რამაზ გერლიანის ადვოკატი იმ პოლიციელის დაკითხვას მოითხოვს, რომელიც გერლიანის მტკიცებით, მის მიმართ "მუქარას, შანტაჟსა და თვალთვალს" ახორციელებდა - კვირის პალიტრა

რამაზ გერლიანის ადვოკატი იმ პოლიციელის დაკითხვას მოითხოვს, რომელიც გერლიანის მტკიცებით, მის მიმართ "მუქარას, შანტაჟსა და თვალთვალს" ახორციელებდა

ეკონომისტ რამაზ გერლიანის უფლებადამცველი მოითხოვს, რომ საქმეზე გამოძიებამ პოლიციელი დაკითხოს, რომელიც მათი მტკიცებით, გერლიანის მიმართ ახორციელებდა „მუქარას, შანტაჟსა და თვალთვალს“.

როგორც კობაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მიმართულებით მუშაობს, მაგრამ საქმეში ფიგურანტ პირს არ კითხავს.

„ვითხოვთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ პირი, რომელიც არის პოლიციელი და პოლიციის მუნდირით სარგებლობდა, აშანტაჟებდა და ემუქრებოდა რამაზ გერლიანს. გამოძიება ახლა მუშაობს, თითქოს რამაზის თვითმკვლელობამდე მიყვანაზე, მაგრამ კონკრეტული პირის გამოკითხვას არ ახდენს ანუ ვინ მიიყვანა თვითმკვლელობის მცდელობამდე, აქამდე არ მიდის გამოძიება. ისეთი განცდაა, რომ რადგან პოლიციელია, არაფერს ამბობენ“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, 3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ პოლიციამ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი იპოვა. გერლიანის განცხადებით, გაუჩინარებისას „სიკვდილთან შეხვედრა“ ჰქონდა დაგეგმილი. ასე უპასუხა გერლიანმა ჟურნალისტების კითხვას, რა გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. მისივე თქმით, „პოლიციამ მიუსწრო“.