"დამდეგი წელი ჯო ბაიდენისთვის და დასავლეთისთვის კიდევ უფრო უარესი იქნება" - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"დამდეგი წელი ჯო ბაიდენისთვის და დასავლეთისთვის კიდევ უფრო უარესი იქნება" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით - "დამდეგი წელი ჯო ბაიდენისთვის და დასავლეთისთვის კიდევ უფრო უარესი იქნება" (ავტორი - კონ კაფლინი, გაზეთის სამხედრო განყოფილების რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"მიმდინარე წელმა, რომელიც დასავლური ალიანსის განმტკიცებისა და მისი გავლენის აღზევების წელი უნდა ყოფილიყო, უბრალო იმედგაცრუება კი არ მოიტანა, არამედ - წარმოუდგენელი მასშტაბის კატასტროფა", - აღნიშნულია სტატიის დასაწყისში.

"ოვალურ კაბინეტში ჯო ბაიდენის მოსვლით წლის დასაწყისში რაღაც იმედი გაჩნდა, რომ მისი პრეზიდენტობა იმ უთანხმოებასა და ბოღმას აღმოფხვრიდა, რაც წინამორბედის - დონალდ ტრამპის მმართველობის დროს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში გაჩნდა. ამის შესახებ თვით ჯო ბაიდენმა განაცხადა საინაგურაციო გამოსვლაში, შემდეგ კი სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის დროს - ვაშინგტონის პოზიციების აღდგენის თაობაზე მსოფლიოს მასშტაბით. "ამერიკა დაბრუნდა.. და მისი დიპლომატიაც", - განაცხადა პრეზიდენტმა და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ მისი ადმინისტრაცია აშშ-ის "პრესტიჟსა და მორალურ ავტორიტეტს" აღადგენდა.

როგორ უაზროდ ჟღერს პრეზიდენტის სიტყვები დღეს! ჯო ბაიდენმა არა მარტო ვერ აღადგინა დასავლეთის ჰეგემონობა მსოფლიოს არენაზე, არამედ - მან დაუშვა დასავლეთის გავლენის კატასტროფული ეროზია, რაც მომავალ, 2022 წელს დემოკრატიას კარგს არაფერს უქადის.

თუ ჯო ბაიდენს მართლაც სურს ევროპასთან კარგი ურთიერთობის აღდგენა, რატომ უშვებს დიპლომატიურ შეცდომას და არ ნიშნავს ელჩებს ევროპის რიგი ქვეყნების დედაქალაქებში, ლონდონის ჩათვლით? სწორედ მას მიუძღვის ბრალი დასავლეთის პრესტიჟის დაცემაში იმდენად, რამდენადაც მისი სისუსტე და გაუბედაობა ყველასათვის აშკარაა, განსაკუთრებით - ჩინეთისა და რუსეთის მოწინააღმდეგეების თვალში.

ჯო ბაიდენი ვერ ბედავს ჩინეთის წინააღმდეგ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას (თუნდაც კორონავირუსის გავრცელების გამო) და ამით პეკინს აქეზებს. ჩინეთის ხელისუფლება უფრო მკაცრ რეპრესიებს ახორციელებს თავისი ჰონკონგელი და უიღურელი ოპონენეტების მიმართ. და თუ აშშ და მისი მოკავშირეები უუნარონი არიან, აღკვეთონ პეკინის პოლიტიკა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკა შეარყია, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩინეთს მსოფლიო ბატონობის გზაზე სერიოზული წინააღმდეგობა არ ექნება.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც აშშ-ის დასუსტება იყნოსა, რუსეთი წარმოადგენს. მოსკოვმა ძალები მოიკრიბა, რომ ევროპაში განხეთქილება შეიტანოს და უთანხმოების მარცვლები დათესოს. ჟენევაში ბაიდენ-პუტინის ორსაათიანი შეხვედრის დროს კრემლი უნდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ ამერიკა სერიოზულ გლობალურ ლიდერს წარმოადგენს, მაგრამ ჯო ბაიდენმა ვერ მოახერხა, რომ ვლადიმერ პუტინს შესაბამისი შთაბეჭდილება შექმნოდა. ამიტომაც აშანტაჟებს დღეს ევროპას რუსეთის პრეზიდენტი გაზის მიწოდების სავარაუდო შეწყვეტით, ბელარუს-ევროკავშირის საზღვართან მიგრაციული კრიზისის შექმნით და ახლა უკვე უკრაინაში დაგეგმილი სამხედრო შეჭრით.

