"მოვუწოდებ ყოფილ თანაგუნდელებს, ვინც ახლა გიორგი გახარიას გუნდშია და არიან საკრებულოებში..." - კვირის პალიტრა

"მოვუწოდებ ყოფილ თანაგუნდელებს, ვინც ახლა გიორგი გახარიას გუნდშია და არიან საკრებულოებში..."

"მექნება თხოვნა და მოწოდება ჩვენი იმ ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, ვინც დღეს გიორგი გახარიას გუნდშია და არიან საკრებულოებში, მათი პარტიის ლიდერის პოლიტიკას კარგად დააკვირდნენ და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები, უღირთ თუ არა ამ პარტიაში დარჩნენ", - აღნიშნული განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გააკეთა.

როგორც ამ კონტექსტში სუბარმა აღნიშნა, ის რაც ჩხოროწყუში მოხდა, მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკა თანამდებობიდან გადადგომიდან დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერება იყო.

"ამის ყველაზე მკაფიო დასტური იყო, როცა მან საკუთარი თავი თბილისის მერობის კანდიდატად დააყენა. ის ამბობდა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ჰყავდა, კანდიდატი იქნებოდა სხვა, თუმცა ბოლოს საკუთარი კანდიდატურა დააყენა, რისი ერთადერთი მიზანი იყო, რომ როგორმე არჩევნების მეორე ტური ჩაეტარებინათ და მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია გადაეყვანა. სახელი არ ჰქვია იმას, რაც ნიკა მელიას გამო მისი გადადგომა იყო. გუშინ ჩხოროწყუში კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა გიორგი გახარიას პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი გაკეთდა", - განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას გუნდის წევრი შოთა წურწუმია გახდა.