"გაჩერდი ერთი, შენ რა იცი, მაგაზე იმნაძემ ტელევიზორში მასე კი არა, ასე თქვაო. წუთით პირბადე მოვიხსენი - მასე არ მითქვამს, ქალბატონო-მეთქი" - კვირის პალიტრა

"გაჩერდი ერთი, შენ რა იცი, მაგაზე იმნაძემ ტელევიზორში მასე კი არა, ასე თქვაო. წუთით პირბადე მოვიხსენი - მასე არ მითქვამს, ქალბატონო-მეთქი"

"დედაჩემი ძალიან აქტიურია "ფეისბუკზე“. 92 წლისაა და მთლად გაწაფული ვერ არის ფეიკის ამოცნობაში. ეტყობა, ჩემს ფოტოს რომ ხედავს, უხარია და შესაძლოა, ვიღაცას ეკამათოს კიდეც. ერთხელ ფეიკი გაიზიარა ჩემი ფოტოთი, მე კი ამ პოსტის ქვეშ მივწერე: "დედა, ტყუილს ნუ ავრცელებ“...

რაც უნდა საახალწლო ინტერვიუ დავგეგმოთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოადგილესთან საუბარს მაინც კოვიდსიახლეებით ვიწყებთ. "კვირის პალიტრის" სტუმარია პაატა იმნაძე.

- ამჯერად წინასაახალწლო "სიურპრიზი" "ომიკრონი" იყო...

- გამორიცხული იყო, ჩვენთანაც არ შემოეღწია. ჯერჯერობით კარგია, რომ დავიჭირეთ. ბევრ საეჭვო შემთხვევებს ვი­კვლევდით, მაგრამ აღმოვაჩინეთ ქვეყანაში შემო­სულებს შორის, რაც ნიშნავს, რომ გავრცელებას უახლოეს ერთ კვირაში არ ველით, მაგრამ ორი-სამი კვირის შემდეგ რა იქნება,­ ვეღარ გეტყვით, რადგან სწრაფად ვრცელდება. მაგალითად, მე რომ ამერიკაში­ ვიყავი,­ იქ "ომიკრონის" ერთეული­ შემთხვევები იყო დადასტურებული. 10 დღეა, რაც ჩამოვედი და მთელ ამერიკაში შემთხვევათა­ 75% უკვე "ომიკრონია". ყველა­ ქვეყანაში ასე მოხდა - გამოჩენიდან რამდენიმე კვირაში­ დომინანტი გახდა. შედარებისთვის გეტყვ­ით - "დელტა შტამი" ჩვენთან მაისის ბოლ­ოს­ გამოჩნდა და დომინანტი ივლისში გახდა, "ომიკრონი" კი რამდენიმე კვირაში ხდება დომინანტური. ვიცით, რომ ის სწრაფად ვრცელდება და გაცილებით ადვილად გადამდებია. სიმძიმით ჯერჯერობით არ გამოირჩევა. ჯერ არ გვაქვს საბაბი, ვთქვათ, რომ "დელტაზე" რთულად მიმდინარეობს. თუმცა "ომიკრონითაც" შეიძლება დამძიმდეს პაციენტი და გამოიწვიოს სიკვდილი.

- როგორც ამბობენ, ზედა სასუნთქ გზე­ბს­­ ებრძვის და ფილტვებს ნაკლებად აზიანებს.

- უფრო ადვილად შედის ზედა სასუნთქი გზების ეპითელში და უფრო ნაკლებად - ქვედა სასუნთქი გზების ეპითელში­. ჯერჯერობით ასე ჩანს, მაგრამ ეს მხოლ­ოდ კვლევის პროცესში აღმოჩენებია, საბო­ლოოდ რას გვიჩვენებს, ჯერ არ ვიცით.

- პირველ შტამზე ვამბობდით, რომ ინფიცირებულს ორი-სამი ადამიანის დაავადება შეეძლო. "დელტა" ვარიანტი 5-8 ადამიანს ასნებოვნებს. "ომიკრონის" მონაცემები როგორია?

- "ომიკრონი" 3-ჯერ მეტ ადამიანს ასნებოვნებს, ვიდრე "დელტა". თუ გვინდა­ თავი დავიცვათ, უნდა გავიკეთოთ პირბადე,­ თუ გვინდა, მძიმე მიმდინარეობას გადავურჩეთ, საჭიროა აცრა. ჰონკონგელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს­ კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით, "სინოვაკითა" და "სინოფარმით" სამი აცრა კარგად იცავს დამძიმებისგან. საიმედო ინფორმაცია გავრცელდა "ფაიზერთან" დაკავშირებითაც. კვლევების მიხედვით, "ფაიზერი" "ომიკრონით" დაინფიცირებისგან 65-75%-ით იცავს.

imnadze2-1640426266.jpg

- ორსულებში თუ დაფიქსირდა "ომიკრონის" შემთხვევები და როგორ მიმდინარეობს?