ამჟამადაც კი, როცა მოსკოვს უკრაინის საზღვართან, როგორც ამტკიცებენ, ასიათასიანი არმია ჰყავს მობილიზებული, გამორიცხული არ არის, რომ ჯო ბაიდენი კრემლს ისევ დამშვიდებას დაუწყებს და კიევის იმედებს ნატოს სრულუფლებიან წევრობაზე ხაზს გადაუსვამს.

ბოლოსდაბოლოს, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასეთი შედეგები სრულიად მოსალოდნელია იმ ადამიანისაგან, რომელმაც სულ რაღაც ოთხი თვის წინ ბედის ანაბარა მიატოვა ავღანელი ხალხი და ისინი ხელში "თალიბანს" ჩაუგდო. ავღანეთიდან გამოსვლით ამერიკამ რეგიონი ირანს და ჩინეთს შეატოვა. პეკინი ხარობს იმით, რომ ავღანეთის უმდიდრეს სასარგებლო წიაღისეულს ახლა ის დაეპატრონება.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ ნდობის შემცირებას ევროპელი ლიდერების მოქმედებაც ემატება. გერმანიაში ხელოვნურად გამოწვეული ენერგოკრიზისი ბობოქრობს, ემანუილ მაკრონმა კი მთელი წელი დიდი ბრიტანეთის ლანძღვას მოანდომა, ბრექსიტის გამო შურისძიების მიზნით. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი ბრიტანეთის გლობალური როლის აღდგენაზე ოცნებობს, მაგრამ ბევრი თვლის, რომ დაუნინგსთრითს უფრო მეტად საღამოების გამართვა აინტერესებს, ვიდრე სახელმწიფოს მართვა.

ფაქტია, რომ დასავლურ ალიანსს ძლიერი და ეფექტიანი ხელმძღვანელები არ ჰყავს და, რა თქმა უნდა, საზოგადოება შეშფოთებულია - როგორი იქნება მომავალი წელი? დასავლეთი სულ უფრო მოწყვლადი ხდება მტრებისა და არაკეთილმსურველებისათვის. ეს განსაკუთრებით ჩანს უკრაინის მაგალითზე - ვლადიმერ პუტინი "იარაღს აჟღარუნებს" და ერთ არასწორ ნაბიჯსაც კი ტრაგიკული შედეგების გამოწვევა შეუძლია.

კიდევ ერთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ომის ზღურბლზე ბალანსირებს და რომლის მოქმედება სერიოზული რისკის შემცველია, ირანი წარმოადგენს. იმდენად, რამდენადაც თეირანმა დასავლეთთან მოლაპარაკება ვერ შეძლო თავის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ჰაერსაწინააღმდეგო მანევრები ჩაატარა "დასავლეთის თავდასხმისაგან" დაცვის მიზნით. სამწუხაროდ, ირანული რაკეტები მიზანს არაზუსტად "ხედავენ" და ხშირად სამოქალაქო თვითმფრინავებს ანადგურებენ (ისე, როგორც ეს 2020 წელს მოხდა უკრაინის ავიალაინერის მიმართ). დასავლურმა დაზვერვამ მიიღო ცნობები, რომ ირანის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა ერთსა და იმავე სამიზნისაკენ, მინიმუმ, ორჯერ მაინც უშვებს რაკეტებს.

პეკინიდან მოსკოვამდე და თეირანიდან ქაბულამდე - მსოფლიო 2022 წელს შეიძლება უფრო ხიფათიანი გახდეს, ვიდრე დღეს არის. მთავარი უბედურება ის არის, რომ ჩვენ განვიცდით ძლიერი და ერთიანი ხელმძღვანელობის დეფიციტს, ისეთი მტკიცე ხელმძღვანელობისა, რომლის გარეშეც სამომავლო ამოცანებს ვერ გადავწყვეტთ", - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