"კი ღლიცინებდნენ ლეიბებზე, მაგრამ დღეს რომ ვუყურებდი, კი დასჭირდათ ლეიბები და კარვები. გონივრული ვთქვი და აგერ დამტკიცდა დღეს" - კვირის პალიტრა

"კი ღლიცინებდნენ ლეიბებზე, მაგრამ დღეს რომ ვუყურებდი, კი დასჭირდათ ლეიბები და კარვები. გონივრული ვთქვი და აგერ დამტკიცდა დღეს"

თაკო ჩარკვიანი ხვალ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება

"ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არის კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდი“, - განაცხადა ნიკა მელიამ გუშინ გამართულ აქციაზე. შიმშილობის აქცია "ნაციონალური მოძრობის" ოფისის წინ დაიწყო და კარვებიც გაშლილია. მოშიმშილეთა მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. ნიკა მელიას ეს განცხადება ოპოზიციონერი ლიდერების დიდი ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

პარლამენტის წევრი, ოპოზიციის ერთ- ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება და თვლის, რომ "ნაციონალური ოფისის" წინ კარვის გაშლა არ იქნება ეფექტური ნაბიჯი.

თაკო ჩარკვიანი:

- თავისთავად მივესალმები ადამიანების ასეთ თამამ ჩანაფიქრს, მაგრამ სტრატეგიულად არ მომწონს. უფრო სხვანაირად ვხედავდი ამ პროცესს, ჯერ ერთი, მგონია, ამ პროცესის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გადაბარგება არ არის სწორი, ჩვენ აქამდე სულ ვიძახდით, რომ "ძალა ერთობაშია", კოალიციაზე ვსაუბრობთ და ვშიშობ, ვიწრო პარტიული სახე არ მიიღოს, რამდენად მომგებიანი იქნება ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, არ ვიცი, იმიტომ, რომ ის არის სრულიად საქართველოს პრეზიდენტი და მიმაჩნია, რომ ასე უნდა იყოს აღქმული. ვთვლი, რომ რუსთაველზე დიდი რაოდენობით ხალხის დიდი პროტესტი იქნებოდა კარგი ფორმა. არა დაუძლურებული და ჯანმრთელობა შელახული, არამედ, ძლიერი ძალით სჭირდება ეს ადამიანები ამ პროცესს. ოლიგარქი, არა მგონია, შეწუხდეს იმით, რომ შიმშილობით ადამიანები ჯანმრთელობას დაიზიანებენ. ძლივს შევაწუხეთ ოდნავ და ესეც შეძლო ისეთი პოლიტიკური ენერგეტიკის მატარებელმა ადამიანმა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია და ისიც მაშინ, როცა პრეზიდენტი შიმშილობდა. ძალიან აღვირახსნილი ხელისუფლებაა, რუსული ტიპის მმართველობა და ამიტომ, მე მგონია, რომ რუსთაველზე უნდა ყოფილიყო ეს პროტესტი. აპრობირებული მეთოდია ეს, პარლამენტიც იქვეა და დისკომფორტიც მეტი ექნებოდა. შეიძლება არ გამხდარიყო საჭირო ასეთი რადიკალური ნაბიჯი, თუ რაოდენობრივად ბევრი ხალხი გამოვიდოდა და მორიგეობა იქნებოდა საკმარისი, კარვებიც გაიშლებოდა.

კი ღლიცინებდნენ ლეიბებზე, მაგრამ დღეს რომ ვუყურებდი, კი დასჭირდათ ლეიბები და კარვები. გონივრული ვთქვი და აგერ დამტკიცდა დღეს. ამ ყინვაში კარავში ლეიბს შეიტან და გამათმობელსაც შეიტან, აბა, რა იქნება. მე მაინც მგონია, რომ დაგვიანებულია ეს ყველაფერი. 3 ოქტომბრიდან მოყოლებული რამდენი დრო გავიდა, თუ ამას აპირებდნენ, ამ დროს რას კარგავდნენ? კარგი ამინდიც გამოსაყენებელი იყო. 2 თვე ამ წიწინ-წიწინში გავიდა, შიმშილობა თუ იწყებოდა ასეთი მასშტაბური, უნდა გაკეთებულიყო ადრე. ეს ამბავი მეუხერხულობა, რომ ვამბობ, მაგრამ ვსაუბრობ როგორც ამ პროცესის დიდი გულშემატკივარი.

- ლიდერები თუ იყავით საქმის კურსში, რომ ეს იგეგმებოდა?