- ასეთი მონაცემები ჯერ არ გამოქვ­ე­ყნებულა, ისე კი, სამწუხაროდ, 21 ორს­ული­ გვყავს გარდაცვლილი, ძირითადად­, "დელტა"­ ვარიანტით, ერთეული შემთხვევები­ კი - წინა შტამებით.

- 2021 წელს როგორ შეაფასებთ?

- ძალიან მძიმე წელი იყო, რა თქმა უნდა. წინა წელს უფრო კონტროლირებადი იყო სიტუაცია, ახლა კი მთელი წელია, "კორონა" ბობოქრობს და 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულიდან ვაქცინები გვაქვს.

- აგვისტოში ტურისტული სეზონი რომ არ გახსნილიყო, შეიძლებოდა ასეთი ბობოქარი­ მეოთხე ტალღა თავიდან აგვერიდებინა?

- ავადობაში ტურისტების წილი 5%-საც­ არ აღწევდა - ეს აჭარის მონაცემებია,­ სადაც ყველაზე მეტი ტურისტი იყო. ჩვენ სულ გვინდა, სხვას დავაბრალოთ რაღაც, არადა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თვითონ როგორ ვიქცევით.

- პანდემიის­ დასაწყისში ყველა აღფრთ­ოვანებული­ იყო ე.წ. სამი მუშკეტერით. მაშინ მითხარით, განსაკუთრებულად არ ვრეაგირებ, რადგან ვიცი, როგორც ადვილადაც აგიტაცებენ, ისე ადვილად დაგანარცხებენო...

- მე რასაც ვამბობ, ყველაფერი ისე ხდება ხოლმე... 2020-ის გაზაფხულზე რაც ვთქვი, იმავე აზრის ვარ დღესაც. ექიმისთვის ჩვეულებრივი ამბავია პაციენტის უმადურობაც და მადლიერებაც. მადლიერებას ძალიან ვაფასებთ. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, ქუჩაში რომ ვინმე გაგაჩერებს და მადლობას გეტყვის. საბედნიეროდ, ამას ძალიან ხშირად ვხვდები. სულ რამდენიმე დღის წინ ისეთი გულაჩუყებული ვიყავი... ტელეფონის ეკრანზე დამცავი უნდა დამეკრა და ოსტატმა ფული არ გამომართვა. ამისთვის მადლობელი ვარ. ვეხვეწე, ჩათვალეთ, რომ მაჩუქეთ, მაგრამ გთხოვთ, მომსახურების საფასური გამომართვით-მეთქი, მაგრამ არ ქნა. ძალიან დასაფასებელია ადამიანების ასეთი პატივისცემა. ტაქსისტსაც წავუყ­ვ­ანივარ უფასოდ. თან ქალბატონი იყო მძღოლი.­ ეს არის ის, რაც სტიმულს გაძლევს, რომ უკეთესად გააკეთო­ შენი საქმე.

კურიოზებიც გადამხდენია. ყველაზე კომიკური სიტუაცია მაშინ შეიქმნა, როცა იმერეთის ერთ-ერთი სოფლის ამბულატორიაში ქალბატონმა მითხრა, გაჩერდი ერთი, შენ რა იცი, მაგაზე იმნაძემ ტელევიზორში მასე კი არა, ასე თქვაო. დავარღვიე წესები და წუთით პირბადე მოვიხსენი - მასე არ მითქვამს, ქალბატონო-მეთქი, ღიმილით ვუპასუხე. ყველას სიცილი აუტყდა...

- შვილიშვილებზეც მიამბეთ...

- ორი ქალიშვილი მყავს, ტყუპი. ორივეს ორ-ორი შვილი ჰყავს, ანუ ოთხი შვილიშვილი მყავს. მათგან სამი საბავშვო ბაღში დადის. ბაღში მშობლები აქტიურად გვადევნებენ თვალს - თუ მე არ გავუშვი ჩემი შვილიშვილი, ე.ი. საშიშია. ჩემი შვილიშვილები ბაღისთვის ინდიკატორებივით არიან. სამწუხაროდ, მათ პანდემიის გამო თვეში ერთხელ ძლივს ვნახულობ.

- როგორი მამა ხართ?

- ჩემი გოგონები ამბობენ, კარგიო.

- თქვენი ორსული ქალიშვილი კამერების წინ რომ აიცრა, მერე დაიწყო მითქმა-მოთქმა,­ რომ აცრის შემდეგ პაატა იმნაძის შვილს მოულოდნელად დაეწყო მშობიარობა. ასე იყო?

- როცა მოუწია მეორე აცრამ, აიცრა, მეორე აცრის მეორე დღეს კი მშობიარობა­ დაეწყო, მაგრამ ეს ნაადრევი მშობიარობა არ ყოფილა, დროულად იმშობიარა, დაგეგმილზე მხოლოდ ორი დღით ადრე, რაც ნორმალურია. ორსულებს ახლაც განსაკუთრებით მოვუწოდებ აცრისკენ. ეს იცავს არა მარტო ორსულს, არამედ ნაყოფსაც, რომელიც ანტისხეულებით იბადება.

