"პატიმარ სააკაშვილის საკითხი პრობლემა თავად "ნაცმოძრაობისთვისაც" იქცა"
"პოლარიზებაში რას გულისხმობთ? - წინასაახალწლო პერიოდია, ხალხი დადის ქუჩაში, ზეიმობს, ჩვენ დღის წესრიგი გვაქვს პარლამენტში, ბიუჯეტი იზრდება - ოპოზიციას აქვს თავის მოთხოვნები, ნაწილი ახერხებს საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბროს, ნაწილი გაბუტულია და არის კარვებში", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჩამოსვლამ თავად "ნაციონალურ მოძრაობას" შეუქმნა პრობლემა და მისი გათავისუფლების გარდა მათ სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ, ხოლო გარკვეულ საკითხებზე აზრები ორად არის გაყოფილი.
"სააკაშვილის უკანონო ჩამოსვლამ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა "ნაციონალურ მოძრაობას", ვიდრე ჰქონდათ მანამდე, სანამ ის უკრაინაში იყო - ეს არის მოცემულობა. არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ მის გათავისუფლებას არავინ ითხოვს და საზოგადოებაში ამას ლეგიტიმაცია არ აქვს, რაც არის სწორედ ის წინაპირობა, რის გამოც შეუმდგარ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ფაქტობრივმა თავმჯდომარემ ე.წ. მასობრივი შიმშილობა დააანონსა. რაც 21 დეკემბერს მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციაში დაწყებულია გადახალისების პროცესი, რასაც ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობის" არაორდინალური გადაწყვეტილებები და ქმედებები. პატიმარ სააკაშვილის საკითხი პრობლემა თავად „ნაცმოძრაობისთვისაც" გახდა, ორად არის გაყოფილი აზრები, ძირითადი ლიდერებისთვის მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა პატიმარ სააკაშვილის საკითხი და სხვა საკითხებს უკვე აღარ აყენებენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, გარდა მისი გათავისუფლებისა და ისიც რა ფორმით, ამაზეც ვერ შეთანხმდნენ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.