი მთავარი პრობლემა ქვეყანაშივეა, კერძოდ, ღრმა პოლიტიკური პოლარიზება. ამას ნატოს გენერალურმა მდივანმა - ბატონმა სტოლტენბერგმაც გაუსვა ხაზი თავის განცხადებაში და ხელისუფლებას მოუწოდა, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზება, იმუშაოს ოპოზიციასთან და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმა, უზრუნველყოს მედიის დამოუკიდებლობა. ასევე, ლაპარაკია მედიის დამოუკიდებლობაზე. ამასთან, ნატოს გენმდივნის განცხადებაში პირველად, წლების შემდეგ დაბრუნდა მოწოდება უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის აუცილებლობის შესახებ.
ყველას გვახსოვს მედიაში გამომზეურებული სუს-ის ფაილები, რომლებითაც გაირკვა, რომ უკანონოდ უსმენდნენ როგორც სასულიერო პირებს, ასევე - დიპლომატებს. ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს, მაგრამ პარლამენტი ვალდებულია, გააკონტროლოს სუს-ი, რათა მისი ქმედება კანონს არ გასცდეს. ამ ვალდებულების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია ნატოში გაწევრებისთვისაც.
ნატოს გენერალური მდივანი თავის განცხადებაში წარსულში ჩატარებული რეფორმების შენარჩუნებაზე აკეთებდა აქცენტს - ანუ იმას კი არ გვეუბნება, განავითარეთ რეფორმებიო, ის მაინც შეინარჩუნეთ, რაც აქამდე გქონდათო. ასე რომ, ჩვენს საშინაო დავალებას ძალიან ცუდად ვასრულებთ, რაც არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნატოს წევრები გავხდეთ. "ქართულმა ოცნებამ", შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებით, დოკუმენტისა, რომელიც ნატოს 2021 წლის კომუნიკეში ქვეყნისთვის საეტაპო მნიშვნელობის მიღწევადაა აღიარებული, ნატოსკენ მიმავალი გზა უფრო გაართულა.
- შარლ მიშელის დოკუმენტს არც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწერა ხელი. "ქართულმა ოცნებამაც" ეს დაასახელა ანულირების მიზეზად. ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ სტოლტენბერგმა მხოლოდ მმართველ გუნდს კი არ მოუწოდა ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ, არამედ - პოლიტიკურ პარტიებსაც, ნიკა სამხარაძის თქმით კი, დიალოგი დღემდე იმიტომ ვერ გაიმართა, რომ ოპოზიცია არ იყო მზად.
- თუ მართლა სურთ პოლიტიკური პოლარიზების შემცირება, ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება იყო შარლ მიშელის შეთანხმება. არანაირი არგუმენტი იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი არ მოაწერა, არ მიიღება. პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე ეკისრება "ქართულ ოცნებას" და არა - "ნაცმოძრაობას". სხვათა შორის, "ოცნებამ" დოკუმენტის ანულირებამდეც დაარღვია ხელშეკრულების პირობა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მართლმსაჯულების რეფორმების დასრულებამდე დანიშნა. ნებისმიერი მცდელობა, ოპოზიციას გადააბრალონ, რომ ქვეყანაში დემოკრატია მოიკოჭლებს, თავის მართლების უსუსური ცდაა.
- თქვენ, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რისი თქმა შეგიძლიათ, რა არის უპირველესად გასაკეთებელი, რათა საოკუპაციო საზღვართან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს?
- კონკრეტული პოლიტიკა და სტრატეგია უნდა განვსაზღვროთ. ამბობენ, რომ ამაზე უკვე მუშაობენ. ვნახოთ, როდის იქნება პროექტის სამუშაო ვერსია. ამასთან, ერთია სტრატეგიის შემუშავება და მეორე - ამ სტრატეგიის ირგვლივ გაერთიანება. ეროვნული უსაფრთხოება, დეოკუპაცია, ევროპული ინტეგრაცია, თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკა - ის საკითხებია, რომლებზეც ყველანი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, უნდა ვმსჯელობდეთ. დღეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება ძალიან მოწყვლადია. რუსეთი ისეთი აგრესიულია, შეცდომების განმეორების შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფოებრიობის დაკარგვა დაგვემუქროს.
- საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული მოქალაქეების შესახებ ახალი რა იცით?
- ვიცით, რომ ცხელი ხაზი გააქტიურებულია და უწყება მუშაობს. გასაგებია, რომ ამ საკითხზე მუშაობას თავისი წესები აქვს, მაგრამ ოჯახებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორია გატაცებულების მდგომარეობა. ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ მძევლებიდან ერთ-ერთი, რომელიც ყოფილი სამხედროა, ნაცემია. ამ ფაქტის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან კარგად გვახსოვს, როგორ მოექცა საოკუპაციო რეჟიმი ტატუნაშვილს. ეს სამწუხარო გამოცდილება არ უნდა დავივიწყოთ და მეტად გავაქტიურდეთ, პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის - "წითელი ჯვრის" ჩასართავად. აუცილებელია პატიმრების მონახულება საპატიმროში. დღეს ჩვენ პარლამენტში უნდა ვმსჯელობდეთ, რას აკეთებს ან რას აკლებს ხელს ხელისუფლება საოკუპაციო ზოლთან კონტროლის გამკაცრებას, სწორედ ამისთვის შეიქმნა ტერიტორიული მთლიანობის დროებითი კომისია, შესაბამისი კომიტეტები, მაგრამ ამ საკითხების განხილვა დღის წესრიგში არ დგას.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)