"ქართველებმა მასობრივი შიმშილობა გამოაცხადეს ყოფილი ლიდერის "წამების" გამო" - რას წერს უცხოური მედია რუსთაველზე გამართულ აქციაზე
დასავლურ პრესაში გავრცელდა თბილისში 21 დეკემბერს გამართული ოპოზიციური მიტინგის ამსახველი პუბლიკაციები, კერძოდ, ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს - "ფრანს-პრესის" (France-Presse) თბილისელი კორესპონდენტის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც გამოქვეყნდა, მაგალითად, ფრანგულ გაზეთ Le Matin-ში, სათაურით - "მასობრივი შიმშილობა საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერად", გერმანულ გაზეთ Stern-ში - "ათასობით ქართველი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს", ყატარის გაზეთ The Gurf Times-ში - "ქართველებმა მასობრივი შიმშილობა გამოაცხადეს ყოფილი ლიდერის "წამების" გამო" და ა.შ.
როგორც სტატიებშია აღნიშნული, ოპოზიციური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, მიტინგი პარლამენტის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც ამჟამად პატიმარია. "მას 54 წელი შეუსრულდა. ექიმების ცნობით, მიხეილ სააკაშვილს საპყრობილეში აწამებდნენ".
"მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებამ საქართველოში ის პოლიტიკური კრიზისი გააძლიერა, რომელიც გასულ წელს პარლამენტის არჩევნების შემდეგ დაიწყო და რომელიც ოპოზიციამ "გაყალბებულად" მიიჩნია. არჩევნების ფალსიფიცირებამ ბოლო ათწლეულის უდიდესი ანტისამთავრობო პროექტები გამოიწვია“, - ხაზგასმულია პუბლიკაციებში.
სტატიებში ციტირებულია ოპოზიციური "ერთიანი ნაცმოძრაობის" ლიდერის - ნიკა მელიას გამოსვლა, რომლის დროსაც მან მასობრივი შიმშილობის დაწყება გამოაცხადა. პუბლიკაციაში საკმაო ყურადღება ეთმობა, აგრეთვე, გიული ალასანიას განცხადებებსაც, რომელიც მან მიტინგზე გააჟღერა.
"მომიტინგეთა აზრით, ქვეყანაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მას რაიმე ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა არ აქვს. იგი საქართველოს უმდიდრესი ადამიანია, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა.
ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, 47 წლის არქიტექტორმა გიორგი დარსაველიძემ "ფრანს-პრესის" კორესპონდენტს განუცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ხალხის ზეწოლით დაემხობა. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, სანამ საქართველო თავის ევროპულ გზას არ დაუბრუნდება".
შაბათს დამოუკიდებელმა ექიმებმა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შეამოწმეს, განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტს სერიოზული ნევროლოგიური დაავადება განუვითარდა - იმ წამებისა და მკაცრი რეჟიმის, არაადექვატური სამედიცინო მომსახურების შედეგად, როგორადაც მას საპყრობილეში ექცევიან. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ხანგრძლივად შიმშილობდა - იგი 50 დღის განმავლობაში უარს აცხადებდა საკვების მიღებაზე იმ ბრალდების გაპროტესტების ნიშნად, რომლის გამოც დააპატიმრეს. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობა, რომელსაც იგი "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
"ფრანს-პრესის" კორესპონდენტი თვლის, რომ ექსპრეზიდენტი ყველაზე ცნობილ და ნათლად გამოკვეთილ პროდასავლელ რეფორმატორს წარმოადგენს. მისი დაპატიმრების გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობა ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კანონმდებლობის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულეს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ თავისი განცხადებით ქვეყანაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, როცა მან აღნიშნა - "მთავრობა იძულებული გახდა, მიხეილ სააკაშვილი დაეპატიმრებინა იმიტომ, რომ მან პოლიტიკიდან წასვლაზე უარი თქვაო".
მოამზადა სიმონ კილაძემ