- ლიდერები არ ვიყავით საქმის კურსში, ბევრმა აქციაზე გაიგო და ამიტომ ვამბობ, მეტი კოორდინაცია უნდა გვქონდეს ერთმანეთთან, ეს არ იქნებოდა ურიგო. ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ვკითხოთ ერთმანეთს აზრი. მე ვამბობ, ეს ფორმა თუ გადაწყდებოდა, ჯობდა რუსთაველზე გაშლილიყო კარვები და რაც ოფისთან გაკეთდა, თუნდაც ეს გაკეთებულიყო რუსთაველზე. ახალი არაფერი გამოუგონიათ, რაც იყო ადრე, ის ატრიბუტიკაა გასაწყობად. რაოდენობრივად ბევრი ადმიანი იყო მზად გუშინ იქ დასარჩენად. შიმშილობის შეთავაზება რთულია ადამიანისთვის, რადგან ჯანმრთელობის შერყევას იწვევს, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, ამას ერთი და ორი პატარა პარტია ვერ გააკეთებს, ამას როცა აკეთებს სრულიად ოპოზიცია, მაშინ აქვს ეფექტი.

სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სამი თვე ოპოზიცია იყო რუსთაველზე და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სწორედ ეს არის დისკომფორტი. არა მგონია, ეს აღვირახსნილი ხელისუფალი შეწუხდეს იმის გამო, რომ "ნაცმოძრობის" ოფისში შიმშილობს და ჯანმრთელობას ირყევს ხალხი. სადაც პარლამენტის წინ გაშლილი კარავი და სად - იქ.

აქვე მივესალმები ბრძოლის ყველა ფორმას. თუმცა, მე არ ვისურვებდი ამ ფორმას, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. ამხელა ენერგეტიკის და ჯანმრთელობის დახარჯვა მაქსიმუმ შედეგისთვის უნდა იყოს და ამ შედეგს ვერ ვხედავ. ბარაქალა იმათ თავგანწირვას, ვინც შიმშილობს, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს შედეგი. მართლა ვერ ვხედავ, რომ ოლიგარქი და "ქართული ოცნება" შეწუხდება ამით. ამიტომ ვამბობ, პროცესი რუსთაველზე და ცოტა ადრე უნდა დაწყებულიყო, თუნდაც მაშინ, როცა პრეზიდენტი ჩამოვიდა და დააკავეს, უნდა ათუხთუხებულიყო რუსთაველი, ეს არის ჩემი, როგორც გულშემატკივრის აზრი.

- ხომ არ ეწყინათ სხვა ლიდერებს თქვენ კრიტიკა?

- მე როცა ვიცი, გულწრფელი ვარ ამ ბრძოლაში, ეს წყენა ჩემზე არ მოქმედებს. ნაკლებად ვინტერესდები, ვის სწყინს და ვის - არა. განსხვავებული აზრი თუ არ მოეწონებათ, ნუ მოეწონებათ.

- სალომე ზურაბიშვილის შერიგებაზე საუბრობს, როგორ უყურებთ ამ წინადადებას?

- ხვალ ვხვდები პირადად სალომე ზურაბიშვილს. 4 საათზე ჩაინიშნა ეს შეხვედრა, ინდივიდუაალურად.

- რა წინადადებით მიდიხართ მასთან?

- ჯერ, ცხადია, დაველოდები თავად მას. მოვუსმენ მის მოსაზრებას. შეთანხმებაზე საუბარს რომ იწყებს, ამას მივესალმები. მე მგონია, საქართველოში 40-წლიანი შეუთანხმებლობა გვაქვს კანონის არარსებობის გამო, კანონის არქონის გამო. მე პირობას არ ვაყენებ, მაგრამ სამართლებრივი რეფორმები უნდა განხორციელდეს და ეს გულისხმობს აპრიორი სააკაშვილის გათავისუფლებას. იმიტომ, რომ დიდი ამნისტია უნდა მოხდეს, სხვაგვარად არ მესახება ეს პროცესი.

დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს გასაკეთებელია, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა შარლ მიშელის დოკუმენტში რაც ეწერა ისიც, უფრო მეტიც, გააგრძელა მოსამართლეების დანიშვნები. ამ კლანური მმართველი სისტემის ფონზე არავინ მეგულება ისეთი, რომ მესამე პრეზიდენტი გაასამართლოს.

- ხელისუფლება ამბობს, რომ უნდა გასამართლდეს მიხეილ სააკაშვილი, აღშფოთებულები არიან შვილმკვდარი მშობლები, რომლებიც შვილის სიკვდილში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მათი პოზიცია ცალსახაა, ამაზე რას იტყვით?

