"ღიად მივმართავ თურქეთის პრეზიდენტს, ჩამოყალიბდით!" - რა გახდა კადიროვის განრისხების მიზეზი და როგორია კრემლის პოზიცია? - კვირის პალიტრა

"ღიად მივმართავ თურქეთის პრეზიდენტს, ჩამოყალიბდით!" - რა გახდა კადიროვის განრისხების მიზეზი და როგორია კრემლის პოზიცია?

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა თურქეთის ხელისუფლება გააკრიტიკა და მათ ტერორიზმის მფარველობაში დასდო ბრალი. კადიროვის ასეთი რეაქცია გამოწვეულია იმით, რომ სტამბოლთან ახლოს მდებარე ქალაქ კორფეზში ჯოხარ დუდაევის, ჩეჩნეთის (იჩქერიის) პირველი პრეზიდენტის სახელობის სკვერი და ძეგლი გაიხსნა.

ამის საპასუხოდ კადიროვმა განაცხადა, რომ გროზნოში ქურთების ლიდერის, აბდულა ოჯალანის სახელს პატივს მიაგებს და მის უკვდავსაყოფად ძეგლს გახსნის. როგორც ცნობილია, აბდულა ოჯალანი, რომელიც ქურთების მუშათა პარტიის დამაარსებელია, თურქეთის ციხეში იხდის სასჯელს, მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ორგანიზაცია კი თურქეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.

"ღიად მივმართავ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ჩამოყალიბდით! ან ირჩევთ სახელმწიფოს სტატუსს, რომელიც ტერორიზმს მფარველობს, ან ირჩევთ რუსეთის ფედერაციასთან გამჭვირვალე ურთიერთობას და არ შეიცვლით შეხედულებებს მის ზურგს უკან. იქამდე კი, სანამ თურქეთი ბანდიტების და ტერორისტების თავშესაფარია, რომელთა გამოც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მას გავცეთ შესაბამისი პასუხი“, - დაწერა კადიროვმა ტელეგრამ-არხზე.

კრემლის პოზიცია

ოთხშაბათს ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ეს ძალიან ემოციური განცხადებაა რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის მეთაურის მხრიდან, თუმცა ამის ახსნა შესაძლებელია. კადიროვმა რამდენიმე ომი გამოიარა, რომელიც ტერორისტების პროვოცირებული იყო. ისინი ამ რეგიონის კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ“, - განაცხადა პესკოვმა, რომლის თქმითაც, ერთ-ერთი ტერორისტი თავად დუდაევი იყო“.

"სამწუხაროდ, ახლახან თურქეთის ერთ-ერთი ქალაქის სკვერს მისი სახელი დაარქვეს. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩეჩნებისთვის ძალიან მტკივნეულია, ამიტომ კადიროვის რეაქცია სრულიად გასაგებია“, - განაცხადა პესკოვმა.

თურქეთის პოზიცია

როგორც ჩანს, კადიროვის განცხადება თურქულ მედიაში შეუმჩნეველი არ დარჩა. Daily Sabah-ი მას ასე გამოეხმაურა: ჩეჩნეთის რეგიონის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ქურთების ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, აბდულა ოჯალანის ძეგლს დადგამს იმის საპასუხოდ, რომ თურქეთის ქალაქში ჯოხარ დუდაევის პატივსაცემად სკვერი გახსნეს.

თურქულმა მედიასაშუალებებმა ყურადღება გაამახვილეს, ასევე, იმაზე, რომ კადიროვმა ქვეყანა ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და, ასევე, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის - თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობების სავარაუდო გაუარესებას.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი საბჭოთა გენერალი ჯოხარ დუდაევი ჩეჩნეთის რესპუბლიკის სათავეში 1991 წელს მოვიდა. მან განსხვავებული პოლიტიკური კურსი აირჩია, რაც რუსეთისგან გამოყოფას გულისხმობდა. მისი მმართველობისას, რესპუბლიკა აღარ ექვემდებარებოდა მოსკოვს, რამაც საბოლოოდ, ქვეყანა ჩეჩნეთის პირველ ომამდე და მრავალრიცხოვან მსხვერპლამდე მიიყვანა.

(წყარო)