"ამერიკა საომარ მოქმედებებს არ დაიწყებს რუსეთთან..." - რას წერს აშშ-ის სამი პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე საქართველოსა და უკრაინაზე?
ცნობილმა პოლიტოლოგმა პატრიკ ჯოზეფ ბიუკენენმა, რომელიც წლების განმავლობაში აშშ-ის სამი პრეზიდენტის (რიჩარდ ნიქსონის, ჯერალდ ფორდისა და რონალდ რეიგანის) თანაშემწედ მუშაობდა, თავის ოფიციალურ პირად ვებ-გვერდზე - Patrick Joseph Buchanan - გამოაქვეყნა სტატია სათაურით "რა ვუყოთ რუსეთის ულტიმატუმს", რომელშიც იგი მსჯელობს რუსული მხარის მოთხოვნებზე ნატოს მისამართით, დასავლეთის სავარაუდო რეაგირებაზე და იმაზეც, რა მოხდება, თუ რუსეთის მოთხოვნები იგორირებული იქნება. გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
"რუსეთის მაქსიმალისტური პრეტენზიები"
როგორც პატრიკ ბიუკენენი წერს, რუსეთის მოთხოვნები ასე ჟღერს: "გაეთრიეთ ჩვენი სახლის ზღურბლიდან", "გაეთრიეთ ეზოდანაც და თავი შორს დაიჭირეთ", "ჭიშკარი არ გააღოთ". დაახლოებით ასე შეიძლება უხეშად გადმოვცეთ ორი ხელშეკრულების დედააზრი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა გააჟღერა, უკრაინის კრიზისის მოგვარების ფასად. რუსეთის მოთხოვნები ვირტუალურ ულტიმატუმად გამოიყურება, რომელიც იმ მიზნითაა გაკეთებული, რომ ამერიკამ და ნატომ უარყონ და არ დათანხმდნენ. შესაბამისად, ამით მოსკოვისათვის იქმნება უკრაინაში შეჭრისა და მისი ნაწილის (ან მთელი ქვეყნის) ოკუპაციის საბაბი.
სტატიაში ავტორის მიერ ჩამოთვლილია რუსეთის "მაქსიმალისტური პრეტენზიები": ნატომ წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას თავის რიგებში არ მიიღებს, განსაკუთრებით კი უკრაინას, საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს; გაიტანს შემტევ იარაღს რუსეთის მეზობელი ქვეყნებიდან; გაიყვანს თავის ხომალდებს და ჯარებს რუსეთის ახლო-მახლო ტერიტორიებიდან, არ შექმნის სამხედრო ბაზებს ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში და გაიტანს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც იქ 1997 წლის შემდეგ განლაგდნენ. "1997 წელი - მნიშვნელოვანი თარიღია", - წერს პატრიკ ბიუკენენი და აღნიშნავს, რომ პოლონეთი და უნგრეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები 1999 წელს გახდნენ, ხოლო ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი და სლოვენეთი კი მხოლოდ 2004 წელს.
"რუსეთი თავისი მოთხოვნებით დასავლეთს უცხადებს, რომ კრემლს განზრახული აქვს თავისი საზღვრების ირგვლივ უსაფრთხოების ზონები შექმნას, რომლებშიც მთელი პოსტსაბჭოთა ტერიტორია შევა და შეიძლება უფრო მეტიც. ამ ზონებში აშშ-ისა და ნატოს ბაზების დისლოცირება აკრძალულია.
რა პასუხი უნდა გასცეს დასავლეთმა კრემლს?
მანამ, სანამ ხისტად იქნება უარყოფილი რუსეთის მოთხოვნები, ამერიკა უფრო ყურადღებით დააკვირდეს - ხომ არ არის მათში რაიმე ისეთი, რომლებზეც შეიძლება რაღაც კომპრომისზე წავიდეს? რამდენად შეიძლება მოინახოს საერთო შეხების წერტილები, რომელთა შედეგად უკრაინის კრიზისი განიმუხტოს?". პატრიკ ბიუკენენი ციტირებს "ამერიკელ მაღალჩინოსანს", რომელსაც თურმე უთქვამს - "ამ დოკუმენტებში არიან ისეთი პუნქტები, რომლებსაც თვითონ რუსები თვლიან წინასწარ მიუღებლად ამერიკისათვის, მაგრამ ასევე არიან პუნქტები, რომლებზეც ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ, მათზე მსჯელობა შეიძლება".