- მე ვსაუბრობ რეფორმირებულ სასამართლოზე. იგივე შვილმკვდარი ოჯახები, ვინც ამ ხელისუფლების დროს დაზარალდნენ, მათ არ აინტერესებთ ნამდვილი ქეისების მოსმენა? სინამდვილეს როგორ მოისმენს თუ რეფორმირებული სასამართლო არ იქნება, თუ პროკურატურა წნეხის ქვეშ იქნება მოქცეული? როგორ მოასმენინებს მათ რეალურად რა და როგორ მოხდა? მე კი ვთავაზობ მათ, რეფორმირებული დასავლური სასამართლოს წინაშე წარსდგეს ყველა ქეისი და გაირკვეს მტყუან-მართალი.

- მოდი, ავიღოთ გირგვლიანის ხმაურიანი საქმე და როგორც მახსოვს, ამ ოჯახის გვერდითაც იდექით მაშინ. თუ არ ენდობით ქართულ მართლმსაჯულებას ამ საქმეზე, ხომ არსებობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და სწორედ იქ წერია, რომ ხელისუფლების ყველა შტო იყო ჩართული ამ პროცესში. ამიტომ სამართლდება დღეს მიხეილ სააკაშვილი და ერთ-ერთი ეს ბრალია წარდგენილი, ამაზეც არ უნდა გასამართლდეს?

- თუნდაც ეს საქმე ავიღოთ, იქ მკვლელობასთან პრეზიდენტის კავშირი არ იკვეთება. ედავებიან დაკავებულების ციხიდან გამოშვებას. ისხდნენ ისინი წელიწადნახევარი. შემდეგ, როგორც პრეზიდენტი ამბობს კონკრეტული პიროვნული გათავისუფლება არ მომხდარა, მან გაუნახევრა სასჯელი და სასამართლომ შეახო "უდო". ვინც შეახო მათ "უდო" და გამოუშვა, გამაგებინეთ იმ მოსამართლემ როგორ უნდა გასამართლოს სააკაშვილი? თავად ხომ მოაწერა ხელი?

- სასჯელი რომ არ გაენახევრებინა სააკაშვილს, ის ხომ ვერ შეახებდა ე.წ. უდოს?

- ვინც შეახო "უდო", ის რატომ ასამართლებს? ჩვენ რა დავაშავეთ, ვინც მაშინაც და ახლაც ოპოზიციში ვართ. ჩვენ ხომ გვინდა, ნორმალური სასამართლო გვქონდეს? ნამდვილი ამბავი მოვისმინოთ. ანგელოზი გადაიქცევა ურჩხულად ამ სისტემის ქვეშ, დღეს არ არის პროკურატურა დამოუკიდებელი, არ არის სასამართლო დამოუკიდებელი, წნეხის ქვეშაა მოქცეული ყველაფერი და შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ასეთი კლანური სტრუქტურების მართვის დროს სიმართლე გაირკვეს, თან როცა გერჩის რუსეთი. საბჭოთა სისტემა ვერ დავანგრიეთ. როგორც კი საქართველოში ჯანმრთელი გახდება სამართლებრივი სისტემა, იმ დროიდან ამოიკვეთება რუსული პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიიდან. ამ მახინჯი სისტემიდან გამომდინარე ახერხებს რუსეთი იძრომიალოს, არივ-დარიოს ყველაფერი, ჩაერიოს შიდა საქმეებში და უნდა სულ დაპირისპირებაში იყვნენ ერთმანეთთან საქართველოს მოქალაქეები. 40 წელია ეს სისტემა ვერ შევცვალეთ, ეს რა უბედურება გვჭირს? გავგიჟდი, დავიღალეთ. ამ სამარცხვინო რუსული სისტემის რუსულს ხაზს იმიტომ ვუსმევ, რომ მხოლოდ რუსული რეჟიმის პირობებშია ასეთი სამარცხვინო კორუფცია და ასეთი გახრწნილება სამართლებრივი კუთხითაც.

- ახალი წელი და შობის დღესასწაული მოდის, თან ძალიან ცივა, ეს არ შეუშლის ხელს ამ აქციას?

- გააჩნია, როგორ აგორდება ვითარება, თუმცა ყველაფერი გასათვალისწინებელია. შეიძლება შეუშალოს ხელი, მაგრამ ისეთი სოციალური გაჭირვებაა ქვეყანაში ზოგადად, რომ შესაძლოა, ამან გამოიწვიოს აფეთქება. მგონია, სოციალური ფონიდან გამომდინარე იფეთქებს სიტუაცია. ცოტა გაუთვლელი და დაუგეგმავი მგონია ეს პროცესი. მე ასე ვხედავ. ღმერთმა ქნას, ყველაფრი კარგად წავიდეს, ეს უფრო გამიხარდება...

(სპეციალურად საიტისთვის)