"არაჟენკო" სააკაშვილი, "წიმური" ბიძია და "ათუხთუხებული ეკონომიკა", ანუ ვისთვის არის ქვეყანა ბიძინას ბოსტანი - კვირის პალიტრა

"არაჟენკო" სააკაშვილი, "წიმური" ბიძია და "ათუხთუხებული ეკონომიკა", ანუ ვისთვის არის ქვეყანა ბიძინას ბოსტანი

სალომემ რომ თქვა, უნდა შევრიგდეთო და თავი მოუყარა ისეთ პოლიტიკურ ვინეგრეტს, ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი მიქსის ერთ ჭერქვეშ თუნდაც წუთებით ერთად ყოფნას. აი, დაიწყო სალომემ თავისი მისიის დიპლომატიურად შესრულება და ცოტა ხნით კიდევ ვუყურებთ ძიძგილაობას, შეურიგდებიან თუ არა ფარულად ერთ ჩრდილქვეშ დამსხდარი მმართველი და ოპოზიციური ძალები.

ვაიდა, მოხდეს სასწაული და სალომესეულ ინიციატივას ყველაზე სასურველი შედეგი მოჰყვეს, რა იქნება ეს შედეგი?! ბუნებრივია, მხოლოდ "ნაციონალებისთვის" უნდა იყოს მომგებიანი, კერძოდ: "ნაცების" ყველა დანაშაული უნდა გადაკვალიფიცირდეს შეცდომად, მიშა და მისი თანაპარტიელი კრიმინალები, რომლებიც ან დაკავებული არიან, ან კიდევ "დაუსწრებლად აქვთ მისჯილი", უნდა გამოცხადდნენ ქართველ ნელსონ მანდელებად, უკუნითი უკუნისამდე მათ შთამომავლობას მიეცეს გარანტიები, რომ ხელისუფლებაში იქნებიან, ასევე, "არაჟენკო"-სააკაშვილს მიენიჭოს ორმაგი მოქალაქეობა, რათა იქით უკრაინა და აქეთ საქართველო მართოს "წიმური" ბიძიას დირექტივებით, და რამდენჯერაც "ნაციონალური მოძრაობა" ვერ მიიღებს არჩევნებში ხმათა უმრავლესობას, ყველა შედეგი არალეგიტიმურად გამოცხადდეს!

ჰო, კიდევ, ბარემ მივამატოთ: გიული ალასანიას კომპენსაციის მიზნით გადაეცეს ნახევარი თბილისი, რადგან დავღალეთ ქალი ვაჟზე ზრუნვით და, სხვა თუ არაფერი, მეორე აღმაშენებელი შვა და გაზარდა ქალმა, განა არ ეკუთვნის ბოსტნისხელა ქალაქის ნახევარი? ნამდვილად ეკუთვნის!

"ქართული ოცნებისგან" ნამდვილად არ მაქვს იმის იმედი, რომ ათუხთუხებული ეკონომიკისა და "მართალი სამართლისგან" ავყვავდებით მალე, რადგან ასეთი უპრინციპო ლიდერშიპი არ მახსოვს კომუნისტებიდან დღემდე! გახარია კი არაა ხელისუფლებაში, მიშა ჩამოვიდესო, და გავხედეთ, მიშა აქაა. გახარია კი არაა პრემიერი, რომ მელია თავისუფლებაზე იყოსო, და კი ვხედავთ, უსიცოცხლო აქციას აქციაზე აწყობს! ამიტომაც, ქოცმპოსტავებმა ცოტა ხნით დაანებეთ გახარიას თავი, მოგეხსენებათ, ეგ არაა ის "მასტი", მყარი გარანტიების გარეშე დაეწყო პოლიტიკური აქტივობა და მით უფრო, დამოუკიდებელი პოლიტმოთამაშის სტატუსით გამოსულიყო ასპარეზზე!.. "ქოცებს" გულწრფელად ვაფრთხილებ: ეგა მაგისი წინამორბედი უფხო პრემიერები არ გეგონოთ, სხვა თუ არაფერი, ისეთი საფირმო თვალის ჩაპაჭუნება იცის, ოცწლიანი ქორწინების ცოლებს გაყრის ქმრებს! მოგეხსენებათ და, შარმი ცოტას არ ნიშნავს პოლიტიკაში! მართალია, ღარიბაშვილის "მეორედ მოსვლის" შემდეგ გაგვეხსნა შეზღუდვების კარიბჭენი, მაგრამ დასავლეთი ევროპა რომ ისევ კეტავს, ვითომდა დანია, საფრანგეთი და გერმანია ბრიყვი ხელისუფლების ხელში არიან?..ცოტა ხნით არჩევნებისგან ვისვენებთ, მაგრამ არჩეულებისგან არ დაგვადგა მოსვენების დრო და ჟამი.

ეს ხელისუფლება რომ გვეუბნება, ძალიან აგვიდუღდა ეკონომიკაო, რით გამოიხატება ნეტავ? მიწასთან გასწორებული ლარის კურსით, გაძვირებული საწვავით თუ ცაში ავარდნილი პროდუქტების ფასით? ტურიზმის კლასიკური ქვეყნებიც კი ნელ-ნელა აჩვევენ ხალხს იმას, რომ აუცრელობის გამო ჩვეული ცხოვრების რიტმში ვერ იქნებიან. პოლონეთმა აკრძალა ღამის კლუბების მუშაობა, საფრანგეთმა - აუცრელებს ვერ ვცნობთ უსაფრთხოდო, გერმანიამაც - სავალდებულო ვაქცინაციის გარეშე გამოსავალს ვერ ვხედავთო, და ამ "უუნარო, გახრწნილი" ევროპული ქვეყნებიდან მოგვაწყდებიან აუცრელები ღამის კლუბებში, კურორტებზე, რესტორნებში, ბარებში და მერე ნახეთ თქვენ ეკონომიკის თუხთუხი, გადავსებული საავადმყოფოები და ანტივაქსერთა პროპაგანდის შედეგები!.. ერთი საბჭოეთისთვის გაისროლა თავის დროზე "ავრორამ" და მეორე ახლა გაისვრის "კოვიდი" ჩვენთვის! ვინმემ იკითხა, რატომაა ერთ-ერთ კლინიკაში 88 მცირეწლოვანი ბავშვი სამკურნალოდ? იმიტომ, რომ მათი მშობლებიდან მხოლოდ ორია აცრილი! ნეტავ ახლა რას იტყვიან ანტივაქსერები კი არა და, ჯანდაცვის მესვეურები, იმ პატარებს ასეთი განსაცდელი რომ აქვთ, მათგან 15 მძიმე ავადმყოფია, 2 მართვით სუნთქვაზეა?!

პ.ს. ახლახან თვალი მოვკარი, ნინო ბურჯანაძე ქართველ ამომრჩეველს ამუნათებდა, - რით ვერ მოგაწონეთ თავი ოპოზიციამ, როცა ჩვენი პოლიტიკური მოტივი მხოლოდ ისაა, ბიძინას ბოსტნად ქცეული ქვეყანა უნდა დავიხსნათო?!. წარმოვიდგინე, თითქოს დგას ბიძინა "პოლიტიკურ ბოსტანში" და სარეველებისგან წმენდს... მეც როგორ დავიწყე ოცნება!..