გენერალ ხრულოვის კოლონასთან ბრძოლაში კალანდაძეს მონაწილეობა არ მიუღია?! - კვირის პალიტრა

გენერალ ხრულოვის კოლონასთან ბრძოლაში კალანდაძეს მონაწილეობა არ მიუღია?!

გერმანიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, ბრიგადის გენერალ და ამჟამად უკრაინის მოქალაქე გიგი კალანდაძის დაკავებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პალატა-საკნიდან მორიგი განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე. ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი."

2008 წლის 9 აგვისტოს ქალაქ ცხინვალის გარეუბანში მართლაც მოხდა საბრძოლო შეტაკება რუსეთის შეიარაღებული ძალების 58-ე საერთო საჯარისო არმიის საშტაბო და 135-ე მოტომსროლელი პოლკის საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფის კოლონასა და ქართული არმიის ერთ-ერთ საბრძოლო დანაყოფს შორის, რომლის შედეგადაც რუსულმა მხარემ გარკვეული დანაკლისი განიცადა, ხოლო ამ კოლონაში მყოფი 58-ე არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულოვი მძიმედ დაიჭრა ფეხში და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. მის გვერდით დაიღუპა გენერლის "უაზის" მძღოლი, ჯარისკაცი და მაიორი. ასევე, დაიჭრა სამი რუსი ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებიც მანამდე, მოძრაობის დროს, "უაზში" გენერალ ხრულოვისგან სატელევიზიო ინტერვიუს იწერდნენ.

30 მანქანისგან შემდგარი (მათ შორის - ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშატრანსპორტიორებიც იყვნენ) რუსული კოლონა ცხინვალის "შანჰაის" რაიონიდან რუსული "სამშვიდობო ძალების" ბატალიონის დისლოკაციის ადგილისკენ, "ვერხნი გოროდოკისკენ" მიემართებოდა ყოფილი საშვეულმფრენო პოლკის ტერიტორიაზე, სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს.

რუსი ოფიცრები რატომღაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქართული საბრძოლო დანაყოფები აღარ იმყოფებოდნენ ცხინვალში და ამიტომაც მათთვის სრულ მოულოდნელობად იქცა პირისპირ შეჩეხება ქართულ საბრძოლო დანაყოფთან, რომელიც მეორე ქვეით ბრიგადას ეკუთვნოდა.

ეს არ იყო ჩასაფრება ქართული მხრიდან, ეს იყო რამდენიმეწუთიანი მოულოდნელი შემხვედრი ბრძოლა, რომელშიც სრული უპირატესობა, გინდ პირადი შემადგენლობის რიცხვით და გინდაც ჯავშანტექნიკის რაოდენობით, რუსული კოლონის მხარეს იყო. ჩვენკენ მოულოდნელობის ელემენტი გახლდათ, რომელმაც პირველ რამდენიმე წუთში თავისი როლი ითამაშა.

დაჭრილების - გენერალ ხრულოვისა და რუსი ჟურნალისტების შეტაკების ადგილიდან ევაკუაციის შემდეგაც ცხინვალის "შანჰაის" რაიონში კიდევ რამდენიმე საათი გაგრძელდა ქუჩის ბრძოლები, რომლის დროსაც რუს სამხედროებს ქართული არმიის მეორე ქვეითი ბრიგადის მებრძოლებმა სამი ქვეითთა საბრძოლო მანქანა აუფეთქეს. დანაკლისი, სამწუხაროდ, ჩვენს რიგებშიც იყო...

რაც შეეხება გიგი კალანდაძის მეთაურობის ქვეშ მყოფ მე-4 ქვეითი ბრიგადის ბატალიონებს, მათი შეტევის ძირითადი მიმართულება ცხინვალის დასავლეთით, ხეთაგუროვა-ტბეთის მხარეს იყო და მათ არ მიუღიათ მონაწილეობა გენერალ ხრულოვის კოლონაზე თავდასხმაში, ასე რომ, მესამე პრეზიდენტის - მიხეილს სააკაშვილის მტკიცება, - "მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი", - სიმართლეს არ შეესაბამება.

ვერ დავეთანხმები მსჯავრდებულ სააკაშვილის კიდევ ერთ მტკიცებას, რომ გიგი კალანდაძე 2008 წლის ომის გმირია, რადგან მის დაქვემდებარებაში მყოფმა მეოთხე ქვეითმა ბრიგადამ ვერ შეასრულა საბრძოლო დავალება და, სამწუხაროდ, ყველაზე მეტი დაღუპული ჰყავდა, სხვა ბრიგადებთან შედარებით - აგვისტოს ომში დაღუპული ქართული არმიის 169 სამხედრო მოსამსახურიდან 59 მეოთხე ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა. მათ შორის სხვადასხვა წოდების 14 ოფიცერი იყო. ასევე, სამწუხაროდ, ისევ მეოთხე ქვეით ბრიგადას ჰყავდა ერდროულად ყველაზე მეტი დაღუპული, როდესაც ამ ბრიგადის ორ ათეულზე მეტი მებრძოლი რუსული მოიერიშე თვითმფრინავიდან "დუბოვაია როშჩასთან" ჩამოგდებული კასეტური ბომბების ნამსხვრევებს რამდენიმე წამში ემსხვერპლა...

მეოთხე ქვეითი ბრიგადის მართვაში აგვისტოს ომის დროს დაშვებული იქნა სერიოზული შეცდომები, მათ შორის - პირადი შემადგენლობის მშვიდობიანი პერიოდის დროს პლაცზე მოწყობის მსგავსად დაყენება, როდესაც მოწინააღმდეგის ავიაცია დასაბომბად ემზადება, რისი მიზეზიც, დიდი ალბათობით, ბრიგადის მეთაურობის ახალგაზრდა ასაკი და გამოუცდელობაც გახლდათ, რაშიც არანაკლები ბრალი იმდროინდელ მაღალჩინოსან პოლიტიკოსებსაც მიუძღვით, ვინც ასეთი რეკომენდაცია გაუწია თუ პირდაპირი ბრძანება გასცა ასეთ დანიშვნაზე. მათ ამით დათვური სამსახური გაუწიეს არა მარტო გიგი კალანდაძეს,არამედ - სხვა პერსპექტიულ ახალგაზრდა ოფიცრებსაც, რომლებმაც "ოცეული-ასეული-ბატალიონი-ბრიგადა" სამეთაურო საფეხურები სირბილით ან სულაც გამოტოვებით "აირბინეს" და საჭირო ცოდნა და გამოცდილება ვერ დააგროვეს, ხოლო ზედა საფეხურიდან მტკივნეული "ჩამოვარდნა" პირადად მათი სამხედრო კარიერის დასასრულად იქცა...

ცალკე თემაა საარმიო წრეებში გავრცელებულ ხმები აგვისტოს ომის დროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურის - გიგი კალანდაძის დაჭრის დეტალებთან დაკავშირებით. იმედია, ის სინამდვილეს არ შეესაბამება და მხოლოდ ჭორია.

პ.ს. აგვისტოს ომის სამხედრო-პოლიტიკური დეტალების ობიექტურად გამოძიების აუცილებლობაზე არაერთხელ გამისვამს ხაზი, მაგრამ ამ მხრივ საქმე წინ დიდად არ არის წაწეული, რაც ბევრს, პირველ რიგში კი - იმდროინდელ მაღალ თანამდებობის პირს საშუალებას აძლევს, საზოგადოებას ისევ ბევრი ტყუილი მოახვიოს თავს...