"ფურცლებს გადახედა, ერთ გვარს თითი დაადო და მითხრა, თუ ამ პროექტში ეს ადამიანიც იქნება, მაშინ მე არ ვიქნებიო" - კვირის პალიტრა

"ფურცლებს გადახედა, ერთ გვარს თითი დაადო და მითხრა, თუ ამ პროექტში ეს ადამიანიც იქნება, მაშინ მე არ ვიქნებიო"

100 წლის წინ, 18 დეკემბერს საბჭოთა კავშირის კინოსა და ცირკის ცნობილი მსახიობი იური ნიკულინი დაიბადა. ბევრისთვის საყვარელმა მსახიობმა საზოგადოებას თავი რამდენიმე ფილმით დაამახსოვრა, მათ შორისაა "ბრილიანტის ხელი“, "12 სკამი", "კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავლები" და სხვა. იუმორისტი მსახიობის შესახებ კურიოზული ისტორიები მისმა შვილმა მაქსიმ ნიკულინმა გაიხსენა.

"ბავშვობისას, მამას იშვიათად ვნახულობდი, ბებიამ გამზარდა. მიუხედავად ამისა, მასზე არასდროს ვბრაზდებოდი - შევეჩვიე მის გამგზავრებას. როცა გავიზარდე, მშობლებთან ერთად გასტროლებზე მეც დავდიოდი. გამიმართლა, რომ დიდ ოჯახში დავიბადე, ჩვენს ირგვლივ ყველა ერთმანეთს უფრთხილდებოდა და აფასებდა. ასეთ ადამიანებთან ერთად ნებისმიერი განშორების ატანა უფრო ადვილი იყო, მით უფრო მაშინ, როცა მშობლები წერილებს მიგზავნიდნენ. წერილის წერას დედა იწყებდა, მამა კი ასრულებდა. წერილში აუცილებლად იყო პატარა ჩანახატები, მათ ამ დრომდე ვინახავ.

მამის დაბადების დღეს სახლში არასდროს აღვნიშნავდით, არ უყვარდა. ამბობდა, ზედმეტი წელი მომემატაო, ან პირიქით, კიდევ ერთი წელი მომაკლდაო.

nikulin2-1640367529.jpg

მას არ უყვარდა ოფიციალური მილოცვები, იუბილეები, სულ ამბობდა, რომ ეს არავის სჭირდებოდა. ყოველთვის უბრალო იყო და ყველაზე მეტად ოჯახში და მეგობრებთან დროის გატარება უყვარდა.

მამა ყველასთან ერთნაირი იყო, არ იცვლებოდა. ისეთივე იყო სხვასთან, როგორც ჩემთან ურთიერთობაში. ყველას ერთნაირად ესაუბრებოდა, როგორც მსახიობს, ოჯახის წევრს, ასევე ქვეყნის პრეზიდენტს, მინისტრსა თუ მეეზოვეს. ალბათ მასში ყველაზე მეტად სწორედ ამ თვისებას აფასებდნენ. ეს ხასიათი იზიდავდა მისკენ საზოგადოებას.

საბჭოთა მსახიობებში ყველაზე მეტად რატომღაც ნიკულინი უყვარდათ. არა იმიტომ, რომ ის იყო ყველაზე კარგი მსახიობი ან კარგი ჯამბაზი, ყველას მისი ადამიანური თვისებები უყვარდა.

"ჩვენი საბჭოთა ხელისუფლება“

მაშინ, როცა ჯერ კიდევ კომუნალურ ბინებში ვცხოვრობდით, მას მეტსახელი ჰქონდა - "ჩვენი საბჭოთა ხელისუფლება“. ის მოსახლეობას იმაზე მეტად ეხმარებოდა, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ყველას დახმარებას ვერ შეძლებდა, თუმცა ვინც სერიოზული თხოვნით მიმართავდა, ყველას ხელს უმართავდა, ეს იყო წამლების საკითხი, ადგილი საავადმყოფოში, ბინის შოვნა თუ სხვა.

იშვიათად თუ ეტყოდა ვინმეს უარს, სიტყვა "არა“ არ უყვარდა. თუკი ვინმე მას გამორჩენის მიზნით გამოიყენებდა, ბრაზდებოდა, თუმცა წყენას გულში არ იდებდა. ტყუილს და ღალატს კი არავის პატიობდა. იქამდე არასდროს დაეცემოდა, ღალატზე სამაგიერო გადაეხადა, თუმცა ასეთ ადამიანს მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ შლიდა.

nikulin3-1640367530.jpg

იმ პერიოდში, როცა ერთად ვმუშობდით, ერთხელ კარგი პროექტი შემომთავაზეს, მამასთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი, ვუთხარი, რომ გასტროლებზე მოგვიწევდა წასვლა. მან ფურცლებს გადახედა, ერთ გვარს თითი დაადო და მითხრა, - "თუ ამ პროექტში ეს ადამიანიც იქნება, მაშინ მე არ ვიქნებიო“. მას უბრალოდ არ შეეძლო ისეთ პროექტში მიეღო მონაწილეობა, სადაც მისთვის არასასურველი პირი იქნებოდა, რომელთანაც რაღაც მიზეზის გამო, ურთიერთობა გაწყვიტა.

როცა მამასთან ერთად ვმუშაობდით, არაფრის გვეშინოდა, ის კედელივით იყო ჩვენთვის. ვიცოდით, რაც არ უნდა გაგვჭირვებოდა, გვყავდა ადამიანი, რომელიც პრობლემას 15 წუთში მოაგვარებდა.

თუ რაიმე ახალ ანეკდოტს გაიგებდა, მაშინმე მე მიყვებოდა, ვინმეს ხომ უნდა გავუზიაროო, შემდეგ, დედას ურეკავდა, ამის შემდეგ უყვებოდა ყველა დანარჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ანეკდოტი უამრავჯერ მქონდა მოსმენილი, მისი ნათქვამი მაინც სასაცილოდ ჟღერდა...

ჩვენ განსაკუთრებული მამა-შვილური ურთიერთობა გვქონდა, დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობა სხვა ფაზაში გადაიზარდა. შეგვეძლო ერთად დავმსხდარიყავით და დაგველია. მახსოვს, 5 წლის რომ ვიყავი, მოსკოვში იმ ადგილებს მანახებდა, სადაც თავად გაიზარდა, სადაც ბავშვობისას თამაშობდა. თუ გასტროლებზე არ იყო, მაშინ სულ თან ვახლდი.

არ უყვარდა დიდაქტიკური საუბარი, ჩვენს შორის არასდროს ყოფილა დიალოგი "რა არის კარგი, ან რა - ცუდი“, ჩვენ ჩვეულებრივი მამა-შვილური ურთიერთობა გვქონდა. მე და მამა ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა ის ყველაზე კარგად იმ 2 წლის განმავლობაში გავიცანი, როცა ერთად მუშაობა დავიწყეთ", - ასე გაიხსენა მამასთან ურთიერთობა მაქსიმ ნიკულინმა. (წყარო)