"უამრავი ადამიანი გადადის ქალაქში. ამ პროცესს ალბათ უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს..."
ნათელა გრიგალაშვილის ფოტოებს ათასობით ადამიანი იცნობს. გამოთქმა, - ფოტო, რომლიც ამბავს ჰყვება, ალბათ ყველაზე ზუსტად ასახავს მის ნამუშევრებს. ბევრი საუბარი არ უყვარს ჩვენს რესპონდენტს, სათქმელს თავისი საქმით ამბობს და თანაც, ძალიან საინტერესოდ.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ქალაქებშიც უამრავი რამ არის გადასაღები, მაგრამ სოფელი ჩემი სტიქიაა. შეიძლება იმიტომაც, რომ რაიონში დავიბადე და გავიზარდე, შემდეგ კი სწავლის გასაგრძელებლად ქალაქში წამოვედი, მაგრამ ჩემი სოფელი გამუდმებით მენატრებოდა და დღემდე ასეა... ზოგადად, როდესაც სიტყვა სამშობლოს ახსენებენ, ზოგს ალბათ საქართველოს რუკა დაუდგება თვალწინ, ჩემთვის სამშობლო კი ჩემი სოფელია..."
"რაღაცები ვერ გადამიღია, მაგრამ უფრო მეტი ის შემთხვევა მახსენდება, რაც არ გადამიღია, რადგან ამით სხვის ცხოვრებაში ზედმეტად შევიჭრებოდი... ისე კი, იმდენად ვარ ფოტოგრაფიით უკვე მოწამლული, რომ ახლა, როდესაც თბილისში ვარ, ვფიქრობ, ალბათ რეგიონებში რამდენი კადრი მიდის უჩემოდ-მეთქი. ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ასე მგონია, ჩვენ რაღაცნაირად ვებღაუჭებით ჩვენს ბავშვობას, წარსულს და ამიტომ, კიდევ უფრო მძიმე სანახავია, თუ როგორ იცლება სოფლები. უამრავი ადამიანი გადადის ქალაქში. ამ პროცესს ალბათ უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს..."
"ყველაზე მთავარი მაინც, ხალხის ურთიერთობაა - ის, რაც აქამდე სოფელმა, მათმა ტრადიციებმა და ადათმა შემოინახა. სწორედ ამით იყვნენ გამორჩეული და ეს იკარგება. არადა, ადამიანები, რომლებიც ბუნებასთან ახლოს არიან, უამრავ კარგ თვისებას ატარებენ და ხშირად, ამას თავადაც ვერ გრძნობენ. მერე კი, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ქრება, რაც დასანანია. ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ კადრები შემოინახოს. ამიტომ მინდა, ბევრი ვიმოგზაურო და რაც შეიძლება ბევრი კადრის გადაღება მოვასწრო... ფოტოკამერას აქვს საშუალება, წამი გააჩეროს..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ
ლალი პაპასკირი