"როცა რუსეთი ამბობს, რომ სამხრეთის მიმართულებით ხედავს საფრთხეს, სომხეთში ხედავს საფრთხეს თუ აზერბაიჯანში? რა თქმა უნდა, არა..."
ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 23 დეკემბერს ჟურნალისტებთან გამართა, წლის მიმდინარე მოვლენებსა და მათ შორის - უკრაინის საკითხზეც ისაუბრა. რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და დასავლეთის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს კითხვა Sky News-ის ჟურნალისტმა დაუსვა.
ჟურნალისტმა დიანა მაგნიმ პუტინს იმ გარანტიების შესახებ ჰკითხა, რომლის საფუძველზეც რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმება:
"აღმოსავლეთში ნატოს მომავალი გეგმები მიუღებელია. ეს აშშ არის თავისი რაკეტებით ჩვენი სახლის ზღურბლზე მომდგარი. ჩვენ რომ მექსიკასთან ჩვენი რაკეტები განგვეთავსებინა, ამას როგორ შეაფასებდნენ ამერიკელები? საკითხი უსაფრთხოებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მოლაპარაკების მსვლელობა, არამედ - შედეგი. არცერთი სანტიმეტრი აღმოსავლეთისკენ! - გვეუბნებოდნენ, მაგრამ რა მოხდა? მოგვატყუეს, აი, რაზეა საუბარი.
ჩვენ არავის ვემუქრებით, პირიქით, ჩვენთან მოვიდნენ. ახლა კი უკრაინასთან მივიდნენ. ამბობენ, რომ ბაზები განლაგდება და თქვენ ჩემგან ითხოვთ გარანტიებს? ეს თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები. ჩვენ არავის ვემუქრებით. რა ესმის დასავლეთს რუსეთის შესახებ? ჩვენ ხან სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობთ. მე ღია საკითხებზე გესაუბრებით, ამბობდნენ არ გავფართოვდებითო და ფართოვდებიან. მოვიქცევით ისე, როგორც ჩვენ გვსურს! ნატოს გაფართოების ხუთი ტალღა მოხდა... რა არის ამაში გაუგებარი? - ჩვენ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გვსურს!“, - განაცხადა პასუხად ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით ჩვენ ანალიტიკოს გიორგი გობრონიძეს ვესაუბრეთ:
- ვინც ხედავს რუსეთის საგარეო პოლიტიკას, მათთვის ახალი არ ყოფილა ის საკითხები, რაზეც პუტინმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
აქ უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი - პირველი არის ის, რომ რუსეთის დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა რეგიონის მიმართ არის ცალსახა. ამ რეგიონს ის მიიჩნევს არა უბრალოდ გავლენის ექსკლუზიურ ზონად, ამ ზონად ის მიიჩნევს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური ევროპის ნაწილსაც, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს იმ ტერიტორიად, რომელიც თავის დროზე წარმოადგენდა ე.წ. რუსული სამყაროს ნაწილს.
რუსეთის ლიდერის თვალით, საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო რუსეთის იმპერიის კოლაფსი, რომელსაც ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში უყრის საფუძველს პეტრე I, რადგან საბჭოთა კავშირი თავისი შინაარსით იყო რუსეთის იმპერია, რომელმაც განიცადა კომუნისტური ტრანსფორმაცია ანუ გეოპოლიტიკური ერთეული „რუსეთის იმპერია“ საბჭოთა კავშირის შექმნით არ გამქრალა, არამედ - ის არ დაიქცა.
საბჭოთა კავშირის კოლაფსი კი სწორედ იმპერიის კოლაფსი იყო. შესაბამისად, ჩვენ ვართ ის ტერიტორიები, რომელიც მათი გადმოსახედიდან შეადგენდა იმპერიას. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ უკრაინა თითქოს არის ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო და რაც შეეხება აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებას, რუსეთს ამ კუთხით აქვს შიშები, მაგრამ აქ უნდა გავმიჯნოთ ის, რასაც ამბობენ და მეორე, რაც უნდა წავიკითხოთ ხაზებს შორის.
