"დედის განწირული წივილ-კივილი ანგრევდა აქაურობას, რაიონიდან არიან"
ახალგაზრდა ქალი გაზით გაიგუდა თბილისში, დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე. ტრაგედია ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში დატრიალდა. გუშინ, საღამოს, 22 წლის გოგონა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების მიზეზი გაზით ინტოქსიკაციაა. როგორც ჩანს, ბინაში ბუნებრივმა აირმა მაშინ გაჟონა, როცა გოგონა ბანაობდა, სწორედ აბაზანაშია მისი ცხედარი ნაპოვნი.
„ჩვენ საღამოს გავიგეთ ეს ამბავი. სახლში დედა მისულა და ბინის კარი რომ არავინ გაუღო, განგაში აუტეხავს. მათ ეს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. გოგონა არც ტელეფონის ზარს პასუხობდა, ქალი სახლში ვერ შედიოდა და ამის შემდეგ გამოიძახეს სამაშველო სამსახური. პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც მოვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გოგონა აბაზანაში გარდაცვლილი იყო.
როგორც ირკვევა, კუსტარულად იყო ბინაში დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და გოგონა გაიგუდა. დედის განწირული წივილ-კივილი ანგრევდა აქაურობას, რაიონიდან არიან, პირადად მე, არ ვიცნობდი მათ“, - ამბობს მეზობელი. როგორც ის აღნიშნავს, არ იცის ბინაში როგორ იყო ხელსაწყო დამონტაჟებული.
შემთხვევის ადგილზე "თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებიც მივიდნენ. ხელსაწყოს დემონტაჟიც გააკეთეს, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. ასევე, ექსპერტიზა ჩაუტარდება გარდაცვლილი გოგონას ცხედარს და მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზიც გაირკვევა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
(სპეციალურად საიტისთვის)