- თუ ყოფილა შემთხვევა­, რომ ჩვილს დაბადებისთანავე დაჰყვა კოვიდი?

- კი, სამწუხაროდ.

- პანდემიაა და გვინდა-არგვინდა ნეგატიური განწყობა გვძალავს, მაგრამ რადგან ახალი წელია, ის ბედნიერი ახალი წლები გავიხსენოთ, რომლებმაც ეს დღესასწაული შეგვაყვარა. თქვენ როგორი ტრადიციები გაქვთ?

- ყოველთვის ოჯახში ვხვდები ახალ წელს. მერე რომელიმე მეგობარს ვსტუმრობდი ხოლმე, მაგრამ წელს ეს არ მოხდება.

- 2017 წელს თქვენ ხათუნა გოგელიაზე იქორწინეთ. ვიცი, რომ მასთან ტყუპებს საუკეთესო ურთიერთობა აქვთ. ახალ წელს ყველა ერთად ხვდებით?

- პანდემიის გამო სამ ოჯახად შევხვდებით, ცალ-ცალკე.

- თქვენი ერთ-ერთი კომენტარი მახსენდება­ დედათქვენის გაზიარებულ პოსტზე, სადაც წერდით, დედა, ტყუილს ნუ ავრცელებო...

- დედაჩემი ძალიან აქტიურია "ფეისბუკზე" და ხშირად სიცრუეზე არ აქვს ხოლმე სწორი რეაქცია, რაც არ არის გასაკვირი - 92 წლისაა და მთლად გაწაფული ვერ არის ფეიკის ამოცნობაში. ეტყობა, ჩემს ფოტოს რომ ხედავს, უხარია და შესაძლოა, ვიღაცას ეკამათოს კიდეც. იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც ფეიკი გაიზიარა ჩემი ფოტოთი... ძალიან კარგი დედაშვილობა გვაქვს. დედაჩემი პედაგოგია და ახლაც მარიგებს ხოლმე. ანტივაქსერები როცა მიტევენ, ნერვები არ აიშალო, დედაო, მეუბნება.

- მეკვლეს ტრადიციის გჯერათ?

- მჯერა. ფილმი "კუჩხი ბედინერი" ხომ გახსოვთ? ბროლიას როლში მეც ვყოფილვარ. ყოველ წელს დედაჩემის მეკვლე მე ვიყავი. ორი წელია, რაც ცალკე ვცხოვრობ და ჩემი ცოლი გადის ხოლმე­ გარეთ და 12 საათის შემდეგ შემოდის მეკვლედ.

- თამადობა თუ გეხერხებათ? არაპანდემიური გამოცდილებით მიპასუხეთ...

- ამბობენ, რომ ცუდი თამადა არ ვარ.

- ერთხელ ვნახე ქორწილის ფოტოები­ - ამირან გამყრელიძე იყო თენგიზ ცერცვაძის­ მეჯვარე. გამოდის, პანდემიამ კი არ დაგაახლოვათ, დიდი ხნის წინ პროფესიამ დაგამეგობრათ...

- ამირანი და თენგიზი ძველი მეგობ­რები არიან, ჯერ კიდევ ინსტიტუტიდან. მე და ამირანი ინსტიტუტში, მართალია, სხვადასხვა კურსზე ვსწავლობდით, მაგრამ სამეცნიერო საბჭოში ერთად ვიყავით და იქიდან ვმეგობრობთ. ხათუნა ზახაშვილი კი ჩემი სტუდენტი იყო.

- როგორი სტუდენტი იყო?

- ძალიან ჭკვიანი და ძალიან კარგი, თუმცა ერთხელ ლექციიდან გავაგდე.

- რატომ?

- ბევრს ლაპარაკობდა.

- მკაცრი ლექტორი ხართ?

- ამბობენ, ადრე უფრო მკაცრი იყავიო...

- როგორ 2022 წელს ველოდოთ პანდემიური თვალსაზრისით?

- წლის დასაწყისი მძიმე გვექნება, მაგრამ შესაძლოა გაზაფხულზე სიტუაცია დაწყნარდეს, თუ, ახალი მუტაცია არ გაჩნდა. "ომიკრონი" ბოლო არ იქნება, მაგრამ მგონია, რომ ზაფხულისთვის მსოფლიო პანდემიისგან გათავისუფლებას დაიწყებს. უფრო ადრე ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია ძალიან მაღალ დონეზეა, უფრო გვიან კი ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია ჩვენნაირად მიმდინარეობს. ჩემი პროგნოზით, 2022 პანდემიის დასასრულის წელი იქნება. მინდა ბედნიერი წელი ვუსურვო ჩვენს ხალხს. ნუ აყვებიან ცრუ ინფორმაციებს, გაუფრთხილდნენ თავიანთ და ახლობლების ჯანმრთელობას და დღესასწაულს რაც შეიძლება ცოტა ადამიანთან ერთად შეხვდნენ.

ეკა სალაღაია