"ადამიანებმა პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმა აირჩიეს იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პოლიტიკურად არის დაყრუებული, გააგონონ ჩვენი ხმა" - კვირის პალიტრა

"ადამიანებმა პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმა აირჩიეს იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პოლიტიკურად არის დაყრუებული, გააგონონ ჩვენი ხმა"

"ყველასთვის ყველა ბრძოლის მეთოდი მისაღები არ იქნება, მაგრამ ვხედავთ, რომ ადამიანებმა პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმა აირჩიეს იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პოლიტიკურად არის დაყრუებული, გააგონონ ჩვენი ხმა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, მასობრივი შიმშილობის აქციას ათეულობით, შესაძლებელია კი ასეულობით მოშიმშილე დაემატოს.

„მოშიმშილეთა მიზანია შეამეცნონ ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანოა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იმყოფება ტყვეობაში, როდესაც მას აწამებენ და ის ხდება არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ეს საზიანოა არამხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და ევროატლანტიკური პერსპექტივისთვის. ეს არ ესმის ივანიშვილს და ადამიანებს უწევთ, რომ პროტესტის ასეთი მძიმე ფორმა გამოიყენონ, რათა გააგონონ ჩვენი ხმა ივანიშვილის რეჟიმს.

შიმშილობის დაწყება არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის და მდგრადობის კალკულაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. სწორედ ამიტომ, ვერავის დაავალდებულებ. ეს გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღო, ეს არის თითოეული მოშიმშილის პირადი გადაწყვეტილება", - განაცხადა ბოკუჩავამ.