რუსეთშიც გადასარევად ესმის ყველას, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რადგან არ მგონია, ვინმე იყოს მზად, სახელმწიფოს - უდიდესი ტრანსკონტინენტალური განადგურების იარაღით, შეუქმნას სამხედრო საფრთხე ან დახარჯოს ის კოლოსალური რესურსი, რაც დასჭირდება რუსეთთან ბრძოლას. რუსეთში კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ მათთან ომისთვის არავინ ემზადება, შესაბამისად, აქ პრობლემა სხვა რამაა. თუკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ახერხებს შემოვიდეს პოსტსაბჭოთა რეგიონში და ახერხებს სახელმწიფოებს მისცეს რუსეთისგან დაცვის გარანტიები, უკვე ჩნდება პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარების და მათი შეუქცევადი დემოკრატიზაციის ახალი პარადიგმა. აი, აქ უკვე საუბარია რეჟიმების ცვლილებასა და რეგიონში დემოკრატიის გავრცელებაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორც წარმატების ფორმულაზე, რაც, პირველ რიგში რუსეთში გააჩენს კითხვებს. ქვეყანაში, სადაც ეფექტიანი მმართველობა - ცენტრალიზებული ავტორიტარიზმი არის სტანდარტული გზა პოლიტიკის კეთებისა, ჩნდება კითხვები, თუკი უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნის რანგში ახდენს წარმატებას, თუკი საქართველო აკეთებს ამას, მაშინ რატომ ვამბობთ, რომ ეს მმართველობა - პოლიტიკური რეჟიმი, რაც რუსეთს აქვს, არის უალტერნატივო?
აქ პრობლემაა ის, რომ რუსეთი ხედავს საფრთხეს პოლიტიკური ვერტიკალისათვის. ამიტომ არის მისთვის მიუღებელი, შემოვიდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იმ ზონაში, სადაც შეიძლება დაიწყოს დემოკრატიზაცია, რაც მას შეუქმნის საფრთხეს და მეორე, თუკი ეს პოსტსაბჭოთა რეგიონები ნატოს ქოლგის ქვეშ აღმოჩნდება, რუსეთი დაკარგავს მათზე წვდომასა და ჰეგემონიას.
როცა რუსეთი ამბობს, რომ სამხრეთის მიმართულებით ხედავს საფრთხეს, სომხეთში ხედავს საფრთხეს თუ აზერბაიჯანში? - რა თქმა უნდა, არა, მას საქართველო პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ნატოს შემოსვლა, პირველ რიგში, არის ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, რომლებიც უკვე ნატოს წევრი სამი სახელმწიფოა და, ასევე, საქართველო და უკრაინა.
რუსეთმა თავის უსაფრთხოების კონცეფციაში არ გვახსენა, მაგრამ მას უწერია, რომ აფხაზეთთან და ცხინვალთან დიპლომატიური და საგარეო ურთერთობების განვითარება არის პრიორიტეტული, ის ჩვენ გვეხება პირდაპირ და დიახ, როცა ის პოსტსაბჭოთა რეგიონში ნატოს აქტიურობაზე საუბრობს, პირველ რიგში, საქართველოს და უკრაინას მოიაზრებს.
რაც შეეხება ბელარუსის საკითხს, ვფიქრობ, ბელარუსი კიდევ უფრო მეტად იქნება რუსეთზე დამოკიდებული. ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია და ბელარუსი უკვე უნისონში მოქმედებენ და ევროკავშირს სინქრონულად უქმნიან პრობლემას, თუნდაც მიგრანტების ნაწილში.
რუკას რომ დავხედოთ, სრულიად აბსურდულია, რომ ვიღაცამ ევროპაში მოსახვედრ იდეალურ გზად, თავისი ნებით, ზამთარში ბელარუსი აირჩია. თითქოს გადაწყვიტა, ზამთარში წავიდეს ბელარუსში და გადაძვრეს პოლონეთში. ანუ ქვეყნები, რომლებიც უფრო ღიაა მიგრანტებისთვის და გაცილებით მოკლე მანძილის გავლა დასჭირდებოდათ, თითქოს, არ იყო მნიშვნელოვანი და ამ მიგრანტებმა გადაწყვიტეს, ზამთარში გაყინულ ჩრდილოეთში ემოგზაურათ და იქედან ევროპაში გადასულიყვნენ... ეს, რა თქმა უნდა, როგორც რუსული, ასევე - ბელარუსული შესაბამისი სმსახურების ჩარევით მოხდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი მოსკოვთან შეთანხმების გარეშე იყოს.