ვინ იყო ფეხმძიმე გოგო, რომელიც ქმარმა დანით მოკლა - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი?
"მოლოდინით დღეებს ვითვლი ჩემო, დე, სულ მალე ამ ქვეყანას მოხვალ... შენი კანის სურნელი და გემო, ჩემი გულის სიღრმიდანაც მოჩანს... სულ ერთად ვართ, ერთ სხეულში ორნი - ორი გული, ორი სული, სუნთქვა... შენთან ერთად გავიზარდე მგონი, ეს გრძნობა კი ზღაპარია, სულ სხვა... ჩემო შვილო, ჩემო გულის გულო! ჩემს სხეულში მოკამკამე სულო! როგორ ვნატრობ აგიყვანო ხელში, სურვილი და ნატვრა აგისრულო! მოგიყვები სულ ყველაფერს ჩემო... შენი გზები, ჩემს გულზე რომ გადის... ნეტავ, მალე გამითენდეს ის დღე, ჩავისუნთქო სუნი, შენ რომ აგდის", - ასეთი წარწერა აქვს ქეთა კეპულაძის ფეხმძიმობის ფოტოს, რომელიც 2020 წლის 26 მაისით თარიღდება. როგორც ჩანს, გოგონა მოუთმენლად ელოდა პირველი შვილის დაბადებას და მისი პატარა მოევლინა კიდეც ამ ქვეყანას. მისი სიყვარულის ნაყოფი უკვე ერთი წლის არის.
ახლა ქეთა კეპულაძე მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ალბათ იგივე გრძნობით ელოდებოდა მეორე შვილის დაბადებასაც, მაგრამ მოულოდნელად მას მეუღლემ მოუსწრაფა სიცოცხლე. მეუღლემ, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ასე ასათაურებდა ხოლმე - "ჩემი სუნთქვა ხარ".
უმძიმესი ტრაგედია 22 დეკემბერს ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში დატრიალდა. ახალგაზრდა მამაკაცმა 4 თვის ფეხმძიმე მეუღლე სამზარეულოს დანით მოკლა. როგორც ახლობლები ამბობენ, მას დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. უკვე დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი. მოკლული 22 წლის ქეთა კეპულაძე კი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
როგორც ამბობენ, მათი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია დღეს, ამაზე საუბარი ყველას უჭირს. მომხდართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო. ალბათ სამართალდამცველები დაადგენენ ამ უმძიმესი დანაშაულის მიზეზს. დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცველები და კრიმინალისტები ტრაგედიის ადგილას. რა მტკიცებულებები ამოიღო პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან, ჯერჯერობით უცნობია.
წყვილს პატარა ჰყავს, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს სახლში იყო. როგორც ამბობენ, ტრაგედიის დროს სახლში იყო ასევე ბრალდებულის 13 წლის ძმაც. ვარკეთილის პოლიციაში ახლობლების დაკითხვა მიმდინარეობს. ჯერჯერობით ისიც უცნობია, რა ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა და მკვლელობის მოტივად რას ასახელებს. ადგილობრივები შოკირებულები არიან მომხდარით და ვერავის აუხსნია, რატომ გაიმეტა ულამაზესი მეუღლე სასიკვდილოდ ახალგაზრდა მამაკაცმა. როგორც ახლობლები პირად საუბრებში ამბობენ, ცოლ-ქმარს ერთმანეთთან უთანხმოება ჰქონდა, ამის გამო, თურმე ფეხმძიმე გოგო სახლიდანაც იყო წამოსული. რამდენიმე დღე მან დეიდასთან გაატარა, მერე კი ისევ თავის პატარა შვილთან ერთად, ქმართან დაბრუნდა. რატომ იყო გოგონა სახლიდან წამოსული და რა უამბო მაშინ კონფლიქტის მიზეზად ნათესავებს, ამას ალბათ გამოძიებას მისი ოჯახის წევრები ეტყვიან. თუმცა ბევრმა ახლობელმა, როგორც ჩანს, არაფერი იცოდა ცოლ-ქმარს შორის არსებულ უთანხმოებაზე. "არაფერი ვიცით მომხდარის დეტალებზე. პოლიცია მუშაობდა მათ სახლში და როგორც ამბობენ, დანით ფეხმძიმე გოგოს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ, არ ვიცით. აქ იყვნენ შეკრებილი გოგონას ნათესავები და საშინელ მდგომარეობაში არიან. მათი საუბრიდან ვხვდები, რომ ცოლ- ქმარს ერთმანეთთან ჩხუბი ჰქონდა. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მინახავს ერთად რომ მიდიოდნენ, ლამაზი წყვილი იყო, რამ გააგიჟა ეს ბიჭი, არ ვიცით. სასწრაფო, როგორც ჩანს, გამოიძახეს, მაგრამ ექიმებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ... პირადად არ ვიცნობდი ამ ოჯახს, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - ამბობს მეზობელი.
