"არ მგონია, მასობრივმა შიმშილობამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვიოს" - კვირის პალიტრა

"არ მგონია, მასობრივმა შიმშილობამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვიოს"

"არ მგონია, მასობრივმა შიმშილობამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვიოს", - ჩემი აზრით, ამას დიდი შედეგი არ მოჰყვება,- ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების მიერ დაწყებული მასობრივი შიმშილობის თაობაზე განუცხადა.

ძაბირაძის შეფასებით, შიმშილობის დაწყებით გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი არსებული მდგომარეობიდან მიხეილ სააკაშვილის როგორმე გამოხსნაა.

„თავად მიხეილ სააკაშვილი და შემდეგ უკვე მისი ბიძა, თემურ ალასანია, „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეუძლებლის გაკეთებას მოითხოვდა. ალასანიამ პირდაპირ განაცხადა, რომ ყველაფრის კეთება კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, შეუძლებლის კეთებაა აუცილებელი. ეს შეუძლებელი რა უნდა ყოფილიყო - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს რესურსი, რომ ხანგრძლივი, პერმანენტული და მასობრივი აქციები ჩაატაროს. ამიტომ ერთადერთი ვარიანტი, მით უმეტეს თუ კონსტიტუციის ფარგლებში რჩები, მასობრივი შიმშილობაა. ეს საქართველოსთვის უცხო არ არის. 1988 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, რამდენჯერმე იყო შიმშილობა. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, ამ მხრივ წარემართათ თავიანთი საქმიანობა, რათა შედეგს მიაღწიონ.

მარტივად გამოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ დღის წესრიგში აქვს სააკაშვილის როგორმე გამოხსნა არსებული მდგომარეობიდან - იქნება ეს ადგილზე გათავისუფლება, პრეზიდენტის შეწყალება თუ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება. ამიტომ დაიწყეს მასობრივი შიმშილობა.

მაგრამ, არ მგონია, რომ მასობრივმა შიმშილობამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიოს და ხელისუფლების მხრიდანაც განსაკუთრებული შეშფოთება იყოს. ამიტომ, არ მგონია, რომ მას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვეს.

რაღაც პერიოდი იქნება დაკვირვება და შემდეგ ვნახავთ, პოლიტიკური პროცესი როგორ განვითარდება. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ეს უშედეგო მცდელობა იქნება. ის, რომ ამ პროცესს მიმართეს, საკმაოდ საინტერესოა “ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არსებული პოზიციების შესაჯერებლად. ერთი ნაწილი მეორეს ხომ ადანაშაულებდა, რომ რადიკალურ ქმედებებზე არ მიდიოდა - წავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე და თუ ამან შედეგი არ მოიტანა ( ჩემი აზრით, ამას დიდი შედეგი არ მოჰყვება) იმას ნიშნავს, რომ პარტიის ნაწილი, რომელიც რადიკალურ ქმედებებს მოითხოვდა, შემდგომი პროცესებიდან გარკვეულწილად გარიყული დარჩება“,- განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, როგორ აისახება მასობრივი შიმშილობის დაწყება პრეზიდენტის ჩართულობით პოლიტიკურ მხარეებს შორის მიმდინარე პროცესზე, ძაბირაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არავინ აღიქვამს და იბადება განცდა, რომ ეს პროცესი ვალის მოსახდელად წამოიწყეს.

„ამ პროცესს სერიოზულად, მგონი, არავინ აღიქვამს. განცხადებები ერთია და პროცესის სერიოზულად აღქმა - მეორე. რა თქმა უნდა, რომელიმე მხარეს და განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობას" რომ სჯეროდეს, რომ ეს პროცესი იმ შედეგამდე მიიყვანთ, რაც მათ უნდათ, ეს აქციები ხელს შეუშლიდა პროცესს. მაგრამ ამაში დარწმუნებულები არ არიან. „ქართული ოცნების“ განცხადებებიც, როცა ყველა ყველაფერზე თანახმაა, მაგრამ არაფრის შეთანხმება არ უნდათ, ბადებს განცდას, რომ ეს პროცესი ვალის მოსახდელად წამოწყებული პროცესია და არავინ ელოდება მისგან რეალური შედეგის მიღებას. ამასთან, ეს პროცესი არაა ისეთი, რომ სასწრაფოდ მოიტანოს შედეგი. მინიმუმ რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება. როგორც ჩანს, "ნაციონალებს" უფრო ეჩქარებათ სააკაშვილის გათავისუფლება, ვიდრე ეს პროცესი, თუნდაც წარმატებით წარიმართოს, შედეგს მოიტანდეს. ამიტომაც დაიწყეს შიმშილობა“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.