"მოგვეცით შუქი და წყალი! არ დავუშვებთ აფხაზეთის გაყიდვას! ბოდიში მოიხადე და წადი!" - სოხუმში დე ფაქტო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
სოხუმში ოპოზიცური ძალების მიტინგი მიმდინარეობს. აფხაზეთის დრამატული თეატრის ფასადზე, რომლის წინაც აქცია იმართება, გამოკრულია ლოზუნგები: „ხალხს შენი არ ჯერა! ; ხალხი ტყუილით დაიღალა!“; „მოგვეცით შუქი და წყალი!“; „არ დავუშვებთ აფხაზეთის გაყიდვას!“; „ერთხელ გამყიდველი, კვლავაც გაყიდის“; „ბოდიში მოიხადე და წადი!“ - ამის შესახებ „აფსნიპრესი“ იუწყება.
მიტინგი საზოგადო მოღვაწემ ახრა ბჟანიამ გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლების გულგრილობის შედეგად, კოვიდპანდემიას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით ადამიანმა ფინანსური დანაკარგი განიცადა.
მანვე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ენერგოკრიზისზე და განაცხადა, რომ ე.წ. ხელისუფლებას არ აქვს დიალოგი არც ხალხთან, არც ოპოზიციასთან და არც პრესასთან.
მისივე თქმით, არსებობს კითხვები სუვერენიტეტთან დაკავშირებით.
„რა საგარეოპოლიტიკური ინიციატივებია, რომელზეც განიხილება საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებები, ჩვენი სუვერენიტეტის დათმობის საკითხი? რაზე იცვლება? რა პირობებით?“, - განაცხადა ბჟანიამ და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა ე.წ. ხელისუფლებისადმი.
ცნობილია, რომ გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, მონაწილეობა არ მიეღოთ ე.წ. ოპოზიციის მიტინგში.
სოხუმში მიმდინარე მიტინგთან დაკავშირებით, ე.წ. სამთავრობო ადმინისტრაციების შენობებთან დაცვის გაძლიერებული ზომებია მიღებული.