ქეთა კეპულაძე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითიდან იყო. სწორედ იქ შეიტყვეს მშობლებმა ეს საშინელი ამბავი და თბილისში ჩამოსულებს უმძიმესი სურათი დახვდათ. "წარმოუდგენელი რამ მოხდა, ქეთა მოკლეს, უკარგესი გოგო, მართლა ანგელოზი იყო, დაუჯერებელი ამბავია. შოკში ვართ ყველანი და ვერ აგვიხსნია რატომ უნდა დატრიალებულიყო ეს ტრაგედია. წყალტუბოში მთელი სოფელი გლოვობს, ამ ამბის შემდეგ, მთელი უბანი თბილისშია ჩამოსული და განადგურებულები ვართ. ქეთა სოფელში თითით საჩვენებელი ბავშვი იყო, ძალიან კარგ ოჯახში აღზრდილი გოგონა. ჩვენს თვალწინ გაიზარდა. იქ დაამთავრა 9 კლასი, მერე სასწავლებლად წამოვიდა თბილისში. არაჩვეულებრივად ხატავდა, ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან. თვითონ აკეთებდა ხელნაკეთ სამკაულებს. მაღაზიაშიც მუშაობდა. როგორც ვიცით, გაიცნო ეს ბიჭი და პატარა იყო, რომ დაქორწინდნენ. ადრე არაფერი გამიგია მათ შორის უთანხმოებაზე. სოფელში ზაფხულობით ჩამოდიოდნენ. ძალიან უყვარდა ქეთას მისი ქმარი. ძალიან წესიერი გოგონაა, როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ, არ ვიცი. საშინლად განადგურებულები ვართ. ასეთ გოგოს როგორ უნდა დამართნოდა ასეთი რამ... მისი ბაბუა და ბებია ამ ამბავს ვერ გადაიტანს, ასეთი საშინელება არ უნდა ხდებოდეს. ქეთას ჰყავს და და ძმა, ახალგაზრდა მშობლები, რომელიც განადგურებულები არიან. ფაქტის შესახებ არაფერი ვიცით. ყველანი გაურკვევლობაში ვართ. 13 წლის ძმა ჰყოლია სახლში ქმარს და მის თვალწინ მომხდარა ეს ამბავი. პატარა ასაკში გათხოვდა, ახლა მეორე შვილზე იყო 4 თვის ფეხმიძიმე. არაფრის დამშავებელი ის არ იყო. არაჩვეულებრივი, ნაზი, ფარფატა გოგო იყო. წარმოუდგენელია მისი მოკვლა. ძალიან დაბნეულები ვართ ყველანი. არც იმ ბიჭზე ამბობენ ცუდს, ამიტომ არ ვიცით, რა მოხდა. ყველა ელოდება მიზეზის გაგებას", - ამბობს ქეთა კეპულაძის მეზობელი სოფელ ოფშკვითიდან. სოციალური ქსელი უკვე აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. ექსპერტიზის შემდეგ, გოგონას მშობლიურ სოფელში გადაასვენებენ. მკვლელობის მიზეზს ალბათ გამოძიება დაადგენს, დამნაშავეც დაისჯება, მაგრამ ეს ვერანაირი ნუგეშია შვილმკვდარი მშობლებისთვის და ახლობლებისთვის. ვუსამძიმრებთ მათ ამ უდიდეს ტრაგედიას.
(სპეციალურად საიტისთვის)