გარდა ამისა, ავტორი ისტორიულ ექსკურსს აკეთებს და მკითხველს ახსენებს, რომ ამერიკას რუსეთთან ომი არ დაუწყია, როცა მოსკოვმა 2008 წელს საქართველოს არმია "სამხრეთ ოსეთიდან" უკანდახევაზე აიძულა. ახლაც არავინ არ დაიწყებს ომს რუსეთთან უკრაინის გამო - არა მარტო აშშ, არამედ დიდი ბრიტანეთიც, რომლის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა უკვე განაცხადა, რომ ლონდონი ჯარებს უკრაინაში არ გაგზავნის, რადგანაც ეს ქვეყანა ნატოს წევრი არ არის:
"ამერიკა საომარ მოქმედებებს არ დაიწყებს რუსეთთან საქართველოსა და უკრაინის გამო. ჩვენ უკვე მოვახდინეთ ჩვენი უმოქმედობის დემონსტრირება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობის დროს, როცა ჯორჯ ბუში უმოძრაოდ იჯდა, სანამ რუსები ქართულ ჯარს "სამხრეთ ოსეთიდან" უკან ახევინებდნენ, ასევე ყირიმისა და დონბასის კრიზისის დროს 2014 წელს და ახლაც, უკრაინის 2021 წლის კრიზისთან დაკავშირებით. ასევე არ დაიწყებს დიდი ბრიტანეთიც. რატომ არ შეიძლება ეს ღიად ვთქვათ იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის შეჭრა უკრაინაში და იმ ომის დაწყება, რომელსაც კიევი აუცილებლად წააგებს? თუ უკრაინას და საქართველოს ნატო თავის რიგებში არ მიიღებს და თუ მათზე ალიანსის წესდების მე-5 პუნქტის სამხედრო გარანტიები არ გავრცელდება, რატომ არ შეიძლება ამაზე საჯაროდ განვაცხადოთ?", - ასეთი კითხვები უჩნდება ამერიკელ ანალიტიკოსს.
პატრიკ ბიუკენენი ხაზს უსვამს, რომ ცივი ომის დასრულების მომენტიდან ნატოს სამხედრო ბლოკის ტერიტორია ორჯერ გაიზარდა და რომ აშშ/ნატოს გარანტიები უკვე 28 სახელმწიფოზე ვრცელდება, რომლებიც ატლანტიკის ორივე ნაპირზე მდებარეობენ, თანაც ამ სახელმწიფოებიდან ზოგიერთები აღმოსავლეთ ევროპის ისეთ სიღრმეში არიან, სადაც მათ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის ჩრდილი ფარავს...
ამერიკელი პოლიტოლოგი საკმაოდ ექსტრავაგანტურ პროგნოზს აკეთებს: "შორს არ არის ის დღე, როცა ამერიკას მოუწევს გადახედოს და უკუაგდოს ცივი ომის დროინდელი ვალდებულებები, რომლებიც 1940-50-იან წლებშია მიღებულნი და რომელთა მიხედვით, ჩვენ ვალდებულნი ვართ ბირთვულ რუსეთს ვებრძოლოთ იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებთან და ეროვნულ უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ". პატრიკ ბიუკენენის ვარაუდით, ეს საკითხები ჟენევის სამომავლო მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს.
ნუ ვუბიძგებთ რუსეთს ჩინეთს ჩაეხვიოს
ყველა იმ დათმობაზე, რომლებზეც ჩვენ, სავარაუდოდ, წავალთ (ვთქვათ, ნატოს არგაფართოებაზე და ალიანსში უკრაინისა და საქართველოს არმიღებაზე), ჩვენ რუსეთს სამაგიერო დათმობები უნდა მოვთხოვოთ...
რუსეთ-უკრაინის ომი, რომელსაც კიევი დიდი ალბათობით წააგებს, ორივე ქვეყანას კატასტროფულ ზარალს მოუტანს.
რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული ჩინეთი გამოვა - იმიტომ, რომ ასეთი ომის ზარალიანი შედეგების გამო რუსეთს სხვა არაფერი რჩება, თუ არა ჩინეთს მიმართოს მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობისათვის. და განა აშშ-ის ინტერესებს ემსახურება მოსკოვ-პეკინს შორის მტკიცე კავშირის შექმნა?, - ამ რიტორიკული კითხვით ამთავრებს თავის სტატიას პატრიკ ბიუკენენი. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