რა კავშირშია საახალწლო განათებები და გაჭირვება ერთმანეთთან? ანუ, მე რომ დედაქალაქის მერი ვიყო...
ვფიქრობ, რა შეიძლება გამეკეთებინა, თუკი ვიქნებოდი ქალაქის მერი, მით უფრო საახალწლო პერიოდში? რა თქმა უნდა ჩავაბნელებდი ქალაქს. საახალწლო განათებების თანხას მივცემდი გაჭირვებულებს, დავურიგებდი საჭმელს ხალხს და არ აღვნიშნავდი წლის მთავარ დღესასწაულს ქვეყნის დედაქალაქში... ნეტავ, იმათი გული თუ მოვიგე ვინც ასეთი უაზრო ტექსტებით გამოდის. ანაც, იმ ხალხის ვისაც საახალწლო განათებების ხარჯზე ერთი ღამით სურს სუფრაზე საცივი ედოს საახალწლოდ...
ეხლა ვუსმენდი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის 2006 წლის ჩანაწერს "იუთუბიზე", სადაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ეხვეწებოდნენ, "შიდა" ხალხი დაასაქმეთ საახალწლოდ და ერთი 1000 ლარი გადაუხადეთ, იაპონელი მოციგურავეები რომ ჩამოგყავთო. ლამის სკამიდან გადმოხტა გოკა გაბაშვილი, არ გინდათ საახალწლო ღონისძიებები წლის მთავარ დღესასწაულზე? გაუკეთე, ახლა, ამ ხალხს სიკეთეო...
საერთოდ არ ვხუმრობ იმაზე, რაც შესავალში ვთქვი. მართლა გავრისკავდი ერთ წელს, არ გავანათებდი ქალაქს საახალწლო ნათურებით და ზუსტად ვიცი, ისევ იგივე ხალხისგან რა კომენტარებიც წამოვიდოდა. ახლა ვისმენდი კიდევ ერთ სინქრონს, ამჯერად საინფორმაციოში - სტინგი და კლინტონი რომ ჩამოჰყავდა მიშას, ამისთვის დახარჯული თანხების გამო შედავება უსამართლობააო. ეტყობა მიშას მმართველობის დროს, გაჭირვებული ადამიანი არ ჭაჭანებდა დედამიწის ზურგზე.
როცა გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გამოვეკიდოთ არა გამოგონილ საკითხებს, არამედ იმას, რაც არასწორად იხარჯება, ხომ ასეა? თუ ვინმე დადებს საბუთს, რომ სოციალურად დაუცველებს მოაკლდა თანხა და საახალწლო განათებებს მოხმარდა, ხმა უნდა ამოვიღოთ, სხვა შემთხვევაში პოპულიზმია ის, რასაც ზოგიერთები აკეთებთ. იმ ქვეყნისთვის კი, როგორიც ჩვენ ვართ და ყველა სფეროში ყველაფერი ასაწყობი რომ გვაქვს, საცოდაობაა პოპულიზმისთვის დროის ხარჯვა.
ერთობ სასაცილოა "ნაციონალების" გულისწუხილი სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებზე, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს თითო გარაჟს და 20 კვადრატულ მეტრ მიწასაც გაუფრთხილებლად ართმევდნენ. კარგად დათვალეთ სააკაშვილ-მერაბიშვილს 1 ლარად რამდენი მიწის ნაკვეთი აქვთ მითვისებული, რა თანხა აკეთა სააკაშვილის მთავრობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეხლა რას გვთავაზობენ? ვერაფერს, იგივე სიტუაცია ძალიანაც აწყობთ და სისტემას ერთ კაცს ეძახიან.
ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ "ოცნებასავით" "ბუად" მხოლოდ "ნაციონალები" წარმოვაჩინო და "ოცნება" კი ფრთიან ანგელოზად, უბრალოდ, ვამბობ, - რასაც აკეთებ შენ, იმას არ უნდა ედავებოდე სხვას. და თუ ასეა, ეს ნიშნავს, რომ საკითხები პოლიტიკური კუთვნილების საფუძველზე წყდება მხოლოდ და მაშინ ხალხს რატომღა მოუწოდებთ მხარი დაგვიჭირეთო?
როდესაც ამბობთ, რატომ აშენებთ, რატომ აკეთებთ, რატომ ანათებთ სადღესასწაულოდ, საერთოდ რატომ სუნთქავთ თავისუფლად, რადგან ვიღაცას უჭირს, ეს პოპულიზმის გარდა საბჭოთა მენტალიტეტის ბრალია. "ერთჯერადი" საცივით, არც ის სოციალურად დაუცველი დადგება ფეხზე და არც ქვეყანას ეშველება რამე.
იმის ნაცვლად, სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ როგორ ხდება უმუშევარი და სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდაჭერა განვითარებულ ქვეყნებში ხელისუფლების მხრიდან. ევროპულ ქვეყნებში შესაძლოა ხელფასი გქონდეს 1500-2000 ყოველთვიურად, მაგრამ სახელმწიფო შენ არ გავალდებულებს, საქართველოს მსგავსად, პენსიონერი დედა შენ არჩინო, მცირეწლოვანი დისშვილ-ძმისშვილები შენ არჩინო, ან სოციალურად დაუცველი შენი ოჯახის წევრი თუნდაც. ნორმალურ სახელმწიფოს გათვლილი აქვს, ვინ რატომ ვერ მუშაობს და თუნდაც მუშაობდეს ერთი წევრი, სხვებს დახმარებას არავინ უხსნის, მით უფრო ბავშვებს...
მოკლედ, სერიოზულად არის ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში გადასახედი და მოსაფიქრებელი, მაგრამ, როდესაც ერთმანეთთან დიალოგისთვის თავის არიდება ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის გაბრიყვება კიდევ დიდხანს გაგრძელდება. თანაც, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემა ხელის გულზე დევს, მისი სწორად წარმოჩენის ნაცვლად პარტიულ ტელევიზიებს და დღევანდელ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს ყველაფერი სანახაობის დონეზე დაჰყავთ. ცხადია, ეს მათ პრიორიტეტზე მიანიშნებს და ძნელია გააანალიზო სად არის სიმართლე.
ვისურვებდი, ყველა გონს მოვეგოთ და ქვეყნის ინტერესებზე დავიწყოთ ფიქრი და არა საკუთარ ჯიბეზე. აი, მაშინ მოხდება გაერთიანება. იმ ტელევიზიებს და პოლიტიკოსებს კი, რომლებიც უადგილო ადგილზე იყენებთ სიტყვა განვითარებულობას და ევროპულობას, ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ - ევროპული ღირებულებები დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა - ვიწრო-პარტიულ ინტერესებზე, სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.