"დაივიწყეთ საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი - ყურძენი, რომელიც საუკეთესო ევროპული ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება, წარმოშობით საქართველოდან არის" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
ბრიტანულ გაზეთ "დეილი მეილში" (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "დაივიწყეთ საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი - ყურძენი, რომელიც საუკეთესო ევროპული ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება, წარმოშობით დასავლეთაზიური ქვეყნიდან - საქართველოდან არის, სადაც, მკვლევართა აზრით, ვაზი უკვე 8 ათასი წელია, გაშენებულია" (ავტორი - რეიჩელ ბანიანი). პუბლიკაციაში საუბარია საქართველოზე, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოზე. აქვე შევნიშნავთ, სტატიაში ამ მხრივ რაიმე ახალი ნათქვამი არ არის, ავტორი იმეორებს და მკითხველს კიდევ ერთხელ ახსენებს იმ მეცნიერული კვლევების შედეგებს, რომელთა თანახმად, დედამიწაზე პირველად ვაზი იმ რეგიონში გააშენეს და მისი ნაყოფისგან - ყურძნისგან პირველად ღვინო იმ ადგილზე დაამზადეს, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს.
"მეცნიერთა კვლევების თანახმად, ყურძენი, რომელიც პოპულარული ფრანგული, იტალიური და ესპანური ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება, შეიძლება ევროპიდან კი არ იყოს, არამედ - დასავლეთაზიური ქვეყნიდან - საქართველოდან.
იტალიელმა მეცნიერებმა გააანალიზეს საქართველოში გავრცელებული ვაზის 204 ჯიშის გენომი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ დასავლეთ აზიაში მცენარის "მოშინაურების" ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ყურძნის ჯიშები - სავინიონ ბლანი, მერლო, შარდონე და პინო ნუარი, რომლისგანაც ცნობილ ღვინოებს ამზადებენ, სწორედ იმ "მოშინაურების" დროს "დაიბადა", შემდეგ კი საქართველოდან ევროპაში გავრცელდა, ადამიანთა მიგრაციისა და საზღვაო ვაჭრობის შედეგად.
მკვლევართა მიერ მიღებული შედეგი განსხვავდება ადრე არსებული იმ თეორიიდან, რომლის მიხედვით, ევროპული ღვინოები მზადდებოდა კონტინენტზე გავრცელებული ვაზის (ყურძნის) ველური ჯიშების "წინაპრებისგან", მათი სხვა ჯიშებთან შეჯვარების გარეშე.
ქართველები ამაყობენ, რომ ღვინოს უკვე 8 ათასი წლის განმავლობაში ამზადებენ - უფრო ძველად, ვიდრე სხვა რომელიმე ხალხი - თიხის ჭურჭელზე (ქვევრებზე) აღმოჩენილი კვალის მიხედვით.
2017 წელს იტალიელმა მეცნიერებმა - მიქელე მორგანტემ, გაბრიელე დი გასპერომ და მათმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ ქართველები "გონების შემცვლელ" სასმელს 8 ათასი წლის წინ სვამდნენ. ღვინის წარმოშობის დრო არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურა - ნეოლითის პერიოდი, როცა ადამიანები ჯერ კიდევ ქვისგან გაკეთებული შრომის იარაღებით სარგებლობდნენ
საქართველოში განხორციელებულ აღმოჩენამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ მსოფლიოში ღვინო ყველაზე უფრო ადრე ირანში დაამზადეს - ზაგროსის მთების რაიონში, 5 ათასი წლის წინათ, მაგრამ როგორც ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები მიიჩნევენ, ყურძნის დაწურვისა და მისი წვენისგან "მათრობელა სასმელის" დამზადების პრაქტიკა კიდევ უფრო ადრე დაიწყო, დაახლოებით, სამი ათასი წლით ადრე - სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარე რეგიონში.
კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებზეც ღვინის კვალი არის შერჩენილი, თბილისთან ახლოს, გადაჭრილისა და შულავერის გორაკებზე იპოვეს. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