"30 ჭრილობა აქვს მიყენებული... სასამართლოში იტყვის მკვლელობის მიზეზსაც" - რას ჰყვება გზირიშვილის ადვოკატი და რა სასჯელი ელის ბრალდებულს?
ხვალ, 24 დეკემბერს, 22 წლის ფეხმძიმე ქეთა კეპულაძის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული მეუღლე - გოგა გზირიშვილი სასამართლოს წინაშე წარსდგება. პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ფეხმძიმე გოგონა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავემ კი ამ სასტიკი დანაშაულის შემდეგ, თავად დარეკა 112-ში. სახლში მისულ ძალოვნებს უმძიმესი სურათი დახვდათ. ბრალდებული გოგა გზირიშვილი ახლა დროებითი დაკავების იზოლატორშია.
როგორც მისი ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა ამბობს, ხვალ ბრალდებული სასამართლოს მომხდარზე დეტალურ ჩვენებას მისცემს. ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია, რადგან მისი ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა. "აღიარებს დანაშაულს, მაგრამ ხვალ სასამართლო პროცესზე დააფიქსირებს პოზიციას, მითხრა, მეც ჩემს სათქმელს სასამართლოზე ვიტყვიო. აღკვეთის ღონისძიებას ითხოვს პროკურატურა და მოითხოვს ალბათ პატიმრობას. ჩვენც ვეთანხმებით მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობას, არავითარი გირაო არ მინდაო, მეკუთვნის და იმიტომო. სასამართლოში იტყვის მკვლელობის მიზეზსაც. ბრალში წერია, სამწუხაროდ, 30 ჭრილობა აქვს მიყენებული, თვითონ ვერ იხსენებს რამდენი ჭრილობა მიაყენა. ამბობს, გამოვედი მდგომარეობიდანო, აზრზე რომ მოვედი, მერე დავრეკე პოლიციაშიო. ძალიან განიცდის მომხდარს. ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა მათ შორის, რის გამოც მიაყენა ცოლს ეს ჭრილობები, თუმცა თვითონ არ გახსნილა ჩემთანაც. სასამართლოზე იტყვის მიზეზს", - ამბობს ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა.
ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია იმაზე, ადრეც იყო თუ არა წყვილს შორის კონფლიქტები. მართალია ადვოკატი ამაზე არ საუბრობს, მაგრამ მოკლული გოგონას ნათესავები ამბობენ, რომ ქეთა ამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე, სწორედ უთანხმოების გამო იყო წამოსული ოჯახიდან და დეიდასთან იმყოფებოდა, მერე კი ისევ უკან დაბრუნდა. ახლობლები იმასაც ამბობენ, ახალგაზრდა გოგოს პირად თემებზე საუბარი არ უყვარდაო. ადვოკატის თქმითაც ირკვევა, რომ გზირიშვილს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა და ის ძლიერ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა.
"ადრეც ყოფილა თუ არა მათ შორის უთანხმოება ეს ჩემთვის უცნობია, ამ დეტალებზე ბრალდებულთან არ მისაუბრია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ორჯერ ვნახე დროებითი მოთავსების იზოლატორში. არ გადავღალე კითხვებით, რადგან ნერვიულობს ძალიან და განიცდის. სახლში იყვნენ ცოლ-ქმარი და მათი ერთი წლის პატარა, ამბობს, ბავშვი კომპიუტერთან იჯდა და ვერ შეხედავდაო. ფაქტია, იკამათეს. სამზარეულოს დანით ჰყავს მოკლული. ფსიქოლოგიურად არ არის კარგად. არ იქნებოდა ადექვატური ამ მდგომარეობაში მისი ჩვენება და ამიტომაც არ მივაცემინე ჩვენება. ხვალ იტყვის ბევრ რამეს. არ ვარ ფსიქიატრი და მისი ფსიქიკური მდგომარეობა ექსპერტიზით უნდა გაირკვეს, ამიტომ თავს შევიკავებ ამ კუთხით შეფასებებისგან, მაგრამ პრობლემები რომ აქვს, ფაქტია. ამბობს, რომ ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა - რომ დავწყნარებულიყავი, ფსიქოტროპულ წამლებს ვსვამდიო... აზრზე რომ მოვედი, მაშინ დავუძახე პოლიციასო. მთვრალი არ ყოფილა, ასეთი დოკუმენტი საქმეში არ დევს. როცა პოლიციელები მოვიდნენ, შეცდომით მეზობელთან შედიოდნენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაუძახა მათ და უთხრა, აქ მობრძანდით, მე ვარ, ვინც დაგირეკათო და ჩაბარდა. როგორც აღვნიშნე, ფსიქიკურ მდგომარეობაზე ექსპერტიზა ჩატარდება, ძალიან საეჭვოა მისი ფსიქიკური მდგომარეობა", - აცხადებს ადვოკატი ჯანჯღავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ახალგაზრდა ადრეც ნასამართლევი იყო, თუმცა ადვოკატი ჯერ არ აკონკრეტებს, თუ რისთვის იხდიდა საასჯელს, ამბობს, რომ ამაზე ჯერ მას ინფორმაცია არ აქვს. საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს და ამიტომ, ჯერჯერობით ის ოჯახის წევრებს არ შეხვედრია. ამბობს, რომ ბრალდებულის მამას ხვალ შეხვდება. რაც შეეხება ბრალდებულის დედას, ის ემიგრაციაში ახალი წასული იყო და იტალიიდან დღეს ბრუნდება. სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს, რომ იცნობდა ამ ოჯახს და ისიც ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ცოცხლად მკვდარია ემიგრანტი დედა… ძალიან უყვარდა გოგას ქეთა, საოცარი სიყვარულის მომსწრე ვიყავი, ეს რა მოხდა. გოგას დედა დღეს მიფრინავს იტალიიდან, ემიგრანტ დედას ოჯახი თავზე დაენგრა. ბიჭს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები. გაბრუებულია მთელი საქართველო. რა შემოაქვთ, რას ეწევიან, რას სვამენ კაცმა არ იცის. ცუდი ამბავი შეემთხვა. რამდენიმე თვე იყო ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეშ. ჰქონდა ჰალუცინაციები, ელანდებოდა, რომ კლავდნენ. გარბოდა სახლიდან. ეს გოგოც წასული იყო. რადგან ბიჭს არაადეკვატური ქცევები ჰქონდა. მაგრამ დაბრუნდა. ნეტავ, ექიმებს თავის დროზე ემოქმედათ სათანადოდ. დაეწვინათ, ემკურნალათ, “- წერს ოჯახის ახლობელი სიხარულიძე.
სადისტურად მოკლული ქეთა კეპულაძე წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში უკვე გადაასვენეს. უმძიმესია ოჯახის ტრაგედია. გლოვობს მთელი სოფელი და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. "ჩემი ორი ანგელოზი, შენს სისხლს არავის შევარჩენთ, გპირდები! შეხვედრამდე ჩემო ტკბილო", - დაწერა სოციალურ ქსელში ფეხმძიმე გოგონას დამ.
ქეთას გლოვობს მთელი საქართველო. ვინც იცნობდა, ყველა დადებითად ახასიათებს, ამბობენ, რომ უპატიოსნესი, სიცოცხლით სავსე გოგო იყო. დამნაშავისთვის წარდგენილი მუხლი 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
(სპეციალურად საიტისთვის)